ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

როგორ ჩავერთოთ Erasmus+ პროგრამაში - გამარჯვებული სტუდენტის რჩევები

როგორ ჩავერთოთ Erasmus+ პროგრამაში - გამარჯვებული სტუდენტის რჩევები
7 თებერვალი, 2019
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი ევროპის უნივერსიტეტებში ისწავლის. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ სტუდენტები თავად გაგვიზიარებენ იმ გზებს, რომელსაც ამ პროგრამაშ წარმატებისკენ მივყავართ:

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ლუკა სეფაშვილი გასულ სემესტრში გაცვლითი პროგრამით გერმანიაში იმყოფებოდა, ამ სემესტრში კი Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში პოლონეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. ლუკა საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება:

“უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია ჩაერთოს კონკურსში. პირველ რიგში, ვრეგისტრირდებით ენის ტესტირებისთვის (იქნება ეს ინგლისური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, იტალიური და ა.შ. - არჩევანი დიდია). ენის ტესტის ბარიერი არის 71 ქულა. სტუდენტს, რომელიც მიიღებს 71 ქულაზე მეტს, ეძლევა უფლება განაცხადი შეიტანოს სასურველ უნივერსიტეტში ერასმუსის პროგრამის ფარგლებში სწავლის გასაგრძელებლად, მას შემდეგ, რაც კონსულტაციას გაივლის თავისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან საგნების თავსებადობასთან დაკავშირებით.

ყოველ სემესტრში, თსუ-ის ვებგვერდსა და დეპარტამენტის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე იდება დეტალური ინფორმაცია, თუ რომელ პარტნიორ უნივერსიტეტებში ცხადდება მობილობა. ასევე დეტალურად არის ჩამოწერილი, თუ რა საბუთებია საჭირო განაცხადის გასაკეთებლად.

რეგისტრაციის შემდეგ, სტუდენტები გადიან გასაუბრებას სპეციალურად შერჩეულ კომისიასთან იმ ენაზე, რა ენაზეც მათ გაიარეს ტესტირება. სტუდენტს შეუძლია პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოს უნივერსიტეტები. გასაუბრებისას ფასდება სტუდენტის ზეპირი პრეზენტაცია, მოტივაცია, საგნების თავსებადობა. დიდი ყურადღება ექცევა სტუდენტის აკადემიურ მოსწრებასაც.

დეპარტამენტი შერჩეულ კანდიდატებს წარუდგენს პარტნიორ უნივერსიტეტებს და მათ მიერ ხდება საბოლოოდ ნომინაციების დადასტურება.

ერთი შეხედვით, თითქოს დამღლელი პროცესია. თუმცა კი, ყველას გირჩევთ, აუცილებლად მიიღოთ მონაწილეობა და არ შეგაშინოთ კონკურენციამ.

რთული ნამდვილად არის, რამდენადაც მსურველი ბევრია, ადგილები კი - ცოტა.

მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება „ბარიერს“ წარმოადგენდეს, არის უცხო ენის სათანადოდ ცოდნა. გასაუბრებაზე მოგიწევთ უცხო ენაზე საუბარი და, შესაბამისად, სათქმელის უკეთ გადმოსაცემად და კომისიისთვის თქვენი მოტივაციის ნათლად წარმოსაჩენად, სასურველია, მეტნაკლებად თავისუფლად საუბრობდეთ ამ ენაზე.

მინდა გირჩიოთ, რომ არ დაიზაროთ, არ გადადოთ შემდეგი სემესტრისთვის და თუ ნამდვილად გსურთ აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება, თვალი ადევნეთ თსუ-ის ვებ გვერდსა და საგარეო დეპარტამენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს ამ სახელწოდებით - Department of Foreign Relations at TSU“. - აღნიშნავს ლუკა.


სხვა სტატიები »