ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ კურსდამთავრებული 4 უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამაზე

თსუ კურსდამთავრებული 4 უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამაზე
27 ივნისი, 2019
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული ნათია ბოტკოველი სოციოლინგვისტიკისა და მულტილინგვიზმის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა. პროგრამას ერთობლივად ევროპის 4 უნივერსიტეტი: ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა), იოჰანეს გუტენბერგის გუნივერსიტეტი (გერმანია), სტოკჰოლმის უნივერსიტეტი (შვედეთი) და ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი) ახორციელებს. ნათია ამ სამაგისტრო პროგრამის ისტორიაში ერთადერთი ქართველი სტუდენტია და ის უცხოელ პროფესორებთან ერთად ჰესენის მხარეში სირიელი დევნილი ქალების ენობრივი ინტეგრაციის პრობლემებს იკვლევს. 
ნათია ბაკალავრიატზე სწავლის პროცესში აქტიურად იყო ჩართული აკადემიურ ცხოვრებაში, მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, გამოაქვეყნა რამდენიმე სამეცნიერო სტატია, ყველა სემესტრში იყო სახელმწიფო სტიპენდიის მფლობელი, 2015 წელს მოიპოვა ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია და 2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების გამარჯვებული გახდა. 
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიას ჩემს კურსზე 200 სტუდენტი სწავლობდა, კონკურენციას ასევე ზრდიდნენ უფროსკურსელი სტუდენტები, რომლებიც ზოგ საგანს ჩვენთან ერთად გადიოდნენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თსუ-ში კონკურენცია არასოდეს ნელდება, არ აქვს მნიშვნელობა რომელ სემესტრში ხარ, გარშემო ყოველთვის გყავს შენზე ბეჯითი, შენზე გონიერი, შენზე გამოცდილი ახალგაზრდები, რაც უფრო მეტი შრომის და მონდომების მოტივაციას გაძლევს. პირველ სემესტრში დამოუკიდებლად ცხოვრება, ახალი ქალაქი და სხვა მრავალი გამოწვევა მქონდა, თუმცა ჩემი წარმატებულობა ჩემმა სიმტკიცემ განაპირობა. ვცდილობდი, არ მოვდუნებულიყავი და უნივერსიტეტის რიტმისთვის ფეხი ამეწყო, პირველივე სემესტრში მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო კონფერენციაში, ყველა საგანი ფრიადზე დავასრულე და სემესტრის ბოლოს სახელმწიფო სტიპენდიაც მივიღე. შემდეგ სემესტრებში აღარაფერი შეცვლილა, უბრალოდ შედეგებს ვაუმჯობესებდი, ადგილი სტიპენდიის სიის თავში დავიმკვიდრე და კონფერენციებში მონაწილეობის გარდა უკვე პუბლიკაციების გამოქვეყნებასაც მივყევი ხელი”, - ამბობს ნათია. 
მისი სამომავლო პროფესიის შესახებ მასწავლებლებს, გარშემომყოფებსა და ოჯახის წევრებს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ. 
“ზოგი ამბობდა, ლაპარაკი უყვარს და ჟურნალისტი გამოვაო, ზოგმა - ნიჭიერი ბავშვია, კარგი ექიმი დადგებოდაო, მამას იურისტად წარმოვედგინე, დედა უფრო საერთაშორისო ურთიერთობებისკენ იხრებოდა. ამ მოლოდინების ფონზე ყველასთვის წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მივიღე - ქართული ფილოლოგია, რადგან ვფიქრობდი, და ახლა უკვე დარწმუნებულიც ვარ, რომ ყველა ადამიანმა პროფესიად ის საქმე უნდა აირჩიოს, რომელიც აბედნიერებს”, - ამბობს ნათია და მისი საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების შესახებ გვიყვება. როგორც თვითონ ამბობს, სწავლის გარდა, თავისუფალი დროის გატარების ყველაზე პოპულარული საშუალება ძილია.
“საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა, დიდი ნებისყოფაც სჭირდებათ, რადგან გამკლავება უწევთ უზარმაზარ ბიუროკრატიასთან. აღარც მახსოვს რამდენი ოფიციალური წერილის დაწერა მიწევდა ყოველ დღე და მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე სემეტრი იწურება, კვლავაც უამრავი ოფიციალური დოკუმენტის მომზადება მიწევს. ამ თვალსაზრისით, თსუ უფრო შეკრული მექანიზმია, მით უმეტეს, ევროპული გამოცდილების შემდეგ დედა-უნივერსიტეტის დეპარტამენტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებს ვერაფრით დავემდურები.
ძალიან უცნაური იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ აქ ყველა სწავლობს. ვიცნობ სტუდენტებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, რათა წარმატებას მიაღწიონ და ასეთი სტუდენტები უნივერსიტეტში აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ, შესაბამისად, სტანდარტი მაღალია. აქ დაბალი ნიშნის მიღება, როგორც წესი, მეტყველებს იმაზე, რომ გაკლია გამოცდილება და არა - სიბეჯითე. სწავლების ამგვარი ტემპი ბევრ მსხვერპლს მოითხოვს, პირველი მხვერპლი სოციალურობაა. სტუდენტები იმდენად ფოკუსირებული არიან სწავლაზე და პროცესი იმდენად დამღლელია, რომ როგორც წესი, თავისუფალი დროის გატარების ყველაზე პოპულარული საშუალება არც მეტი, არც ნაკლები, ძილია. 
