ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გერმანიის ბუნდესტაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის“ (IPS) გამარჯვებულები საქართველოდან

გერმანიის ბუნდესტაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის“ (IPS) გამარჯვებულები საქართველოდან
1 აგვისტო, 2019
გერმანიის ბუნდესტაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის” (IPS) 120 გამარჯვებულ სტიპენდიანტს შორის ოთხი ქართველია და ოთხივე თსუ კურსდამთავრებული. 
ბუნდესტაგის მიერ სრულად დაფინანსებული სტიპენდიის ფარგლებში თსუ კურსდამთავრებულები გერმანიის პარლამენტში გერმანიის საპარლამენტო სისტემას ეცნობიან და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ლექციებს ესწრებიან. 
 თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტი მარიამ კიკვიძე იმ ოთხ ქართველ სტიპენდიანტს შორისაა, რომელიც პარლამენტისა და კომიტეტის სხდომებს ესწრება და სამხრეთ კავკასიის სამუშაო ჯგუფში მუშაობს. მან ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ისევ თსუ-ში, თსუ-კიოლნის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა. 
“სკოლის დამთავრებისთანავე ვიცოდი, რომ თსუ-ს „ჩავწერდი“ პირველ ნომრად, რადგან სამართლის პროგრამაზე საუკეთესო ლექტორები და ასისტენტები ასწავლიდნენ. ამასთან, ბევრი ინფორმაცია მომდიოდა თსუ-ს გაცვლით პროგრამებსა და სხვადასხვა შესაძლებლობაზე, რაც, ჩემთვის, როგორც გერმანული ენის მცოდნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო”, - ამბობს მარიამი. თსუ-კიოლნის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში მან ერთი სემესტრით კიოლნის უნივერსიტეტში ისწავლა, შემდეგ გადაწყვიტა რომ ბუნდესტაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის" კონკურსში მონაწილეობა მიეღო.
“აღნიშნული პროგრამა არის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია, რაც გულისხმობს 37 ქვეყნის დაახლოებით 120 სტუდენტის მიერ გერმანიის პარლამენტში პრაქტიკის გავლას. ჩემი აზრით, გამორჩეული პროგრამაა, რადგან თითოეულ სტიპენდიატს შეუძლია ერთ-ერთ დეპუტატთან იმუშაოს და, ასე ვთქვათ, თავად მიიღოს მონაწილეობა გერმანიის საპარლამენტო საქმიანობაში. 
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რადგან გერმანიაში საპარლამენტო დემოკრატია საკმაოდ მაღალ დონეზე დგას და მსგავსი სახის გამოცდილება ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება სამომავლო საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში.
როდესაც პირველად წავედი გერმანიაში გაცვლითი სემესტრით, მაშინ აღმოვაჩინე, რომ როგორც ამ ორი ქვეყნის სამართალი, ისე თსუ-სა და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის სწავლების სისტემები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე ლექციაზე ეს ნამდვილად დავაფიქსირე და აქედან გამომდინარე, არც გამჭირვებია გამოცდების ჩაბარება. როდესაც მეკითხებოდნენ, თუ როგორი გამოცდილება მივიღე მაშინ ბერლინში, ვამბობდი, რომ ჩემთვის, მცირე განსხვავებების გარდა, ძირითადი ასპექტები მსგავსი იყო. არ მქონდა „სხვა სამყაროში“ მოხვედრის განცდაც, რაც რა თქმა უნდა, ცხოვრების სტილს არ ეხება. 
ყველაზე მთავარი კი, რაც ამ კონკურსში გამარჯვებაში დამეხმარა, იყო გერმანული ენის ცოდნა. ენის ცოდნის გარდა, საჭირო იყო გერმანული კულტურის, ისტორიისა და პოლიტიკური ცხოვრების სიღრმისეული ცოდნა. სწორედ ამ ნაწილში დამეხმარა, ჩემი აზრით, თსუ-ს ერთ-ერთი საუკეთესო სამაგისტრო პროგრამა კიოლნის უნივერსიტეტთან კოოპერაციაში. ვინაიდან, სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით გავიღრმავე ცოდნა გერმანულ სამართლებრივ და პოლიტიკურ სისტემებში, ვიკვლევდი აქტუალურ პოლიტიკურ პრობლემას და, შესაბამისად, მივიღე იმდენად სიღრმისეული ცოდნა, რომელიც შემდეგ მარტივად გამოვიყენე ჩემი მოტივაციის დასასაბუთებლად. 
თუმცა, კონკრეტულად გასაუბრების ეტაპზე, ყველაზე მეტად დამეხმარნენ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, რომლებმაც ძალიან დიდი დრო დამითმეს აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ და პოლიტიკური სისტემების სიღრმისეულად განსახილველად, რის წყალობითაც, გასაუბრების რამდენიმე კითხვას დამაჯერებლად ვუპასუხე”, - იხსენებს მარიამი. 
„საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის” (IPS) ერთ-ერთი მთავარი მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესები. მარიამი ჩვენთან საუბრისას გერმანიის პარლამენტში მისი ერთი სამუშაო დღის შესახებ გვიყვება. 
"ვცხოვრობთ ბერლინში, პროგრამის თითქმის ყველა მონაწილეს ერთ საცხოვრებელში აქვს ბინა და ამიტომ, ყოველთვის რაღაცას ვაკეთებთ ერთად. ყოველდღიურად, დილის 9 სთ-დან საღამოს 6 სთ-მდე დეპუტატის ოფისებში ვმუშაობთ, თუმცა სასესიო კვირებში სამუშაო დრო შეიძლება გვიან ღამემდე გაგრძელდეს, რასაც შემდგომ არასასესიო კვირებით ვაბათილებთ. ოფისში მუშაობა მოიცავს როგორც სტანდარტულ საოფისე, ისე შემოქმედებით საქმიანობასაც. კერძოდ, მე პირადად ვამზადებ სხვადასხვა კომიტეტის სხდომებს, შეხვედრებსა და გამოსვლებს დეპუტატისთვის. როგორც საშინაო, ისე საგარეო შეხვედრებისთვის. ასევე, ვწერ საინტერესო თემებზე კვლევას და ვესწრები კომიტეტისა თუ პარლამენტის სხდომებს.
ვინაიდან დეპუტატებს ხშირად იწვევენ სხვადასხვა შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე, ჩემი საქმიანობაც საინტერესოდ დატვირთულია ხოლმე. მიხარია, რომ შემიძლია, თითქმის ნებისმიერ ღონისძიებას დავესწრო, სადაც დეპუტატი არის მიწვეული. ამას გარდა, ჩაწერილები ვართ ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში და შეგვიძლია, კვირაში ორ ლექციას დავესწროთ. ძალიან საინტერესო ლექციებია და მიხარია, რომ მრავალფეროვანი ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მაქვს. 
სწავლისა და მუშაობის გარდა, კვირის ბოლოს ვერთობით ხოლმე ერთად ან ცალ-ცალკე, იმის მიხედვით, ვინ რას შემოგვთავაზებს. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, გერმანიის სახელმწიფო დღესასწაულების წყალობით, ხშირად გამოგვდის გრძელი დასვენებები, რასაც სხვადასხვა ქალაქსა თუ მოგზაურობაში ვიყენებ ხოლმე”, - ამბობს მარიამი.
საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის 2020 წლის პროგრამაზე განცხადებების შეტანა უკვე დაწყებულია. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ოფიციალურ ვებ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

სხვა სტატიები »