ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტური კონკურსი „მისია 2019“ გასული წლების გამარჯვებულები საკუთარი გამოცდილების შესახებ

თსუ სტუდენტური კონკურსი „მისია 2019“ გასული წლების გამარჯვებულები საკუთარი გამოცდილების შესახებ
3 ივნისი, 2019
თსუ სტუდენტური კონკურსი „მისია 2019“-ის პირველი ტურის შედეგები მალე გახდება ცნობილი. შემოსულ 50-მდე საპროექტო განაცხადს შორის 5 ფინალისტი უნდა გამოვლინდეს, შესარჩევი ეტაპი უკვე დაწყებულია. 
კონკურსი უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. წელს პარტნიორი კომპანიაა „ბაზის ბანკი”. საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც პარტნიორი ბრენდი გამარჯვებულ სამ გუნდზე გადაანაწილებს. 
კონკურსს კიდევ ერთი პრიზი _ ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია დაემატა და ის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა. „მისია 2019“ ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ ტურში მონაწილეებმა უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული დავალება შეასრულეს. მათ „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო ოლიმპიადის ბრენდი” შექმნეს. 
კონკურსის მეორე ეტაპზე ჟიურის მიერ შერჩეული 5 ფინალისტი გუნდი პარტნიორი ბრენდის „ბაზის ბანკის“ დავალებას მიიღებს, რომელზეც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს. ფინალური ნაშრომის შექმნის პროცესში კონკურსანტები მათთვის განკუთვნილ სემინარებსა და კონსულტაციებს დაესწრებიან, სადაც პროექტის გამართვასა და ეფექტურად განხორციელების საშუალებებს შეისწავლიან. ფინალში გასული სტუდენტები პარტნიორი კომპანიის სათაო ოფისს მოინახულებენ და ხელმძღვანელი პირების პრეზენტაციებს მოისმენენ.
სანამ ფინალისტი გუნდების ვინაობა გახდება ცნობილი, გასული წლების კონკურსების გამარჯვებულებს გაგაცნობთ. ისინი საკუთარი იდეებსა და პროექტის მიმდინარეობას იხსენებენ: 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ბარბაქაძე მარიამ წერეთელთან და იოსებ ტაბიძესთან ერთად „მისია 2018“ – ის გამარჯვებული გახდა. გუნდის მიერ შესრულებულმა დავალებამ: „დირსის ზაფხულის ქალაქი“ პირველი ადგილი დაიკავა. 
„პროექტში მონაწილეობა ჩვენი ჯგუფის დიდი სურვილი იყო. გვინდოდა საკუთარი შესაძლებლობები შეგვემოწმებინა, რამდენად გავუმკლავდებოდით დავალებას მარკეტინგსა და პიარში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ეს ჩვენი ფაკულტეტისგან საკმაოდაა დაშორებული. სურვილს განსაკუთრებით აძლიერებდა და გვხიბლავდა აღნიშნული მისიის მეორე ეტაპი, „დირსის“ დავალება, რომელიც ჩვენთვის თავდაპირველად უცნობი იყო. „მისია“ საკმაოდ რთული გახლდათ მოცემული დროის გათვალისწინებით, „დირსის“ დავალების შესრულებაზე ერთი თვე იყო გამოყოფილი. ამ დროის განმავლობაში, თსუ და `დირსი~ გვიტარებდნენ ტრენინგებს, რომლებიც ეხებოდა გუნდურად მუშაობას, დაბრკოლებების ერთობლივად გადალახვას, იდეების გადასინჯვას და სხვა მნიშვნელოვან თემებს, რაც დავალების შესრულებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. „მისია, მთელი თავისი შინაარსით, ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ თსუ-ს სხვა ფაკულტეტებიდან გავიცანით სტუდენტები, ასევე შეხება გვქონდა თსუ-ს და „დირსის“ პერსონალთანაც, ამან საკმაოდ თბილი და მეგობრული გარემო შექმნა. 
პროქტის მიმდინარეობისას ვიკრიბებოდით თსუ-ს ბიბლიოთეკაში და იქ ვაანალიზებდით ჩვენს იდეებს, ვწერდით გეგმას და ვაძლევდით პრეზენტაციას საბოლოო სახეს.
