ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

საქართველო, რომელიც უნდა აღმოაჩინო სტუდენტები იტალიიდან და ლიეტუვადან _ ქვეყნისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ

საქართველო, რომელიც უნდა აღმოაჩინო სტუდენტები იტალიიდან და ლიეტუვადან _ ქვეყნისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ
31 მაისი, 2019
იტალიელი მარიო ტროისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს. სალერნოს უნივერსიტეტსა (University of Salerno) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ბევრ საერთოს პოულობს. ამბობს, რომ ლექციები და სწავლების პროცესი ორივე უნივერსიტეტში აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. იტალიელ სტუდენტებს ხშირად ესაუბრება საქართველოსა და თბილისის შესახებ. 
„ყოველთვის მაინტერესებდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მათი კულტურა და ტრადიციები. თავისუფალ დროს ვცდილობდი ამ ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მიღებას და ჩემთვის ყველაზე საინტერესო საქართველო აღმოჩნდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის შესახებ ინფორმაცია შევაგროვე და საბუთები საქართველოში გადმოვაგზავნე. მოვემზადე საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად ასეთ საინტერესო ქვეყანაში. ყოველთვის, როდესაც საზღვარგარეთ სწავლაზე ვფიქრობდი, ვიცოდი რომ ესპანეთის, საფრანგეთის, ან გერმანიისგან განსხვავებულ ადგილზე მინდოდა მესწავლა. განსხვავებაზე როცა ვსაუბრობ, ვგულისხმობ არა მხოლოდ კულტურას, ტრადიციებს, არამედ სწავლის მეთოდებსაც. 
ჩემი საქართველოში ყოფნის პირველი ემოციები ქართველი ხალხის ადათ-წესებისადმი პატივისცემას უკავშირდება. ქართველები უმეტესწილად მეგობრულები არიან უცხოელების მიმართ, ისინი დაინტერესებული არიან ევროპული კულტურით, განსაკუთრებით იტალიითა და იტალიელებით. ისინი ცნობისმოყვარეები არიან, ხშირად სვამენ კითხვებს და ბევრი რამ იციან, როგორც იტალიის, ისე სხვა ქვეყნების შესახებ. 
თსუ-ში სტუდენტური ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია. ლექციებზე, როგორც ქართველ, ისე სხვა უცხოელ სტუდენტებთან ერთად ვარ. ისინი სტიმულს მაძლევენ, რომ ჩემი საქართველოში ყოფნის დღეები იყოს საუკეთესო, მრავლისმომცემი,როგორც ცოდნის, ისე გამოცდილების თვალსაზრისით.


სტუდენტური საცხოვრებელი
ახალ სტუდენტურ საცხოვრებელში ვცხოვრობ. ჩემთვის ყველაფერი დამაკმაყოფილებელია, ინფრასტრუქტურა ახალია და ყველაფერია, რაც საჭიროა სტუდენტებისთვის. სტუდენტურ საცხოვრებელში მეტი წილი ქართველი სტუდენტები არიან, ისინი მზად არიან მუდამ დაგეხმარონ. ქართველ სტუდენტებთან ერთად, რამდენიმე უცხოელი სტუდენტიც გავიცანი სხვადასხვა ფაკულტეტიდან. საცხოვრებელში საინტერესოა ყოფნა, ყველა განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლები ვართ, ვსაუბრობთ, გვაქვს დისკუსიები და ვუცვლით ერთმანეთს ინფორმაციას, ჩვენს ცოდნას. ერთადერთი პრობლემა, რაც არ მომწონს სტუდენტურ საცხოვრებელთან დაკავშირებით, ისაა, რომ მისი ადგილმდებარეობა ძალიანაა დაშორებული უნივერსიტეტს, დიდი დრო მეკარგება მგზავრობაში. განსაკუთრებით მაშინ, თუ საცობია. 
ჩემი ჩვეულებრივი დღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 09:30 საათზე იწყება. მაქვს ლექციები და პრაქტიკული სამუშაოები უნივერსიტეტში და სხვადასხვა საავადმყოფოში. მომწონს სწავლება და ყოველდღიურად განსხვავებულ ადამიანებთან, პროფესორებთან შეხვედრა. მათი რჩევების მოსმენა. 
ლექციები 4 საათზე მიმთავრდება, ამის შემდეგ, ვცდილობ, რომ რამდენიმე საათი დედაქალაქში გავატარო, ვსეირნობ, ვათვალიერებ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს. საღამოს, როცა სტუდენტურ საცხოვრებელში მივდივარ, მეცადინეობას ვიწყებ. მეცადინეობის შემდეგ, სტუდენტები ერთად ვვახშმობთ. როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები ტრადიციულ საჭმელს ამზადებენ. ძალიან მიყვარს საცხოვრებელში გატარებული სტუდენტური საღამოები და მგონია, რომ არც არასდროს დამავიწყდება. 
ხანდახან, შაბათ-კვირას სალაშ-ქროდ მივდივართ. ეს ჩემი საქართველოში გატარებული სტუდენტური ცხოვრების განსაკუთრებულად საყვარელი ნაწილია. ვათვალიერებთ ტბებს, მთებს და სხვადასხვა ადგილებს და იმ შესანიშნავ ლანდშაფტს, რასაც საქართველო გვთავაზობს. დარწმუნებული ვარ ერთი წელი საკმარისი არ არის, საქართველოს სრულად გასაცნობად, ამიტომ სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში, როგორც ტურისტი, ხშირად ჩამოვალ~, _ ამბობს მარიო. 


