ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ მაგისტრანტი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ელსა) გენერალური მდივანი

თსუ მაგისტრანტი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ელსა) გენერალური მდივანი
2 მაისი, 2019
თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტი ნანა გეგია ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის გენერალური მდივანი გახდა. ნანა ერთი წლის განმავლობაში ბრიუსელში განაგრძობს ცხოვრებას, სადაც ასოციაციის მთავარი ოფისიდან კოორდინაციას გაუწევს ორგანიზაციის საქმიანობას. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ელსა) არის მსოფლიოში უდიდესი დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და არასამეწარმეო იურისტ სტუდენტთა გაერთიანება, რომელიც წარმოდგენილია ევროპის 44 სახელმწიფოს 390-მდე უნივერსიტეტში. ორგანიზაციას ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორებიცაა: UNESCO, ECOSOC, UNCITRAL, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი.
“ბევრჯერ მიფიქრია, რომ არა ელსა და თსუ, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. მგონია, რომ ჩემს არჩევაში უნივერსიტეტს უდიდესი წვლილი მიუძღვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ და შესაძლებლობებმა, მომცა იმის შანსი, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა.
დიახ, ელსას წარმომადგენლობა თსუ-ში არსებობს და მეტიც, ელსა საქართველოს ისტორია სწორედ თსუ-დან იწყება, ჩვენი დამფუძნებლები ამ უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ და ადმინისტრაციის დახმარებისა და ხელშეწყობის შედეგად 2008 წელს საქართველოში ელსას წარმომადგენლობა დაარსდა. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, გავიზარდეთ და ახლა უკვე წარმოდგენილები ვართ, არამარტო თბილისის, არამედ ბათუმისა და ქუთაისის მასშტაბით”, - ამბობს ნანა. 
2019 წლის 24-31 მარტს აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში, ასოციაციის საერთაშორისო საერთო კრება გაიმართა, რომელსაც ასოციაციის 38 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი ესწრებოდა. განიხილებოდა ასოციაციისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ამასთანავე მოხდა შემდეგი წლის გამგეობა დაკომპლექტდა.
„რა დროსაც მეც, მხვდა პატივი საერთო კრებას ავერჩიე გენერალური მდივნის პოზიციაზე,2019 წლის ივლისიდან ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება ჩემს ცხოვრებაში, პირველ რიგში, ტრადიციისამებრ, დაგეგმილია 1 თვიანი გადაბარების პერიოდი, რა დროსაც მოქმედი გამგეობა ახალ გამგეობას დეტალურ ტრენინგებს უტარებს მათი საქმიანობის გაცნობის მიზნით, ამასთანავე, ხდება ერთი წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება. გარდა ამისა, უკვე დაგეგმილია რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა პროექტის ორგანიზატორ ქვეყანაში, სადაც ადგილზე გავეცნობი მათ საქმიანობას. რაც შეეხება, გენერალური მდივნის მოვალეობებს, მისი საქმიანობა არის ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო. ამ პოზიციაზე მყოფი ადამიანი პასუხისმგებელია სრულად ასოციაციის შიდა მენეჯმენტზე, რაც მოიცავს ადამიანურ რესურსებს, კომუნიკაციას, ადმინისტრაციულ საკითხებს, „ცოდნის მენეჯმენტს“, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ტრენინგებს. 
გარდა ამისა, გენერალური მდივანი არის 8 კაციანი გამგეობის წევრი, რომელიც მთელს ასოციაციას უწევს კოორდინირებას და წარმოადგენს ელსას უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს”, - ამბობს ნანა. 
ის 2013 წლის შემოდგომაზე ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ადგილობრივ, ლოკალურ წარმომადგენლობაში, ელსას სემინარებისა და კონფერენციების სფეროში ვიცე-პრეზიდენტის აპარატის წევრი გახდა და ამ ამპლუაში სხვა წევრებთან ერთად აორგანიზებდა პროექტებს. შემდეგ იყო 2015 წელი, როცა ამ აპარატის უფროსად დაინიშნა, ხოლო 2016 წელს უკვე ელსა თბილისის გენერალურ მდივნად აირჩიეს, რაც 2017 წელს მისი,როგორც ელსა თბილისის პრეზიდენტად არჩევით დაგვირგვინდა. 
„ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებლობა მქონდა სხვადასხვა რაკურსით დამენახა ასოციაციის მუშაობა და უშუალოდ გენერალური მდივნისთვის აუცილებელი ცოდნა მიმეღო. ამ წლის დასაწყისიდანვე ელსას შიდა ორგანიზაციულ ღონისძიებებს ვესწრებოდი სხვადასხვა ქვეყნებში: საბერძნეთში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ხორვატიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ესტონეთში, რათა მაქსიმალურად მოვმზადებულიყავი კანდიდატობის ეტაპისთვის და მიმეღო რელევანტური გამოცდილება. 
შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, ვგეგმავ საკუთარი თავი მივუძღვნა ასოციაციას, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მინდა, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ელსას მოვახმარო და ყველა ვალდებულება, რომელიც ჩემი კანდიდატურის დაყენებით ვიკისრე, პირნათლად შევასრულო, შევიტანო წვლილი მის განვითარებაში და საკუთარი კვალი დავტოვო ორგანიზაციის ისტორიაში. 
6 წლის წინ, ერთი ქართველი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა ამ ორგანიზაციამ და, ვფიქრობ, მსგავსი გამოცდილების მიღება ყველა სტუდენტისთვის საინტერესო იქნება, როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული განვითარებისთვის”, - აღნიშნავს ნანა გეგია.

სხვა სტატიები »