ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

სწავლა ჩინეთში - საინტერესო თავგადასავალი და გამოწვევა

სწავლა ჩინეთში - საინტერესო თავგადასავალი და გამოწვევა
26 მარტი, 2019
ლილია დავითაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ხელოვნებათმცოდნეობის (major) და შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის, სინოლოგიის (minor) მიმართულების კურსდამთავრებულია. ამჟამად ჭეძიანგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კულტურული რელიქვიებისა და მუზეუმების მიმართულების მეორე კურსის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სტიპენდიის დაფინანსებით. თავისი ჩინური ცხოვრებისა და გამოწვევების შესახებ ლილია თავად გვიყვება. 
- ჩინეთში სწავლების შესაძლებლობაზე ინფორმაცია საქართველოს განათლების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე იდება. კონკურსი წელიწადში ერთხელ ცხადდება და მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა სტუდენტს, ვინც დაინტერესებულია ჩინური კულტურით და ჩინურის შესწავლა ჩინეთის უნივერსიტეტებში სურს. სტიპენდია სხვადასხვა სახისაა: არსებობს ერთწლიანი, ენის კურსის სტიპენდია. არსებობს ასევე სამაგისტრო სტიპენდია, რითაც ახლა ვიმყოფები აქ. ჩემი პროგრამა სამწლიანია. 
მახსოვს, ქ-ნ ნანა გელაშვილის ლექციას ვესწრებოდი ჩინური კულტურის შესახებ და სწორედ მაშინ ახსენა ქ-ნ ნანამ ჩინეთში სასწავლებლად წასვლის მსურველთათვის არსებული კონკურსი. როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩინური ენის სწავლა დავიწყე, ვერც წარმოვიდგენდი, რომ არსებობს მსგავსი პროგრამები. კონკურსის არსებობა ძალიან გამიხარდა, მაგრამ თავიდან გამარჯვებაზე კი არა, მონაწილოებაზეც ვერ ვბედავდი ფიქრს. ჩინურის სწავლა იმიტომ დავიწყე, რომ გამეგო რამდენად რთული იყო იგი. უნივერსიტეტში ენის ერთი წლის განმავლობაში სწავლის შემდეგ, ლექტორების, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გამხნევების შედეგად, კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე. იგი შემდეგ ეტაპს მოიცავდა: 1) ჩინური ენის ტესტი; 2) ინგლისურ ენაზე შედენილი ტესტი ჩინეთის შესახებ; 3) გასაუბრება ჩინეთის საელჩოში ელჩთან და კონსულთან. 4) საბუთების შეგროვება და უნივერსიტეტში ჩარიცხვის თანხმობა ჩინეთის უნივერსიტეტისგან. დიდი სიხარული იყო იმის მოსმენა, რომ 2015-2016 წელს ჩინეთის ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის უნივერსიტეტში გავივლიდი ჩინური ენის ერთთვიან კურსს. მაშინ თსუ-ს მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი. საქართველოში უკვე დიდი გეგმებით დავბრუნდი. დავამთავრე უნივერსიტეტი და, ისევ იმავე კონკურსში გამარჯვებით, მოვიპოვე სამაგისტრო სტიპენდია. ვფიქრობ, ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი, რომ არა ჩემი ლექტორები, თსუ შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი, ქ-ნ ნანა გელაშვილი და ნინო ბრეგვაძე, რომელმაც მასწავლა იეროგლიფების წერა და ყოველთვის გვამხნევებდა სტუდენტებს, „ჩინური ენის სწავლა არაა რთული და ეს შესაძლებელიაო“!
2015-2016 წლებში, როდესაც ჯერ კიდევ ჩინეთში, ენის კურსზე ვსწავლობდი, გადავწყვიტე ჩინური ენის დონის სასერტიფიკაციო გამოცდაზე გავლა. ვიცოდი, რომ ჩინეთში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად, უნივერისტეტის ერთ-ერთ მოთხოვნა სწორედ ჩინურ ენის სერტიფიკატი, HSK 5 (C1) იყო. გამოცდა წარმატებით ჩავაბარე. სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად უფრო მეტი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა საჭირო. მათ შორის, კარგად უნდა გქონდეს გააზრებული, რას ნიშნავს ჩინეთში სწავლა და რამდენად ხარ ამისთვის მზად. ჩინეთი აზიური სამყაროს აკვანია, აქ განსხვავებული კულტურა, ტრადიციებია. საგანმანათლებო სისტემაც რადიკალურად განსხვავდება ქართულისგან. ამიტომ, მხოლოდ საბუთების შეგროვებაა არაა საკმარისი, მორალურადაც უნდა იყო მზად ახალი გამოწვევებისთვის და ახალი, ჩინური ცხოვრების დასაწყებად. 
როდესაც 2015 წელს ენის კურსის პროგრამებით ვაპირებდი ჩინეთში ჩამოსვლას, სწორედ მაშინ აღმოვაჩინე პირველად ქალაქი ხანგჭოუ და ჭეძიანგის უნივერსიტეტი. რადგან თავად შემეძლო არჩევა, გადავწყვიტე, ამერჩია უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა ჩინეთის მასშტაბით (ჭეძიანგის უნივერსიტეტი წლებია ჩინეთის საუკეთესო უნივერისტეტებს შორის მეოთხე ადგილს არ თმობს) და ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. მოგეხსენებათ, ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძალიან ცივი ზამთარია და ჰაერის დაბინძურებაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. ხანგჭოუ ჩინეთის სამხრეთ ნაწილში განთავსებული მარადმწვანე ქალაქია, რომელსაც ჩინელები „სამოთხეს დედამიწაზე“ უწოდებენ. ყოველწლიურად თსუ-დან რამდენიმე სტუდენტი მიემგზავრება ხოლმე ჩინეთში სასწავლებლად. 

