ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სევილის წარმატების გზა განათლებისკენ - როცა წინაღობები არ გაშინებს

სევილის წარმატების გზა განათლებისკენ - როცა წინაღობები არ გაშინებს
30 აპრილი, 2019
თსუ იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა წარმოშობით აზერბაიჯანელმა სევილ ომაროვამ საკმაოდ დიდი და არც თუ მარტივი გზა განვლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსახვედრად. უმაღლესი განათლების მიღებაზე სკოლაში სწავლის პერიოდიდან მოყოლებული ფიქრობდა. თუმცა, ოცნების განხორციელებაში ხელს ბევრი ფაქტორი უშლიდა, მათ შორის ოჯახური მდგომარეობა. 
სკოლის დამთავრებიდან 10 წლის შემდეგ, სევილმა მრავალი დაბრკოლების მიუხედავად „1+4“ პროგრამა გაიარა და დიდი ხნის ოცნება აიხდინა. უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა. თუ როგორი იყო სევილის ყოფა, უმაღლესში ჩაბარებამდე ამის შესახებ ხალხმა უფრო მას შემდეგ შეიტყო, რაც თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელეხელოვნების მიმართულების პედაგოგმა ნინო გელოვანმა იგი თავის სამწუთიანი დოკუმენტური ფილმის გმირად შეარჩია. 
ჩვენც გადავწყვიტეთ უფრო მეტი გაგვეგო ახლაგაზრდა ქალზე, რომელმაც ბევრი დაბრკოლების მიუხედავად თავისი ბედის შეცვლა გადაწყვიტა. 

სევილი უნივერსიტეტამდე და უნივერსიტეტში
უმაღლესში ჩარიცხვამდე გავიარე „1+4“ პროგრამა, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ქართული ამ პროგრამით შევისწავლე. ქართული კარგად ვიცოდი, უბრალოდ ძალიან დიდი დრო, 10 წელი იყო გასული სკოლის დამთავრებიდან. ამიტომ ქართულის გრამატიკული კუთხით შეხსენება მჭირდებოდა. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ მოვხვდი სწორედ იმ, რომელშიც მინდოდა, თსუ-ში. ჩემი ოცნება თსუ-ში სწავლა იყო, რადგან ვთვლი, რომ ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სასწავლებელია. იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი უსამართლობა შემხვდა და მთელი ცხოვრება უსამართლობას ვებრძვი. მინდა უფრო მეტად ვიბრძოლო და იმ ადამიანებს დავეხმარო, ვინც ჩემნაირ სიტუაციაში აღმოჩნდება და დახმარებას ითხოვს. 
ჩემთვის სწავლა ადვილი არ არის იმ თვალსაზრისით, რომ მარტოხელა დედა ვარ, ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, რომლებსაც მარტო ვზრდი. ამავდროულად რამდენიმე სამსახურში ვმუშაობ. ზედმეტად გადატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა მაინც ვახერხებ, რომ შვილებსაც მივხედო, სამსახურსაც და სასწავლებელსაც. საგნების სწავლა არ მიჭირს, ვინაიდან უკვე 6 წელია რაც თარჯიმნად ვმუშაობ და ამ სფეროსთან მაქვს შეხება. შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად პრაქტიკებს გავდივარ. მონაწილეობას ვიღებ ნამდვილ სასამართლო პროცესებსა და საგამოძიებო მოქმედებებში. ეს ძალიან მეხმარება უნივერსიტეტში საგნების ადვილად სწავლაში.

„სკოლაშივე არსებობდა სწავლის გაგრძელების ხელისშემშლელი ფაქტორები“
ყოველთვის მინდოდა უმაღლესი განათლების მიღება. თავის დროზე ვერ მოვახერხე და იმედს ვიტოვებდი, რომ როდესმე აუცილებლად ჩავაბარებდი. იურიდიული იმიტომ ავირჩიე, რომ ბევრი უსამართლობა შემხვდა ცხოვრებაში, ამასთან, თარჯიმნად დავიწყე მუშაობა და ჩემს თავში აღმოვაჩინე იურისტი. ეს იყო სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან სკოლის პერიოდშივე ვფიქრობდი, რომ აუცილებლად გავაგრძელებდი სწავლას უმაღლეს სასწავლებელში. როგორც კი მომეცა საშუალება, მაშინვე ჩავაბარე და სანუკვარი ოცნება ავიხდინე.
სკოლაში სწავლის პერიოდშივე იყო სწავლის გაგრძელების ხელისშემშლელი ფაქტორები. ძალით იტაცებდნენ გოგოებს. ამის გამო მომიწია მეცხრე კლასიდან გამოსვლა. თუმცა, მეთერთმეტე კლასში დავუბრუნდი სკოლას. ჩავაბარე ექსტერნად გამოცდები და ავიღე ატესტატი. შემდგომ იგივე ვითარება გრძელდებოდა და ჩემს მშობლებს ჩემი სასწავლებლად გაშვება ეშინოდათ. თუმცა, მაინც გავხდი მოტაცების ინსტიტუტის მსხვერპლი, რის გამოც სწავლას ვერანაირად ვეღარ შევძლებდი. 
ბავშვობიდან მქონდა დიზაინერული ნიჭი. მართალია ამ განხრით უმაღლესი განათლების მიღების საშუალება არ მომეცა, იმდენად დავხვეწე ჩემში ეს ნიჭი, რომ ჩემით პროფესიონალურ დონეზე ვისწავლე კერვა და სამოსის დიზაინის მოფიქრება. ამ საქმეზე 10 წელი ვიმუშავე.
ამიტომ როდესაც მომეცა უმაღლესი განათლების მიღების საშუალება დიზაინერის სპციალობაზე აღარ ჩავაბარე, აღარაფერი მქონდა ამ სფეროში სასწავლი და თან უკვე იურისპრუდენცია მაინტერესებდა.

