ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

რუსთაველის ფონდის გამარჯვებულები თსუ-დან

რუსთაველის ფონდის გამარჯვებულები თსუ-დან
24 ივნისი, 2019
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტის გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში გამარჯვებული 21 პროექტიდან 10 პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით.
მათგან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში პირველ ადგილზე გავიდა და უმაღლესი შეფასება მიიღო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის ირაკლი ნოდიას პროექტმა „პირველი მსოფლიო ომი ქართულ ნარატიულ წყაროებში“. ირაკლი სამაგისტრო პროგრამის, „ახალი ისტორია“ II კურსის მაგისტრანტია.
“ჩვენს მიერ საკვლევად აღებული თემა, ვფიქრობთ, მუდმივად აქტუალურთა რიცხვს მიეკუთვნება. კაცობრიობის ისტორიას არაერთი სისხლისმღვრელი ომი ახსოვს. პირველი მსოფლიო ომი (1914-1918) თავისი მასშტაბითა და მონაწილეთა რაოდენობით განსაკუთრებულია მსოფლიო ისტორიაში. იგი ნამდვილ გლობალურ კატასტროფად ითვლება, რომელმაც მსოფლიოს ბედი შეცვალა. ომმა ადამიანთა ცხოვრების ყველა სფეროში ცვლილებები შეიტანა. შეიცვალა ცხოვრების სტილი. ადამიანების შეხედულებები, განწყობა, მსოფლმხედველობა და დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრა ევროპული ცივილიზაციის მომავალი. ომის დასრულებიდან 100 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ იგი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. 
 საქართველოში პირველი მსოფლიო ომის ისტორიით დაინტერესებისა და შესწავლის კუთხით გარკვეული ტრადიცია არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პროექტის მიზანია ქართული პერიოდული პრესის, სხვადასხვა მემუარული ლიტერატურის, საარქივო მასალებისა და სხვა სპეციალურ დამხმარე ლიტერატურის საფუძველზე ვაჩვენოთ ფაქტების თანმიმდევრული თხრობით როგორ შუქდებოდა პირველი მსოფლიო ომი ქართულ ისტორიოგრაფიაში. რა გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარებასა და მთლიანად საქართველოს მდგომარეობაზე. ჩვენი მოკრძალებული მიზანია, ისტორიულ მიმოქცევაში შემოვიტანოთ ახალი მასალები, რომლებიც აქამდე არ გამოყენებულა ისტორიოგრაფიაში. ამ კუთხით აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ეროვნულ არქივთან. რა თქმა უნდა, ამ მასალების უკრიტიკოდ მიღება არ შეიძლება და მათდამი ძალიან ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო, მაგრამ არც მათი მიწასთან გასწორება და განქიქება იქნება სწორი. ვფიქრობთ, რომ საჭიროა ზომიერი და ფრთხილი დამოკიდებულება. ისე, რომ დავიცვათ „ოქროს შუალედი“. კვლევის პროცესში გამოყენებული იქნება საისტორიო მეცნიერებაში დამკვიდრებული ისტორიულ-შედარებითი, წყაროების კრიტიკული შესწავლის, ანალიზის, აღწერითი და კომპლექსურ-ინტენსიური მეთოდები.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი არაერთ სასარგებლო კონკურსს აცხადებს, რომლებიც ხელს უწყობენ მკვლევართა სამეცნიერო პოტენციალისა და ზოგადად მეცნიერების პოპულარიზაციას. ერთ-ერთი მათგანია მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი, რომელიც ბევრ სხვადასხვა აქტივობასთანაა დაკავშირებული. კონკურსის პირობები საკმაოდ მრავალფეროვანია და ბევრი დოკუმენტაციის შევსება უწევს აპლიკანტს, სადაც ძალიან დეტალურად არის გაწერილი მაგისტრანტის თითოეული აქტივობა. ასე მაგალითად: კვლევის დიზაინი, მეთოდოლოგია, გეგმა-გრაფიკი, ბიუჯეტი, ინტერდისციპლინურობა და ა.შ. ეს ყველაფერი დიდ შრომასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. გარდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტისა, შეფასების კრიტერიუმი სხვა კომპონენტებსაც მოიცავს. შეიძლება ეს ყველაფერი განაპირობებდეს კონკურსში მონაწილეობისა და გამარჯვების სირთულეს. ჩვენი მოკრძალებული პროექტის გამარჯვება, ალბათ, კონკურსის პირობებისა და მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამ და თემის აქტუალურობამ განაპირობა”, - ამბობს ირაკლი.
პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და საბოლოო სახით ჯერ არ დასრულებულა. როგორც ირაკლი გვიყვება, კვლევის პროცესს ახლავს თავისი სირთულეები. მისი პროექტის განხორციელების ეტაპები და აქტივობები შედგება შვიდი ნაწილისაგან, რომელიც მოიცავს მოსამზადებელი სამუშაოებიდან დაწყებული, სამაგისტრო ნაშრომის წარდგენით დამთავრებულ ყველა აქტივობას. 