პროექტი თავისი არსით გამოწვევა იყო ყოველი ჩვენგანისთვის. რეალურად ეს იყო კავშირი სრულიად უცხო სფეროსთან, რომელიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მოგვცა მეტი ნდობა ერთმანეთის მიმართ, შეგვკრა როგორც ჯგუფი. „მისიამ“ ბევრი რამ დამანახა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემძინა ჯგუფთან ერთად მუშაობის გამოცდილება, საკუთარი იდეების პროექტის დონეზე გაცხრილვისა და ჩამოყალიბების უნარი. მიფიქრია, დავუკავშირებდი თუ არა სამომავლო გეგმებს მარკეტინგს, ვფიქრობ რომ ეს საკმაოდ საინტერესო სფეროა, სიახლეებით სავსე. ჩემთვის საინტერესო იქნებოდა ამ სფეროში მოღვაწეობა,“- ამბობს გიორგი
„მისია 2016“ _ ის გამარჯვებული თსუ კურსდამთავრებული ფიქრია ფირცხალაიშვილი იხსენებს, რომ ფინალის წინა ღამეს, გუნდის არც ერთ წევრს არ სძინებია. 
„მიუხედავად იმისა, რომ ფინალამდე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდით, გაზვიადების გარეშე გეტყვით, რომ ფინალის წინა ღამეს, გუნდის არც ერთ წევრს არ გვძინებია. საბოლოო სახე პრეზენტაციამ გამთენიისას მიიღო,“- გვიყვება ფიქრია. ის პროექტის მონაწილეებს სასარგებლო რჩევებს უზიარებს, _ `ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში არის განსხვავებული, მაგრამ სწორი აზროვნება. უნდა დაიწყოთ მიზნის დასახვით და იპოვოთ ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ორიგინალური, მოკლე და ბიუჯეტური გზა. მთავარია, ზუსტად იაზრებდეთ და გჯეროდეთ იმ მოსალოდნელი შედეგების, რომლებიც გინდათ, რომ სხვას დაანახოთ. მუშაობის პროცესში კი აუცილებელია საქმის სწორი გადანაწილება და დროის დათმობა ყველაზე სულელური იდეისთვისაც კი, რადგან ყველა ვერსიიდან შეიძლება პატარ-პატარა დეტალების ამოღება და ერთი დიდი, განსაკუთრებული იდეის შექმნა.
პროექტში მონაწილეობის მიღების პირველი მიზეზი ის იყო, რომ ვსწავლობდით ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე და საინტერესო პრაქტიკად გვეჩვენა მარკეტინგული კუთხით მუშაობა. მეორე და ძალიან მიმზიდველი მიზეზი გახდა, თავად პროექტის პოპულარობა, ადამიანები, რომლებთან ერთად მუშაობაც მოგვიწევდა ფინალში გასვლის შემთხვევაში.
ჩვენი პირველი დავალება ეხებოდა თსუ-ს წიგნების მაღაზიათა ქსელის სარეკლამო თუ სხვა სახის კამპანიას, რომელიც გაზრდიდა მაღაზიათა ქსელის ცნობადობას, გამოიწვევდა უფრო დიდ დაინტერესებას და, შესაბამისად, რეალიზაციის ზრდასაც. ამ მიზნებისთვის, პროექტში წარვადგინეთ თამაშის იდეა, გამოვიყენეთ ერთი ჩვეულებრივი თამაში, რომელიც გავაინტელექტუალურეთ და დავუკავშირეთ იმ წიგნებს, რომელთა მოძიებაც შეგვეძლო „სკრიპტა მანენტში“. თამაშები, განსაკუთრებით კი ინტელექტუალური, რა თქმა უნდა, სტუდენტურ სექტორში, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამიტომ, ვფიქრობ, არ არის გასაკვირი ამ პროექტით ფინალში მოხვედრა. 
პროექტის მიმდინარეობა განსაკუთრებით საინტერესო ფინალურ ეტაპზე გახდა. შეიცვალა სარეკლამო პროდუქტი, მაგრამ არ შეცვლილა მიზნობრივი სეგმენტი. ამ პერიოდის განმავლობაში, საბოლოო პრეზენტაციის მომზადებაში გუნდებს გვეხმარებოდა უამრავი კვალიფიციური ადამიანი, როგორც უნივერსიტეტის, ისე პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო ის ტრენინგები, რომლებიც პარალელურ რეჟიმში გვიტარდებოდა. პრეზენტაციის მზადების პროცესის ყოველი ახალი ეტაპის მიღწევის შემდეგ, კონსულტაციებს გავდიოდით სარეკლამო პროდუქტის (ჩვენს შემთხვევაში, ელ. წიგნების მაღაზია „საბა.ცომ.გე”) მენეჯერებთან. გვიწევდა უამრავი დეტალის გათვალისწინება. ყველაზე მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მხარე იყო, მაგრამ, მოგეხსენებათ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზენტაციის ვიზუალურ გაფორმებასაც,“- ამბობს ფიქრია.
პრეზენტაციის ვიზუალური გაფორმების მნიშვნელობაზე „მისია 2014“ -ის გამარჯვებული ანა ყიასაშვილიც საუბრობს. როგორც ანა იხსენებს, გუნდის წევრებთან ერთად, საკუთარი ხელით ხატავდა პრეზენტაციისთვის სლაიდებს. 