არავის მისცეთ თქვენი აზრის გამოხატვის შეზღუდვის უფლება...
ზოგადად ვთვლი, რომ განათლების მიღება აუცილებელია თითოეული ადამიანისთვის, წარმატებული მომავლისთვის, სწორი და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის და რაც მთავარია დამოუკიდებლობისთვის. 
უმაღლესში ჩაბარებით მართლაც გავხდი უფრო ინტეგრირებული, დამოუკიდებელი, მიზანდასახული, ძლიერი, უფრო თავდაჯერებული და რა თქმა უნდა, ძალიან ცუდ მდგომარეობას დავაღწიე თავი და ეს არის დასაწყისი. 
ბევრისთვის შესაძლოა რთული წარმოსადგენი იყოს, რთული იყოს ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მინდა ვუთხრა ყველა იმ ქალს, რომელიც მსგავს სიტუაციაშია შეუძლებელი არაფერია, მოინდომეთ და ყველაფერი გამოგივათ. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით, არც ერთი წამით არ მინანია რომ ჩავაბარე და ვსწავლობ, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად გადატვირთული გრაფიკი მაქვს და ძლივს ვასწრებ ყველაფერს ერთად. ხანდახან სხვადასხვა მიზეზის გამო მიწევს ხოლმე ლექციების გაცდენა, რაზეც გული მწყდება. 
ჩემს თანატოლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მსგავს სიტუაციაშია, ვურჩევ, რომ აუცილებად მიიღონ განათლება, მიაღწიონ დამოუკიდებლობას, ყოველთვის გააჩნდეთ საკუთარი აზრი და რაც მთავარია არავის არ მისცენ უფლება საკუთარი აზრის გამოხატვის შეზღუდვისა. გაიგონ საკუთარი უფლებები და არავის დაარღვევინონ საკუთარი უფლებები. ვთვლი, რომ ძალიან ბევრია მსგავს სიტუაციაში და უბრალოდ ვერ ბედავენ ნაბიჯის გადადგმას, ამიტომ ჩემი მაგალითი ბევრისთვის იქნება ბიძგი ამ ნაბიჯის გადასადგმელად. აუცილებელი არაა ესენი იყვნენ ჩემი ნაცნობები, დარწმუნებული ვარ ბევრი უცხო ადამიანისთვის კარგი მაგალითი ვიქნები.
ამ დროისთვის რამდენიმე კომპანიაში ვმუშაობ თარჯიმნად (თურქული, რუსული, აზერბაიჯანული ენების თარჯიმანი ვარ), პარალელურად ვსწავლობ უნივერსიტეტში და ვზრდი ორ მშვენიერ პრინცესას. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ, მათი უკეთესი მომავლისთვის. სწავლის დამთავრების შემდეგ ადვოკატურის გამოცდების ჩაბარებას და პროკურატურის სტაჟირების გავლას ვაპირებ. ასევე აუცილებლად სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში. ვინაიდან მიჩვეული ვარ ერთდროულად ბევრი საქმის კეთება ვიცი, რომ ამასაც შევძლებ. არაფერი მაშინებს, არანაირი დაბრკოლება. მზად ვარ ვიბრძოლო ბოლომდე.
პირველ რიგში, ნინო გელოვანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთი კარგი ფილმი მოამზადა, რომ მიპოვა, მომისმინა და მაყურებელს ამ ფილმის საშუალებით მიაწოდა ზუსტად ის, რაც რეალურად გადამხდა. ეს არ იყო წინასწარ დადგმული სცენა, ეს იყო ჩვეულებრივი საუბარი ნინო გელოვანთან. ამ ფილმის მეშვეობით მინდოდა ყველა იმ ქალისთვის მიმეწვდინა ხმა, ვინც ძალადობის მსხვერპლია: გამაგრდით, თქვენ არ ხართ მარტოები, უკან არ დაიხიოთ, თუ მე შევძელი, თქვენც შეძლებთ. მას შემდეგ, რაც ნინო გელოვანის ფილმის გმირი გავხდი ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა ეს ფილმი და იყო ბევრი ზარი, დადებითი კომენტარი, ბევრმა არც იცოდა რა მაქვს გამოვლილი. უნივერსიტეტიდანაც მოჰყვა გამოხმაურება. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს ვინც გამომეხმაურა ტკბილი სიტყვებით, სიხარულისგან ცრემლებიც კი მომადგა. მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა ვინც მამხნევებს, და სულ მეუბნება „მაგარი გოგო ხარ, ამდენი რომ შეძელი“.
ცნობისათვის, ნინო გელოვანის ფილმმა ,,სევილ” დიდ ბრიტანეთში ოფიციალური შერჩევის პირველი ეტაპი გაიარა. მეორე ეტაპი მაისის თვეში დაიწყება. ფილმი ფესტივალის ონლაინ პორტალზე-Vიმეო განთავსდება. ხმის მიცემის საფუძველზე შეირჩევა 5 საუკეთესო ფილმი, გამარჯვებული ფილმის რეჟისორს საშუალება მიეცემა გადაიღოს მოკლემეტრაჟიანი ფილმი აშშ-ში ან დიდ ბრიტანეთში.

სხვა სტატიები »