ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ჩვენი ცოდნა მხოლოდ ჩვენი საკუთრება არაა“ თსუ სტუდენტის გზა ნორვეგიულ უნივერსიტეტამდე

„ჩვენი ცოდნა მხოლოდ ჩვენი საკუთრება არაა“ თსუ სტუდენტის გზა ნორვეგიულ უნივერსიტეტამდე
3 ივნისი, 2019
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი ჭეიშვილი ამჟამად ბერგენის (ნორვეგია) უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტია. გარდა იმისა, რომ აქტიურად არის ჩართული სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში,  ამავე დროს ყველა ღონეს ხმარობს თავისი მშობლიური უნივერსიტეტის  ინტერნაციონალიზაციისთვის.
გიორგი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც 2006 წელს ახლადგახსნილი საბაკალავრო პროგრამის _ ეთნოლოგია“ სტუდენტი გახდა. მუსიკალური ფოლკლორით და ქართული ეთნიკური კულტურით იყო გატაცებული და ამ მიმართულებით სიღმისეული კვლევა აინტერესებდა. საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ, სწავლა ისევ თსუ-ში სამაგისტრო, შემდეგ კი სადოქტორო პროგრამაზე (ანთროპოლოგია) განაგრძო. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი ყველა ეტაპზე პროფესორი ქეთევან ხუციშვილი იყო, რომლის ხელმძღვანელობით გიორგიმ  არა ერთ სამეცნიერო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა... სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარებამდე, 2014 წელს, თსუ მაგისტრანტმა გიორგი ჭეიშვილმა ბერგენის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა და ანთროპოლოგიის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.
2015 წელს  მან ბერგენის უნივერსიტეტის მიერ გამოცხდებულ სადოქტორო პროგრამის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა და ამ პერიოდიდან ბერგენში, ნორვეგიაში ცხოვრობს. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მის ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი. 
„თსუ-მ  პირდაპირი და გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ დღეს მეცნიერი და ბერგენის უნივერსიტეტის თანამშრომელი ვარ (დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დოქტორანტი ითვლება არა სტუდენტად, არამედ აკადემიური პერსონალის ნაწილად). ამ ყველაფრის წინაპირობა იყო საკმაოდ დიდი აკადემიური და საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება, რომლის შესაძლებლობაც თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტმა მომცა. ეს პატარა ინსტიტუტი ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ახერხებს იმას, რომ მისი სტუდენტები არა მხოლოდ პასიური მიმღებნი იყვნენ განათლების, არამედ აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში. ჩემი სტუდენტობის პერიოდში პირველივე სემესტრიდან გვქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება სტუდენტებსა და პროფესორებს. ჩვენი აკადემიური აქტიურობა ყოველთვის წახალისებული იყო. მოგვიანებით, როცა თავად ვმუშაობდი თსუ-ში, როგორც სემინარის ხელმძღვანელი და პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ასისტენტი, ვცდილობდი ზუსტად იგივე დამოკიდებულება მქონოდა ჩემს სტუდენტებთან. ვფიქრობ, ჩემს პროფესიულ განვითარებაში, ასევე, განსაკუთრებული როლი შეასრულა იმან, რომ ჯერ კიდევ ბაკალავრიატში სწავლის დროს სტუდენტებს საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებში მონაწილეობის საშუალება გვქონდა. ასევე, ცალკე აღნიშვნის ღირსია ის შესაძლებლობა, რომელსაც თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტი აძლევდა და აძლევს სტუდენტებს საველე მუშაობის გამოცდილების კუთხით პირველივე კურსიდან, რაც დასავლეთ ევროპის აკადემიურ სივრცეში საკმაოდ იშვიათია. შედეგად, ჩვენი სტუდენტები უმაღლესი განათლების საწყისი ეტაპიდანვე იძენენ ანთროპოლოგისათვის/ეთნოლოგისათვის აუცილებელ საბაზისო უნარებს“, _ აცხადებს გიორგი.
2011 წლიდან გიორგი ჩართული იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის მხარდაჭერით განხორცილებულ მარბურგის უნივერსიტეტისა (გერმანია) და თსუ ერთობლივ სასწავლო პროექტში: `კავკასია, კულტურა, კონფლიქტი~ (ხელმძღვანელები: ქეთევან ხუციშვილი და შტეფან ფოელი)  ჯერ როგორც მონაწილე და შემდეგ როგორც საორგანიზაციო ჯგუფის წევრი. ამ პროექტის ფარგლებში 2013 წელს გიორგი  მარბურგის უნივერსიტეტის სტაჟიორი იყო; 2013-2015 წლებში გახლდათ ღია საზოგადოების ინსტიტუტის პროგრამა `ქართი~ (CARTI)-ს სტიპენდიანტი. ზოგადად, გიორგის მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო და რეგიონულ კონფერენციაში. პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ასისტენტი უძღვებოდა სალექციო კურსებს. 2012-2014 წლებში იყო ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმის ასისტენტ-კურატორიც. 2016 წელს მან   ნორვეგიის მელცერის კვლევითი გრანტი მოიპოვა. 2015-2016 წლებში, ერთი წლის მანძილზე აწარმოებდა საველე სამუშაოებს საქართველოში (აჭარაში) და თურქეთის რესპუბლიკაში (ართვინის რეგიონში).