„სტუდენტობა ჩემთვის ძალების მოსინჯვის და საინტერესო საქმის ძებნის პერიოდი იყო, „მისიაში“ მონაწილეობაც სწორედ ამ აღმოჩენების ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენდა _ მინდოდა რაღაც ახალი მეცადა და მენახა, რა გამომივიდოდა. 
იმ წელს, როდესაც მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით გუნდი პროექტში მონაწილეობის მისაღებად, პარტნიორი კომპანია „სანტე“ იყო. ჩვენ ვეცადეთ კომპანიის იმიჯი და ჩვენი ინტერესები შეგვეერთებინა, რათა ჩვენი დაწერილი კამპანია მხიარული და ბუნებრივი გამოსულიყო. მოვიფიქრეთ ბევრი კონკურსი, გათამაშება და სახალისო აქტივობა სანტეს ზაფხულის კამპანიისთვის. 
პროექტის ფარგლებში საშუალება მომეცა გასაქანი მიმეცა ჩემი ფანტაზიისთვის და პარალელურად მომერგო ის რეალურად არსებული და წარმატებული კომპანიის იმიჯისთვის. საინტერესო იყო უშუალოდ პრეზენტაციისთვის მზადების პროცესი, როდესაც ჩვენი იდეების საილუსტრაციოდ ჩვენივე ხელით ვხატავდით სლაიდებს. ასევე დამამახსოვრდა „სანტეს“ ქარხანაში ვიზიტი, სადაც დაგვათვალიერებინეს წარმოების პროცესი. საერთო ჯამში ეს ყველაფერი ერთი დიდი და საინტერესო გამოცდილება იყო,“ _ ამბობს ანა.
თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.

თსუ გუნდი საქართველოს პარლამენტისა და IDFI-ის კონკურსის გამარჯვებულია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს პარლამენტისა და IDFI-ის კონკურსის „რა? სად? როდის?“ გამარჯვებული გახდა. თამაშის განმავლობაში სტუდენტებს 30 შეკითხვა დაუსვეს, რომლებიც საქართველოსა და სხვა ქვეყნების პარლამენტების შესახებ ისტორიულ ცნობებს და გამოჩენილ პარლამენტარებზე ზოგად ინფორმაციას მოიცავდა.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, იურიდიული, ჰუმანიტარული და ეკონომიკის ფაკულტეტების სტუდენტებმა ვასილ ქარსელაძემ (კაპიტანი), გიგა ჩალიგავამ, რატი ოქროპირიძემ,   თორნიკე  ჩოგოვაძემ,  ვიტალი მაჭავარინმა და   დემეტრე ქარდავამ კონკურსში მონაწილე, საქართველოში არსებული 18 უმაღლესი სასწავლებლის ნაკრებების,  100-ზე მეტ სტუდენტს  შორის ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს და  I ადგილი დაიკავეს. როგორც დემეტრე ქარდავა გვიყვება, გამარჯვებისთვის ბრძოლა თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა.
"თემატიკა მთლიანად პარლამენტარიზმის ისტორიის გარშემო (როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების) ტრიალებდა. ჩემთვის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტისთვის და სპორტული რსრ-ს მოყვარულისთვის, მსგავსი პროექტი საინტერესო აღმოჩნდა. ანალოგიურად იყვნენ სხვებიც, რომლებიც, მართალია, სხვა განხრით სწავლობენ, მაგრამ ზოგადად, ისტორიის სიყვარული და სპორტული რსრ თამაშის გამოცდილება გვაერთიანებდა ყველას. თითო უნივერსიტეტს თითო გუნდის გამოყვანა შეეძლო. 
როგორც პაკეტს უნდა ახასიათებდეს, იგი მოიცავდა როგორც მარტივ, ისე რთულ კითხვებს. თავიდან, თამაშში გუნდების ადვილად ჩასართველად მარტივი კითხვებით დაიწყო და ტურნირის მიმდინარეობისას ნელ-ნელა გართულდა. გამარჯვება არ ყოფილა ადვილი, ვინაიდან კარგად ითამაშეს კავკასიის, თავისუფალმა და სამედიცინო უნივერსიტეტებმა. მთავარი სამახსოვრო პრიზი იყო 200-ლარიანი ,,ბიბლუსის'' ვაუჩერები, რომლებიც თსუ-ს გუნდის თითოეულ მონაწილეს გადაეცა.“ - ამბობს დემეტრე.
თსუ სტუდენტები გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ და  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა დააჯილდოვეს. ინტელექტუალური თამაში ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

სხვა სტატიები »