ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ესეების კონკურსის გამარჯვებული

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ესეების კონკურსის გამარჯვებული
28 მარტი, 2019

თსუ სტუდენტი ვახტანგ ნოღაიდელი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ესეების კონკურსის გამარჯვებული გახდა.

ვახტანგ ნოღაიდელის ნაშრომი „ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალურ ასპექტებს“ შეეხებოდა. იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტში სხვადასხვა უნივერსიტეტის 20 სტუდენტი მონაწილეობდა. მათგან სამი ფინალისტი გამოვლინდა, სამივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ.

კონკურსის გამარჯვებული ვახტანგ ნოღაიდელი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის მე-8 სემესტრის სტუდენტია. სწავლის პარალელურად, არის იურიდიული კომპანია ჟ&თ ჩონსულტინგ-ის სასწავლო ცენტრის მმართველი გუნდის წევრი და ამავე ცენტრის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელი. ვახტანგი ასე გვიხსნის კონკურსის თემით დაინტერესებას:

„პროექტი ეხებოდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს. კონკურსს ორგანიზებას უწევდა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით. აღნიშნული კონკურსი გასული წლის ბოლოს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამართული 16-დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში გამოცხადდა. ბუნებრივია, პროექტის მიზანი იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება.

პროექტი რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე სააპლიკაციო ფორმისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩა 20 საუკეთესო სტუდენტი, რომელთაც კვალიფიციური სპეციალისტების მეშვეობით ჩაგვიტარდა ტრენინგები ზემოაღნიშნულ საკითხებზე. შემდეგ ეტაპზე სტუდენტებს გვქონდა განსაზღვრული გარკვეული დრო, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დავწერეთ ნაშრომები. კომისიამ ნაშრომები შეაფასა და გამოავლინა 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომლებიც ვმონაწილეობდით პროექტის დასკვნით, ფინალურ ეტაპზე, სადაც უკვე მოხსენებების გაკეთების შესაძლებლობა გვქონდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტის დასკვნით ეტაპზე გასული სამივე კონკურსანტი ვიყავით თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, რაც , მართლაც, სასიხარულო იყო ჩემთვის.

პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტე სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, კერძოდ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული, ადრეც მიმიღია მონაწილეობა მსგავსი თემატიკის პროექტებში - იმიტირებულ სასამართლო პროცესებში თუ საზაფხულო სკოლებში. ამდენად, მოცემულ პროექტში მონაწილეობით მინდოდა, ჯერ ერთი, მიმეღო მეტი ინფორმაცია და გამოცდილება, რომელიც გაგვიზიარეს სპეციალისტებმა. მეორე მხრივ, ჩემი მოტივაცია იყო გამომეცადა საკუთარი თავი და შესაძლებლობები, ერთგვარად აკუმულირება მომეხდინა იმ თეორიული ცოდნისა თუ პრაქტიკული გამოცდილებისა, რომელიც მქონდა პროექტის განხორციელებამდე და პროექტის მეორე ეტაპის შემდეგ.

ჩემი ნამუშევარი შეეხებოდა ოჯახში ,,ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალურ ასპექტებს’’. ვფიქრობ, საკითხი მეტად მნიშვნელოვანი და სენსიტიურია, მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით.

ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება ოჯახში ბავშვთა აღზრდისას გამოყენებული მეთოდებისა და ამის შედეგად გამოწვეული მძიმე ემოციური შოკისა თუ ფიზიკური ტკივილების ერთობლიობა, აგრეთვე ქართული საზოგადოების ცნობიერების დონე, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშების გათვალისწინებით, საგანგაშო სურათს იძლევა.

პროექტში მონაწილეობამ შემივსო გარკვეული ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც პროექტში მოანწილეობამდე მქონდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. სპეციალისტებმა გაგვიზიარეს მათი პრაქტიკული გამოცდილება, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და, მიმაჩნია, რომ სამომავლოდ მას რელევანტურად გამოვიყენებ. სიღრმისეულად შევისწავლე ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური მხარე, რაც სასიკეთოდ გამომადგება მომავალში როგორც პროფესიული, ისე ცხოვრებისეული კუთხით. აგრეთვე, უკეთ განმივითარდა ანალიტიკური და კვლევითი უნარები, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი „ბენეფიტია” ნებისმიერი ადამიანისათვის.

მსგავსი ტიპის პროექტებში არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა და თსუ-ის სახელით მომიპოვებია არაერთი გამარჯვებაც, რაც ჩემთვის, როგორც უნივერსიტეტელისთვის, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ჩემს მეგობრებს, სტუდენტებს ვურჩევდი, რომ აქტიურად ჩაერთონ მსგავსი ტიპის პროექტებში, რადგან იგი ხელს უწყობს სტუდენტში სხვადასხვა უნარის განვითრებას, ცოდნისა და გამოცდიელების გაზრდას, რაც, საბოლოო ჯამში, პროფესიული თუ პიროვნული ზრდის საფუძველია.

 

 

სხვა სტატიები »