ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის პროექტები და მიზნები განვითარებისთვის

თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის პროექტები და მიზნები განვითარებისთვის
24 მარტი, 2019
„შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისათვის“ ფარგლებში - ამ სახელწოდების პორექტმა თსუ-ში 2019 წლის მარტში აიღო სტარტი. ინიციატივა ლექტორებისა და სტუდენტებისთვის სამეწარმეო განათლების მიცემას გულისხმობს. 
ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის, შემდგომაში კი მათ მიერ სტუდენტებისთვის ტრენინგები ჩატარდება. 
ტრენინგი, რომელიც თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მიერ მოპოვებული დაფინანსებით 5 დღის განმავლობაში უკვე გაიმართა, ესექსის უნივერსიტეტისა და „Change School“-ის წარმომადგენლები გაუძღვნენ.
სატრენინგო კურსის გავლის შემდეგ, ზემოთ ჩამოთვლილი უნივერსიტეტების თანამშრომლები თსუ-ში 3 თვის განმავლობაში „TECHART SESSIONS“ - ტრენინგების სერიას ჩაატარებენ, რომლის ფარგლებშიც 600-მდე სტუდენტი სტარტაპ ეკოსისტემასა და მის განვითარებას, ბიზნესის დაწყების წესებსა და მართვას შეისწავლის.
პროექტი დაფინანსებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის - „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისათვის“ ფარგლებში, რომლის დაფინანსებაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, University of Essex-ისა და Change School-ის კონსორციუმმა მოიპოვა.
ეს ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომშიც ჩართულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წლის შემოდგომაზე გახსნილი თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი. 
ცენტრის მიზანია, რაც შეიძლება მეტი პირი დააინტერესოს ინოვაციური საქმიანობით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში და დაეხმაროს მათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებასა და განვითარებაში. ინოვაციური იდეების სტიმულირება და მეცნიერების პოპულარიზაცია, შესაძლებლობების ძიების მექანიზმებისა და მეთოდების შემუშავება თსუ-ში და იდეების განხორციელების მხარდამჭერი მექანიზმების განვითარება ცენტრის ამოცანებია. 
როგორც ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი, ნიკა მელქაძე ამბობს, ცენტრი ტექნოლოგიებისა და გამოგონებების კომერციალიზაციას, და სოციალური პროექტების განხორციელებას უზრუნველყოფს. 
„ყველა განვითარებულ უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს კვლევითი კომპონენტი, აქვს ასევე ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრიც. ზოგგან მას სხვა სახელი აქვს, მაგალითად, ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი, ან კომერციალიზაციის ოფისი და ა.შ. მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ფუნქცია. მთავარი ფუნქცია კი არის ის, რომ უნივერსიტეტში ინოვაციური კვლევითი იდეები და გამოგონებები წახალისდეს და შემდგომ მოხდეს მათი გაყიდვა. კომერციალიზაცია შეუძლებელია, კერძო სექტორთან, სამთავრობო სტრუქტურებთან ან სხვა ერთეულებთან ურთიერთობის გარეშე. ამდენად, ცენტრს მჭიდრო კავშირი ექნება მათთან“, – ამბობს ნიკა მელქაძე.
სწორედ ამ მიზნით, ცენტრი ჩამოყალიბდა, როგორც ერთგვარი საინფორმაციო ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას ფაკულტეტებთან, ფაბ-ლაბთან, კვლევით ინსტიტუტებთან, სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან და სხვა ერთეულებთან, რითიც გააუმჯობესებს კოორდინაციას კომერციალიზაციის პროცესში მესამე მხარესთან. მაგალითად, დაეხმარება მეცნიერებს გამოგონებების რეგისტრაცია-გაყიდვაში, ინოვაციური იდეების რეალიზებაში.
ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ასევე არის თსუ ფაბლაბი, რომელიც დღეს ცენტრის სტრუქტურაში არის გაერთიანებული.
ფაბლაბი (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და ბიზნეს-ინკუბატორი) თსუ-ში შეიქმნა 2015 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით. მისი მიზანია სტუდენტების ინოვაციური იდეების გენერირება და გამოგონებების შექმნა. ფაბლაბი თსუ-ის სტუდენტებს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ და რეალობად აქციონ საკუთარი ბიზნეს იდეები, პირველი ნაბიჯები გადადგან საკუთარი Start-Up ბიზნესის დასაწყებად.
Fab Lab TSU განთავსებულია თსუ-ის მეათე (მაღლივ) კორპუსში 321-ე აუდიტორიაში.
Fab Lab TSU-ს ოფიციალური Facebook გვერდი.
Fab Lab TSU – სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ სერვისს, რომელიც მოიცავს ბიზნეს ანალიტიკოსებთან კონსულტაციებს, შეხვედრების დაგეგმვას პოტენციურ ინვესტორებთან, მუშაობას გრაფიკოსებთან და სპეციალურ ტექნიკურ პერსონალთან.
Fab Lab TSU-ში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ, ან ადგილზე შეიმუშავონ სასურველი პროდუქციის ნახაზები. შემდეგ კი უნიკალური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით უსასყიდლოდ შექმნან პროდუქტის პროტოტიპები.
Fab Lab TSU-ში წარმოდგენილია შემდეგი ძირითადი დანადგარები:
3D პრინტერები: a. uPrint 3D b. Dual Extruder;
Epilog Fusion – ლაზერული დანადგარი;
UV Printer - ულტრაიისფერი სხივით ბეჭდვა/ ლამინირებისთვის;
CNC დანადგარი;
3D სკანერი.
აღსანიშნავია, რომ თსუ-ის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და ბიზნეს ინკუბატორმა ფაბ-ლაბების მსოფლიო ასოციაციაში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და ლაბორატორიების მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა, რაც ლაბორატორიას საშუალებას აძლევს აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე Fab Lab-ებთან, მიიღოს და გაავრცელოს ინოვაციების დარგში არსებული ცოდნა და გამოცდილება.
ამ და სხვა რესურსებით, მათ შორის ისეთი პროექტებით, რომელზეც წერილის დასაწყისში ვისაუბრეთ, ცენტრი გეგმავს მეცნიერება მაქსიმალურად დააახლოვოს პრაქტიკასთან და ბიზნესთან და შეკრას ცოდნის სამკუთხედი, რაც მენიერების კომერციალიზაციას შეუწყობს ხელს.


სხვა სტატიები »