“გვაქვს მკაცრად განსაზღვრული გეგმა-გრაფიკი, რომელიც თოთოეულ თვეზე რამდენიმე აქტივობას ითვალისწინებს. პროექტის სირთულე ასევე დაკავშირებულია საარქივო დოკუმენტების მუშაობასთან, რომელიც დიდ ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს, მათი შინაარსიდან და რაოდენობიდან გამომდინარე. გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენი თემის სამეცნიერო ხელმძღვანელს, პროფესორ, ბატონ თეიმურაზ პაპასქირს, რომელიც გვეხმარება პროექტის წარმატებით განხორციელებაში. ჩვენი დიდი სურვილია მომავალშიც გავაგრძელოთ მუშაობა ამ და სხვა საკითხებზე და ისევ ვითანამშრომლოთ რუსთაველის ფონდთან, რომელიც ამის უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ. ფონდს ასევე აქვს სხვადასხვა სპეციალური საგრანტო კონკურსი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერთათვის, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისთვის და სხვ. ჩვენი სურვილია ამ საგრანტო კონკურსების ფარგლებში ისევ მივიღოთ მონაწილეობა”, - ამბობს ირაკლი ნოდია.
რუსთაველის საგრანტო ფონდის კიდევ ერთი გამარჯვებული,რომელსაც გაგაცნობთ, სალომე გეგეჭკორია „ქართველური ენათმეცნიერების“ პროგრამის (ქართველური ენები და დიალექტები) IV სემესტრის მაგისტრანტი. მისი პროექტის მიზანია ქართული და მეგრული გამოცანების თემატურ-შინაარსობრივი მონაცემთა ბაზის შექმნა. სალომე პროექტის მიზნების შესახებ გვესაუბრება და იმედოვნებს,რომ პროექტის სამომავლო შედეგებით,როგორც ჰუმანიტარული დარგის სპეციალისტები, ისე ფართო საზოგადოებაც ისარგებლებს.
“კონკურსში პროექტის გამარჯვება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, კერძოდ: პროექტის ღირებულებამ და მნიშვნელობამ, კვლევითი თემის აქტუალობამ, კვლევის სიახლემ. პროექტში დასმული საკითხი ნაკლებად არის შესწავლილი და, ამასთანავე, საინტერესოა სხვადასხვა ჰუმანიტარული დარგის პერსპექტივიდან. ვფიქრობ, რომ მის ფარგლებში შექმნილი ქართული და მეგრული გამოცანების თემატურ-შინაარსობრივი მონაცემთა ბაზა იქნება თეორიული და პრაქტიკული ღირებულების პროდუქტი, რომლითაც ისარგებლებენ ჰუმანიტარული დარგის სპეციალისტები. თემატურ-შინაარსობრივად დაჯგუფებული ქართული და მეგრული გამოცანები, სამეცნიერო საზოგადოების გარდა, ორიენტირებული იქნება ფართო საზოგადოებაზეც, რადგან ამ მასალაში ასახულია ქართველური ეთნოსის ზეპირი მეხსიერება, რომლის გაცნობა და პოპულარიზაცია არის მისი შენარჩუნების გარანტი. პროექტის შედეგებს ექნება სასწავლო დანიშნულება. იგი ხელს შეუწყობს ქართული და მეგრული გამოცანების პოპულარიზაციასა და სწავლებას. ქართულ-მეგრული გამოცანების ბაზა იქნება მუდმივად შევსებადი და განახლებადი; მას შესაძლებელია დაემატოს სხვა ქართველური ენების - სვანურისა და ლაზურის - მონაცემებიც”, - გვეუბნება სალომე. საუბრის პრცესში თავად გამოცანის მნიშვნელობისა და განსაკუთრებულობის შესახებ გვიყვება. 
“გამოცანა ფოლკლორის ერთ-ერთი ჟანრია, რომელიც საგანს ან მოვლენას პოეტურად, ნართაულად ახასიათებს, თვით ამ ობიექტის დაუსახელებლად გამოცნობის მიზნით. თავისი სპეციფიკით, მიზანდასახულებითა და გაჩენის ქრონოლოგიით გამოცანა ერთ-ერთი უძველესია ზეპირსიტყვიერების ჟანრებს შორის. თემატურად გამოცანა უმდიდრესია. მის თემას წარმოადგენს ყველაფერი, რაც ადამიანის ირგვლივ არსებობს. რამდენადაც გამოცანა უნივერსალური მოვლენაა, იგი დასტურდება ყველა ენაში. ადამიანთა მენტალური აღქმა ზოგჯერ ერთნაირად გამოიხატება თვით არამონათესავე ენებშიც, ზოგჯერ კი, პირიქით, მონათესავე ენები ერთგვარო-ბასთან ერთად ლოკალურ განსხვავებასა და თავისებურებებს გვიჩვენებს. ენობრივი თვალსაზრისით პრობლემას სწორედ საერთოსა და განსხვავებულის გამოვლენა ქმნის როგორც მონათესავე, ასევე არამონათესავე ენებში. პრობლემის გადაჭრის გზაა გამოცანების კლასიფიცირება-კვალიფიცირება და თემატურ-შინაარსობრივი იგივეობის ან განსხვავების გამოვლენა. პროექტის აქტუალობას განსაზღვრავს ისიც, რომ სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში პირველად განხორციელდება ამ ტიპის სამუშაო ორი მონათესავე ქართველური ენის - ქართულისა და მეგრულის - მასალაზე. ამგვარი მიდგომა წარმოაჩენს, ერთი მხრივ, უნივერსალურს, ხოლო, მე-ორე მხრივ, ეროვნული ენობრივი მსოფლმხედველობის მონაცემებს”, - გვეუბნება სალომე. 