ერთადერთი უცხოელი ჯგუფში

ახალ გარემოსთან შეგუება არ გამჭირვებია. მიყვარს სიახლეები, ახალი გარემო, ახალი მეგობრები. თან უკვე ვიცნობდი ჩინურ კულტურასა და ყოველდღიურ ცხოვრების წესებს, მზად ვიყავი მისი ნაწილი გავმხდარიყავი. სწავლის თვალსაზრისით, თავიდან სირთულეებმა იჩინა თავი. პირველად ვიყავი ჩამოსული ასეთო ხანგრძლივი დროით სასწავლებლად და თან უკვე მაგისტრი, რომელსაც ყველა ლექცია ექნებოდა ჩინურ ენაზე. ჯგუფში უცხოელი მხოლოდ მე ვარ. ლექციები ძირითადად სამ საათზე მეტ ხანს გრძელდება, რაც ჩემთვის უჩვეულო იყო. თავიდან ჯგუფელებთან კონტაქტის დამყარებაც მიჭირდა. ნელ-ნელა ყველაფერს მივეჩვიე, ლექციები უფრო საინტერესო გახდა ჩემთვის, ჯგუფელებთანაც საერთო ენა გამოვნახე. მაშინდელ პრობლემების გახსენებაზე ახლა საკუთარ თავზე მეცინება და, ვფიქრობ, ნერვიულობად არ ღირდა. ენობრივ ბარიერს რაც შეეხება, პირველად ჩინურის არც თუ ისე მაღალი ენის დონით ჩამოვედი ჩინეთში. ეს ხელს მიშლიდა დისკუსიებში მონაწილეობის მიღებაში, მაგრამ ელემენტარულ დონზე მაგალითად, პროდუქტების ყიდვისას, ენის ბარიერი დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. 
ჩინეთში მიღებული განათლება იქნება პირველი ნაბიჯი ჩემი მიზნის მისაღწევად, გავაცნო საქართველოს ჩინური კულტურა და ხელოვნება. მსურს ჩემი კარიერის დიდი ნაწილი ხელოვნებას დაეთმოს. ჩინეთში მიღებული ცოდნა ნამდვილად დიდ როლს ითამაშებს ჩემთვის როგორც სწავლის კუთხით, ასევე პიროვნული თვალსაზრისით. სტუდენტი, რომელიც საკუთარი სამშობლოდან შორს, შორეულ აღმოსავლეთში, სრულიად სხვა გარემოში სწავლობს და ცხოვრობს, აუცილებლად შეიძენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რაც აისახება მის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე. აქ სწავლის პერიოდში მრავლი პრობლემა შეგვეხება, რომელსაც მარტო უნდა გაუმკლავდე. თავიდან შეიძლება შიშმა და სტრესმა გძლიოს, თუმცა სწორედ ეს გრძნობები გაძლიერებს და შემდეგ სამშობლოში შეიძლება სრულიად სხვა, ძლიერი პიროვნება დაბრუნდე. ვფიქრობ, სწავლობდე ისეთ გარემოში, როგორიც აზიაა, ერთგვარი თავგადასავალი და გამოწვევაა საკუთარ თავთან.



ჩინური არც ისე „ჩინურად“ მოგეჩვენებათ თუკი...

თსუ-ში მიღებული ცოდნა ჩინელი სტუდენტებისა და ლექტორებისთვის ქართული ხელოვნების და კულტურის გაცნობაში მეხმარება. თსუ-ში დავაგროვე გამოცდილება, რაც საკუთარი აზრის წერილობით თუ სიტყვიერად თავისუფლად გამოთქმის საშუალებას მაძლევას. ვფიქრობ, თუ საფუძველი მყარია, შემდეგ ახლის სწავლა უკვე მარტივი და საინტერესოა.
სტუდენტებს ვურჩევდი, არ შეუშინდენ ცხოვრებისგან შემოთავაზებულ გამოწვევებს. მიიღონ კონკურსებში მონაწილეობა, გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა კულტურას. ეს პიროვნულადაც გაგზრდით და თქვენს ცხოვრებას უფრო ხალისიანს, საინტერესოს გახდის. ხოლო მათ, ვისაც ჩინური ენის სწავლა უნდა, მაგრამ მისი სწავლა შეუძლებლად მიაჩნია, გირჩევთ თავიდან ამოიგდოთ აზრი, რომ „ჩინური ზედმეტად ჩინურია“ თქვენთვის. მთავარია, ნებისყოფა და ძლიერი სურვილი. მართალია, სხვა ენებისგან განსხვავებით, ჩინურის სწავლა უფრო მეტ დროსა და მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია! ვფიქრობ, ისწავლო უცხო ენა, არ ნიშნავს მხოლოდ ისაუბრო ამ ენაზე, ესაა შეიცნო ახალი კულტურა და ტრადიციები. ამიტომ მთავარია კულტურა შეიყვარო და შემდეგ ჩინური არც ისე „ჩინურად“ მოგეჩვენებათ.

სხვა სტატიები »