ბერგენის უნივერსიტეტთან თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტს ჯერ კიდევ წლების  წინ ჰქონდა თანამშრომლობის გამოცდილება, მათ შორის დევისის ცენტრისა (აშშ) და აარუსის უნივერსიტეტის (დანია) ერთობლივ პროექტში `რელიგიისა და სეკულარიზმის ანთროპოლოგიური კვლევა~ მონაწილეობის თვალსაზრისით.
2017 წელს გიორგი ჭეიშვილის ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით მომზადდა საგრანტო პროექტი, ნორვეგიულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, თსუ-ში ანთოპოლოგიის მხარდასაჭერად. პროექტის ნორვეგიის ინტერნაციონალური თანამშრომლობისა და განათლების ხარისხის ამაღლების სააგენტოს (DICU) მიერ მაღალი შეფასებისა და მხარდაჭერის შემდეგ, 2018 წლიდან  მასზე მუშაობა დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში უკვე შედგა ორი სამუშაო შეხვედრა თბილისში  და ბერგენში, თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტის პროფ. ქ. ხუციშვილმა წაიკითხა საჯარო ლექციები ბერგენის უნივერსიტეტში, ამჟამად თსუ “ანთროპოლოგიის” სადოქტორო პროგრამის ორი დოქტორანტი კი ბერგენის უნივერსიტეტში სამთვიან სტაჟირებაზე იმყოფება. 
 2019 წლის 24 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით იმუშავებს ერთობლივი საზაფხულო სკოლა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბერგენის უნივერსიტეტის და თსუ ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის მიმართულების სტუდენტები. ეს სამწლიანი პროექტი შესანიშანავ პირობებს უქმნის თსუ სტუდენტებს აკადემიური და კარიერული ზრდისთვის. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ახალი, ერთობლივი სამაგისტრო კურსის განვითარებაც, რაშიც საკმაოდ დიდია გიორგი ჭეიშვილის როლი.
გიორგი ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე, რომლის დაცვის შემდგომ საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. „ჩემი სადოქტორო ნაშრომი ეფუძნება ერთწლიან საველე ეთნოგრაფიულ კვლევას საქართველო-თურქეთის სასაზღვრო მონაკვეთში. ამ დროის უდიდესი ნაწილი გავატარე ართვინის პროვინციაში, ძირითადად ქართველებით დასახლებულ ბორჩხის რაიონში, სადაც ვცხოვრობდი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მათი ყოველდღიური ცხოვრებით. თავად ნაშრომი სწავლობს იმას, თუ როგორია საზღვრის როლი ართვინის მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაში, ასევე მათ ურთიერთობაში საქართველოს მხარეს მცხოვრებ ქართველებთან. ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით აღვწერ, თუ რა გავლენას ახდენს ფიზიკური საზღვარი სიმბოლური საზღვრების ჩამოყალიბებაზე. თუ როგორ ხდება საზღვრით გაყოფილი ტერიტორიის აღქმა თანამედროვე სახელმწიფოსა და მისი ოფიციალური ისტორიული ნარატივის კონტექსტში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ასპექტი ჩვენი გამოცდილების, რომელსაც თსუ გაუზიარებს ნორვეგიულ მხარეს ამა წლის ივლის-აგვისტოში დაგეგმილი საზაფხულო სკოლის ფარგლებში. რა თქმა უნდა, სასწავლი ჩვენც ბევრი გვაქვს ბერგენის უნივერსიტეტისგან, რომლის ანთროპოლოგიის ინტიტუტი სისტემატურად ხვდება მსოფლიოს საუკეთესო ანთროპოლოგიის ინსტიტუტთა რეიტინგში. ვფიქრობ, თსუ-ში, და კონკრეტულად, ეთნოლოგიის ინსტიტუტში მიღებული გამოცდილების გარეშე ჩემი პროფესიული განვითარება შეუძლებელი იქნებოდა“, -ამბობს გიორგი. 
მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ასაკისაა, გიორგიმ საკმაო წარმატებას მიაღწია: „ვფიქრობ წარმატების შეგრძნება მხოლოდ მაშინ მექნება, როცა საბოლოოდ ჩავაბარებ ჩემს დისერტაციას (წესით რამდენიმე თვეში) და ანთროპოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მომენიჭება. დარწმუნებით შემიძლია ერთი რამ ვთქვა, სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც დაინტერესებულია თავისი დისციპლინით, მონდომების შემთხვევაში  თავისუფლად შეუძლია  გაიკვალოს გზა დასავლური უნივერსიტეტებისაკენ. თუ რამის რჩევა შემიძლია, ისაა რომ მსგავსი გამოცდილების მიღების შემდეგ აუცილებლად მიმაჩნია საქართველოში დაბრუნება. ჩვენი ცოდნა მხოლოდ ჩვენი საკუთრება არაა. ის ასევე ეკუთვნის იმ საზოგადოებას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს განათლებას საბავშვო ბაღიდან უნივერსიტეტამდე. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ უცხოეთში მიღებული ცოდნაც ჩვენს საზოგადოებას უნდა დაუბრუნდეს. საზოგადოებას, რომელმაც შესაძლებელი გახადა ჩვენი საზღვარგარეთ სწავლა“.

სხვა სტატიები »