სალომე იხსენებს, რომ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის კონკურსში გამარჯვება მარტივი ნამდვილად არ იყო. ერთი მხრივ, გამარჯვებას არ ელოდა, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში დიდ პასუხისმგებლობას გრძნობა. ყველაზე საინტერესო ნაწილი სწორედ გრანტის მოპოვების შემდეგ დაიწყო. პროექტის საველე სამუშაოები და ემპირიული მასალის შეგროვებას სალომესთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.
“ზოგადად, ვფიქრობ, რომ არაფერი კეთდება მარტივად, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონკურსში შენი თანატოლების საუკეთესო ნაწილს ეჯიბრები. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ერთადერთი ფონდია საქართველოში. ეს უფრო მეტად ზრდის ნებისმიერ საგრანტო კონკურსს და აძნელებს გამარჯვებას. სამაგისტრო ნაშრომების კონკურსის მეორე ეტაპზე, ტექნიკური ექსპერტიზის შემდეგ, 91 პროექტი გადავიდა; აქედან დაფინანსდა 21. ამგვარი სტატისტიკა წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს, რამდენად რთული იყო გამარჯვება.
დასაწყისში ყველაზე რთული აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღება, რომ კონკურსში მეცადა ბედი. კონკურსის წესებში გარკვევა და პროექტის შედგენაც არ იყო ადვილი; საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა საბუთების შეგროვება. ბოლომდე საკუთარ თავთან მიწევდა ჭიდილი: ერთი მხრივ, გამარჯვებას ნაკლებად ველოდი, მეორე მხრივ, გამარჯვების შემთხვევაში, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. თუმცა, საკუთარი პროფესიის სიყვარულმა, მონდომებამ, მიზანდასახულობამ და, რაც მთავარია, ჩემი პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ მაია ლომიას, თანადგომამ ეს ნაბიჯი გადამადგმევინა. ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან დიდი სტიმულის მომცემი აღმოჩნდა.
პროექტი 8-თვიანია (დაიწყო მარტში) და ჯერჯერობით არ არის დასრულებული, თუმცა ძირითადი სამუშაო შესრულებულია. საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ველზე მუშაობა და ემპირიული მასალის შეგროვება. დასრულებულია ქართულ-მეგრული გამოცანების თემატურ-შინაარსობრივი ცხრილის შედგენაც. ამჯერად ვემზადები სამაგისტრო ნაშრომის დასაცავად, რაც ფონდის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა და, შესაბამისად, პროექტის ნაწილია”, - ამბობს სალომე.
გამოცანების ჟანრობრივი შეზღუდულობა, ცუდი ამინდი და დატვირთული გრაფიკი - სალომე ამ სირთულეების მიუხედავად შუალედური შედეგებით კმაყოფილია. 
“ყველზე დიდი სირთულე ექსპედიციის განხორციელებას ახლავს, რადგან მასალის მოპოვებისას ჟანრობრივად შეზღუდული ვარ; მხოლოდ გამოცანების მცოდნე ინფორმატორები მჭირდება. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ტიპის სირთულეებს ველოდი და ჩემს ხელმძღვანელთან ერთად შევიმუშავე მათი დაძლევის გზები. ფიზიკურად დამღლელი აღმოჩნდა მცირე ინტერვალით ზედიზედ რამდენიმე ექსპედიციაში მონაწილეობაც, განსაკუთრებით ცუდი ამინდის პირობებში; თუმცა, ინფორმატორებთან ურთიერთობა, მათი თბილი დახვედრა და სურვილი, რომ დიდი დახმარება გაეწიათ ჩემთვის, სირთულეებს მავიწყებდა. პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ოქტომბერში სრულდება, თუმცა შუალედური შედეგებიც საკმაოდ შთამბეჭდავია: ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა საქართველოსა თუ უცხოეთში და კვლევის შედეგების გაცნობა სამეცნიერო საზოგადოებისთვის.
ამჟამად ძირითად ყურადღებას სამაგისტრო ნაშრომის მომზადებასა და დაცვას, შესაბამისად, პროექტის წარმატებით დასრულებას ვუთმობ. სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს თსუ-ში გავიარო „ქართველური ენათმეცნიერების“ სადოქტორო პროგრამაც, რაც, რა თქმა უნდა, მომცემს საშუალებას მსგავს კონკურსებში მივიღო მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში ფონდთან ვითანამშრომლო”, - გვეუბნება სალომე.

სხვა სტატიები »