ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის

მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის
2 მაისი, 2019
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 70 ახალგაზრდა სკოლისშემდგომი განათლების მოსამზადებელ პროგრამას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლის. მოსამზადებელი პროგრამა 17 აპრილიდან დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. 
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იწყება. მოსამზადებელი პროგრამა მათ საშუალებას მისცემს მოემზადონ, აირჩიონ პროფესია და შემდგომში შეძლონ სრულფასოვნად ისწავლონ არჩეული პროფესიით ნებისმიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში საქართველოს ტერიტორიაზე. დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა ნახევარზე მეტი თსუ-ში გაივლის პროგრამას, მათი ნაწილი იცხოვრებს ლისის საერთო საცხოვრებელში, სადაც მშვენიერი პირობებია შექმნილი საცხოვრებლად, სასწავლად“, - აღნიშნა პროგრამის პრეზენტაციაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 
პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მრიდან მონაწილეთა სასწავლო თუ საცხოვრებელი ხარჯების სრულ უზრუნველყოფას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ნათია ზედგინიძის თქმით, „პროგრამის მიზანია აბიტურიენტების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებაში ინტეგრაცია, მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება და ყველაფერი, რაც მათ მომავალ ცხოვრებას უზრუნველყოფს.“
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ეს პროგრამა არის კიდევ ერთი კონკრეტული ნაბიჯი საქართველოს უკეთესი მომავლისკენ: „პროგრამამ, ერთი მხრივ, უნდა გაუმარტივოს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც მშობლიურ ენაზე განათლების მიღება შეზღუდული აქვთ, იმ განათლების მიღება, რომელსაც ვერ ახერხებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და, მეორე მხრივ, უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა. პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები მიიღებენ სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით.“
2019 წელს პროგრამაზე დარეგისტრირდა 142 მსურველი, საიდანაც 70-მა მოსამზადებელი კურსის გავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაწყვიტა. აბიტურიენტების უმრავლესობა - 68 აბიტურიენტი გალის, 2 კი - ახალგორის რაიონიდანაა. თსუ-ში დარეგისტრირებულებიდან 27 აბიტურიენტი, მოსამზადებელი პროგრამის განმავლობაში თსუ-ის ლისის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში იცხოვრებს.
„ძალიან მინდა ჩავაბარო მედიცინის მიმართულებაზე. 2015 წელს დავამთავრე სკოლა, სწავლა გავაგრძელე კოლეჯში. მერე დავიწყე მუშაობა კლინიკაში. სამწუხაროდ, არ მქონდა საშუალება, რომ სწავლა გამეგრძელებინა. ეს პროგრამა ჩემი მიზნის მიღწევაში დამეხმარება”, - განაცხადა ახალგაზრდამ ოკუპირებული აფხაზეთიდან. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის განსაზღვრულია სამთვიანი ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა, რომელსაც უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება განახორციელებს. „70 ახალგაზრდა სხვადასხვა საგანში გაივლის სამთვიან კურსს, ყველა მოემზადება ქართულში, და დამატებით იმ საგანში, რომელი მიმართულებითაც მათ უნდათ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. გარდა ამისა, ჩვენ მათ ვუგეგმავთ შეხვედრებს მათთვის საინტერესო პროფესორებთან, სტუდენტებთან, ვთავაზობთ სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს”,- განაცხადა თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა გია მამულაშვილმა. პროგრამის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ორ გამოცდას ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში (რომელიც სავალდებულოა პროექტში მონაწილე ყველა აბიტურიენტისთვის) და მომავალი პროფესიის მაპროფილებელ საგანში. 
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება.
სხვა სტატიები »