* * *
მარიო ტროისის მეგობარი ტიტას ვოძინკასი ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტია. თსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს. როგორც გვიყვება, მომავალშიც აპირებს გააგრძელოს სწავლა საქართველოში. 
„საქართველოში სწავლის გაგრძელება დიდი ხანია მინდოდა და როგორც კი გაჩნდა ეს შესაძლებლობა, მაშინვე დავიწყე მზადება. საქართველოში სწავლის სურვილი ერთმა ჩემმა მეგობარმა გამიჩინა, ის სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რამდენჯერმე იმყოფებოდა აქ,როგორც ტურისტი. ის ყოველთვის დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ საუბრობდა თქვენი ქვეყნის შესახებ და მირჩია, აუცილებლად გამეგრძელებინა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მეუბნებოდა, რომ ყველაფერი ძალიან განსხვავებულია, თუმცა არა იმდენად, რომ სირთულეები ვერ გადამელახა. მეორე მიზეზი, თუ რატომ ავირჩიე საქართველო, იყო ის რომ ვიცოდი, კომუნიკაციის პრობლემა არ მექნებოდა. მაგალითად, ინგლისურთან ერთად, ვიცი რუსულიც და საქართველოში, განსაკუთრებით ზოგიერთ ქალაქში, მაგალითად, ხაშურში, ასაკოვანი ხალხი რუსულად ლაპარაკობს. თბილისში ახალგაზრდებთან თითქმის არ მაქვს კომუნიკაციის პრობლემა. უმეტესობამ ინგლისური იცის. 
ჩემს ოჯახს თავდაპირველად ძალიან გაუკვირდა ჩემი გადაწყვეტილება საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებით. ჩვენ ქვეყანაში ახალგაზრდები ძირითადად დასავლეთ ევროპაში მიდიან სასწავლებლად, თუმცა მათ ძალიან კარგი ემოციები აქვთ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან დაკავშირებით. მათ ახსოვთ საბჭოთა კავშირი და ქართველი ხალხი, რომელიც პირველ რიგში, მეგობრობასთან და სტუმარ-მასპინძლობასთანაა დაკავშირებული.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის კვლევების მიმართულებით ვსწავლობ. სწავლების მეთოდს შორის განსხვავება თითქმის არაა, საინტერესოა, ლექტორსა და სტუდენტებს შორის ურთერთობა. ჩემს ქვეყანაში მკაცრად ვიჭერთ დისტანციას ლექტორებთნ ურთიერთობის დროს. აქ კი, ხანდახან, პროფესორთან ერთად ლექციების შემდეგ ლანჩზე გავდივართ და ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე. ხანდახან, აუდიტორიაში დაწყებულ კამათს ვაგრძელებთ.
ჩემი სტუდენტური საცხოვრებელი ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს. ირგვლივ ყველაფერი ძალიან კარგია, მომწონს გარემო, შენობა, ადმინისტრაცია, რომელიც მზად არის მუდამ დაგეხმაროს. ადმინისტრაციასთან ერთად, ქართველი სტუდენტებიც მუდმივად გვეკითხებიან უცხოელ სტუდენტებს, გვჭირდება თუ არა მათი დახმარება. მაგალითად, ოთახში შუქი არ მქონდა და ეს პრობლემა ძალიან მალე მოაგვარეს. რაც მთავარია, ყველამ მაქსიმალურად გამოთქვა დახმარების სურვილი. ზამთარში ძალიან თბილა, ისე რომ შორტებითა და მოკლემკლავიანი მაისურებით დავდიოდი და კომფორტული იყო ძალიან. თავისუფალ დროს, საცხოვრებელთან არსებულ საფეხბურთო მოედანზე ფეხბურთს ვთამაშობ, ან კალათბურთს და ფრენბურთს. ასევე ხშირად ვვარჯიშობ და ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემთვის საინტერესო ინფრასტრუქტურა. 
საცხოვრებელთან დაკავშირებული ჩემი უკმაყოფილება ძირითადად უკავშირდება მის ადგილმდებარეობას. ის ძალიან შორს არის უნივერსიტეტისგან და მათ შორის მეტროსგანაც. 


თბილისის ქუჩებში
ძალიან მომწონს თბილისის არქიტექტურა, განსაკუთრებით რუსთაველის ქუჩა. ხშირად დავდივარ ამ ქუჩაზე და ვათვალიერებ დეტალებს. ყველა ჯერზე აღფრთოვანებას იწვევს ეს შენობები და მათი ხელახალი დათვალიერების შემდეგ, ახალ დეტალებს აღმოვაჩენ ხოლმე. თბილისის მეტრო სისტემა ძალიან მარტივია და არ მიქმნის პრობლემებს. თუმცა, პრობლემები ნამდვილად მექმნება სამარშუტო ტაქსებთან დაკავშირებით, მათზე ძალიან მწირი ინფორმაციაა დატანილი. არადა, ხშირად მჭირდება ხოლმე სამარშუტო ტაქსით მგზავრობა.
თავისუფალ დროს მე და ჩემი მეგობრები საქართველოში ვმოგზაურობთ. განსაკუთრებით მომეწონა ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე, ვაშლოვანის ნაკრძალში ვიყავით ჯიპ ტურით და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ამ მოგზაურობამ ჩემზე. 
ივნისში ვბრუნდები სახლში და ძალიან მიჭირს, მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ოჯახი და მეგობრები მენატრებიან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს კიდევ ჩამოვალ საქართველოში, როგორც ტურისტი, შეიძლება საქმიანი ვიზიტითაც ჩამოვიდე, ვინ იცის. მთავარია, რომ ჩამოვალ. მე და ჩემი მეგობრები ვფიქრობდით, როგორ დაგვეხასიათებინა საქართველო, ის ნამდვილად მარგალიტია,რომელიც აუცილებლად უნდა აღმოაჩინო~, _ ამბობს ტიტასი.

სხვა სტატიები »