ძირითადი საგნების გარდა, გვაქვს ენის კლასებიც, რომლებიც ჩემნაირი ,,იღბლიანებისთვის” დილის 7-ის ნახევარზე იწყება. ყველაზე რთული ზუსტად ეს დღეებია, სულ უძინარი და დაძაბული ვარ, რადგან ათ წუთზე მეტი დაგვიანება კლასის გაცდენას ნიშნავს, კლასის ორჯერ გაცდენა კი - საგანში ჩაჭრას. ენის კლასების შემდეგ ერთსაათიან შუალედს, როგორც წესი, ბიბლიოთეკაში ვატარებ ან კურსელებს ვხვდები ჯგუფურ პროექტებზე სამსჯელოდ. შემდეგ ისევ ლექციები იწყება და საღამოს ხუთამდე გრძელდება.
გარდა პროფესიონალი მასწავლებლებისა, ძალიან მომწონს სწავლების მეთოდებიც, არავინ ითხოვს თეორიების დაზეპირებას, არც სტანდარტული გამოცდები გვაქვს, ვამზადებთ წერით დავალებებს ყველა სემინარისთვის, რაც აუმჯობესებს ჩვენი სამეცნიერო აკადემიური წერის უნარებს. ყველა საგანში კვირაში ექვსი განსხვავებული ნაშრომის შესრულება გვიწევს. დავალება შეიძლება იყოს რეცენზიის მომზადება ახლადგამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიისთვის, სქოლიოს შედგენა, ნაშრომის მეთოდოლოგიის განხილვა, სტატიების კრიტიკული დისკურს-ანალიზი და ასე შემდეგ. ევროპაში ძალიან პოპულარულია ჯგუფური დავალებები, ამჟამად, ჩემი ჯგუფის წევრებთან ერთად ვმუშაობ სოციოლინგვისტური კითხვარის შედგენაზე, რომლის საშუალებითაც სირიელი დევნილი ქალების ენობრივი ინტეგრაციის პრობლემებს გამოვიკვლევთ ჰესენის მხარეში”, - ამბობს ნათია.
როგორც გვიყვება უნივერსიტეტში აკადემიურ ცხოვრებაში ჩართულობა ნორმაა, იხსენებს თბილისში ცხოვრების პირველ წლებში ლექციებზე აქტიურობასთან დაკავშირებით კურსელების რეპლიკებს.
“კარგ ტონად არ ითვლებოდა აქტიურობა. არაერთხელ უკითხავთ ჩემთვის ,,ნეტა, არ გეზარება?” ,,მოცლილი ხარ?” ევროპაში ამ მხრივ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებაა, აქ ნორმაა უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ჩართულობა და ლექტორებიც მზად არიან თავიანთი დრო და ენერგია ამ კუთხით დახარჯონ: წაიკითხონ საკონფერენციო თეზისები, დაგინიშნონ კონსულტაციები, გიშუამდგომლონ საერთაშორისო ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოსაქვეყნებლად.
რადგან ლექტორები ვახსენე, თსუ-ს პროფესორებზეც ვიტყვი, ამ შემთხვევაში ძალიან რთულია განაზოგადო, რადგან მყავდნენ ლექტორებიც, რომელთათვის უნივერსიტეტი მხოლოდ სამსახური, მოვალეობა ან ხელფასი იყო. ვფიქრობ, ჩვენს უნივერსიტეტს, მათ შორის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს, რომელიც ყველაზე ახლობელია ჩემთვის, ახალი ძალა, ახალი ,,სისხლი” სჭირდება, როგორმე უნდა შეველიოთ პროფესია მობეზრებულ, სტუდენტების გაუნათლებლობაზე მოწუწუნე ლექტორებს და ახალგაზრდა პროფესიონალებს მივცეთ ასპარეზი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული სიამოვნებით დაუბრუნდება დედა-უნივერსიტეტს და ყველაფერს გააკეთებს მის გასაძლიერებლად”, - გვეუბნება ნათია. 
მომავალში დოქტორანტურაში სწავლას საქართველოში გეგმავს და სტუდენტებს, რომლებსაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება სურთ, რჩევებს აძლევს. 
“ნიჭიერ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს სამშობლოსა და ახლობლების მუდმივი მონატრებისთვის გაიმეტებენ და საზღვარგარეთ გადაწყვეტენ სწავლის გაგრძელებას, მხოლოდ სამი რჩევა მაქვს, რაც, ვფიქრობ, დაეხმარებათ ოცნება რეალობად აქციონ : აუცილებელია კარგად ჩამოყალიბდინ, რისი სწავლა სურთ - სწავლა რთულია, იმ პროფესიის არჩევა, რომელიც არ გაინტერესებთ, ამ სირთულეს მუდმივ დეპრესიად გქცევთ; მეორე, თუ პროგრამის აღწერაში რამე გაუგებარია, იკითხეთ - უნივერსიტეტებს ჰყავთ პროგრამების კოორდინატორი, რომლის მთავარი მოვალეობა თქვენი დაკვალიანებაა და ბოლოს, არასოდეს დანებდეთ სირთულეებს! 
დიდი სურვილი მაქვს ამ აქტიური სამაგისტრო საფეხურის შემდეგ პირდაპირ დოქტორანტურაში გავაგრძელო სწავლა, რადგან ერთწლიანი წყვეტაც კი თავის დაღს ასვამს აკადემიური ცხოვრების ხარისხსა და სტუდენტის პროდუქტიულობას. დოქტურანტურის დასრულების შემდეგ კი თავს უკვე საქართველოში ვხედავ, სადაც, ვიმედოვნებ, საშუალება მომეცემა ჩემი ცოდნა ჩვენს ქვეყანას მოვახმარო”, - ამბობს ნათია ბოტკოველი.

სხვა სტატიები »