ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ კურსდამთავრებული Chevening პროგრამაში - გზა თბილისიდან ბრისტოლის უნივერსიტეტამდე

თსუ კურსდამთავრებული Chevening პროგრამაში - გზა თბილისიდან ბრისტოლის უნივერსიტეტამდე
7 თებერვალი, 2019
დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამის, Chevening-ის ერთ-ერთი პრესტიჟული სტიპენდიის გამარჯვებული თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული გვანცა სივსივაძე გახდა. გვანცა თსუ-ში სახელმწიფო მართვის და საჯარო პოლიტიკის მიმართულებაზე სწავლობდა. სტიპენდიის მიღების შემდეგ, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მართვის სამაგისტრო პროგრამაზე ბრისტოლის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. თებერვლიდან კი ბრისტოლის მერიაში, მდგრადი განვითარების გუნდში, კლიმატის ცვლილების მიმართულებით გაივლის სტაჟირებას.

Chevening-ის სტიპენდიის სქემა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ფინანსდება.

გვანცა სივსივაძე ბრისტოლში გატარებული რამდენიმე თვის შესახებ გვიამბობს:

„ვსწავლობ ბრისტოლში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მართვის სამაგისტრო პროგრამაზე ბრისტოლის უნივერსიტეტში. პროგრამა არის საინტერესო, პრაქტიკული და ინტენსიური და ძირითადად ეფუძნება ამა თუ იმ გარემოსდაცვითი საკითხის დამოუკიდებელ კვლევასა და ანალიზს. ჩემი ყოველდღიურობა კვირის განმავლობაში შემოიფარგლება ბიბლიოთეკაში დაახლოებით 8 საათიანი მეცადინეობით. კვირის ბოლოს კი ვცდილობ მეგობრების გარემოცვაში, ჭიქა cider-თან ერთად გავატარო ან მოგზაურობას დავუთმო. ჩემი ყოველდღიური რუტინა მრავალფეროვანი და საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ვსწავლობ რაიმე ახალს, ვხვდები საინტერესო ადამიანებს, ვეცნობი ჩემთვის უცხო კულტურებს, რელიგიებსა და ტრადიციებს. ვთვლი, რომ სულ რაღაც ერთი სემესტრის განმავლობაში პიროვნულად გავიზარდე, ვისწავლე დამოუკიდებელი ცხოვრება და გავიუმჯობესე ისეთი უნარები, როგორიცაა მაგალითად, დროისა და პირადი ბიუჯეტის მართვა.

ჩემს ბრიტანულ გამოცდილებას ერთი საინტერესო ყოველდღიურობა დაემატება მალე - თებერვლის დასაწყისიდან სტაჟირებას ვიწყებ ბრისტოლის მერიაში, მდგრადი განვითარების გუნდში, კლიმატის ცვლილების მიმართულებით. გამომდინარე იქედან, რომ ბრისტოლი, როგორც მწვანე და მდგრადი, წარმოადგენს სამაგალითო ქალაქს საერთაშორისო დონეზე, ბრისტოლის მერიაში გავლილი სტაჟირება დამეხმარება საქართველოში ინოვაციური იდეებით დავბრუნდე.

Chevening-ის სტიპენდია, რომელიც 1983 წელს დაარსდა, არის საუკეთესო შესაძლებლობა იმისა, რომ ისწავლო დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი წამყვანი უნივერსიტეტის ერთ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლასთან, ცხოვრებასთან და მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. წელს 17 სტიპენდიანტი გავემგზავრეთ საქართველოდან ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში.

Chevening-ის სტიპენდიანტობა ნიშნავს გახდე უზარმაზარი საერთაშორისო ქსელის წევრი, გაიცნო ახალგაზრდა ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, დაამყარო მნიშვნელოვანი სამომავლო კონტაქტები და რაც მთავარია, შეიცნო სხვა ქვეყნის კულტურა და გააზიარო საკუთარი. პროგრამის დაწყებიდან დღემდე ჯამში 48,000 სტიპენდიანტია მსოფლიოს ირგვლივ და წელს დაახლოებით 1700 სტუდენტი სწავლობს ბრიტანეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში. სტიპენდიანტებს შორის სოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით კი პროგრამის ფარგლებში მუდმივად იმართება სხვადასხვა პროფილის მქონე ღონისძიება,“ - ამბობს გვანცა.

მისი სამომავლო გეგმები საჯარო სექტორში მოღვაწეობას უკავშირდება. გვანცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მდგრადი განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს.

„გამომდინარე იქედან, რომ ჩემი სამუშაო გამოცდილება და სამომავლო გრძელვადიანი მიზნები საჯარო სექტორში მოღვაწეობას უკავშირდება, გადავწყვიტე პროფესიული უნარები აკადემიური ცოდნით გამეღრმავებინა. სამაგისტრო პროგრამების საკმაოდ ვრცელი მიმოხილვის შემდგომ არჩევანი თსუ-ზე შევაჩერე.

გადაწყვეტილება განაპირობა ჩვენი უნივერსიტეტის სწავლების ხარისხმა, მისმა პრესტიჟულობამ და ხელმისაწვდომობამ, და ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, პროგრამის აღწერილობამ და მის ფარგლებში შემავალი საგნებით დაინტერესებამ. ორწლიანი ინტენსიური სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კი, ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღირებული ცოდნა შევიძინე ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით როგორიცაა: სახელმწიფო მართვა და ადგილობრივი მმართველობა, საჯარო მენეჯმენტი და საჯარო მმართველობა, ეთიკა და ადამიანური რესურსების მართვა. პროგრამა არ იყო ფოკუსირებული მხოლოდ საქართველოს მაგალითებზე და მოიცავდა გლობალური მნიშვნელობის მქონე საკითხებისა და გამოწვევების ანალიზს ისეთი მიმართულებებით როგორიცაა გარემოს დაცვა, მშვიდობის პოლიტიკა და ა.შ. გარდა ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემმა ჯგუფელებმაც შევიძინეთ პროფესიული განვითარებისთვის ისეთი აუცილებელი უნარები, როგორიცაა არგუმენტირებული და კრიტიკული აზროვნება და საჯარო მეტყველება“, - გვიყვება გვანცა.

გვანცამ Chevening-ის სტიპენდიისთვის მომზადება 3-4 წლით ადრე დაიწყო. განაცხადის შეტანიდან 8 თვის შემდეგ აარჩიეს. ის სტიპენდიით დაინტერესებულ სტუდენტებს ურჩევს, რომ მათ ჰქონდეთ სამომავლო მოკლე თუ გრძელვადიანი მიზნების მკაფიო ხედვა, კარგი სამუშაო გამოცდილება ამ მიმართულებებით და მიზნებზე დაყრდნობით შერჩეული სამაგისტრო პროგრამები ბრიტანეთში.

„თუ ეს კავშირი ნათლადაა წარმოსახული, მაშინ სააპლიკაციო პროცესი და კონკურსის ბოლო ეტაპი, ინტერვიუ მარტივად და საინტერესოდ წარიმართება. სტიპენდიის მოსაპოვებელი სამზადისი ჩემთვის რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. ვიცოდი, რომ მჭირდებოდა საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ გამეწია ღირსეული კონკურენცია სხვა კონკურსანტებისთვის და დამსახურებულად მომეპოვებინა ეს შანსი. დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი გამომეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რომელიც გამზრდიდა როგორც პიროვნულად ისე პროფესიულად, დამემყარებინა მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირები, რაც დამეხმარებოდა კარიერულ წინსვლაში და გადამებიჯებინა საკუთარი კომფორტის ზონისთვის, რადგან მზად ვყოფილიყავი სამომავლო გამოწვევებისთვის“. - ამბობს ის.

უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში გარემოსდაცვითი მიმართულების ინტეგრირებას გვანცას სამომავლო გეგმების მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აპირებს იზრუნოს საზოგადოების ცნობიერების გაზრდაზე ეროვნული თუ გლობალური მნიშვნელობის მქონე გარემოსდაცვით გამოწვევებთან დაკავშირებით.


სხვა სტატიები »