ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ კურსდამთავრებული - პირველი ქართველი ევროპის Microsoft-ის თანამშრომელთა რიგებში

თსუ კურსდამთავრებული - პირველი ქართველი ევროპის Microsoft-ის თანამშრომელთა რიგებში
7 თებერვალი, 2019
როცა არ ექცევი ჩარჩოებში და არ გაქვს „დრესკოდი“

თსუ კურსდამთავრებული სოფო შინჯიკაშვილი პრაღაში, ევროპაში Microsoft-ის ყველაზე დიდ დეველოპერულ ცენტრში მუშაობს. იქ დასაქმებულ 48-მდე სხვადასხვა ქვეყნის ასობით თანამშრომელს შორის სოფო ერთადერთი ქართველია. მან თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა.

მომავალში ძალიან უნდა ქართული ენის ავტომატური თარგმნის სისტემის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა. თან, კადრებად წარმოიდგენს, როგორ აკეთებს ავტომატური მთარგმნელის პრეზენტაციას სოხუმში, ილია ვეკუას სახელობის საერთაშორისო კონფერენციაზე.

„პროფესიის არჩევა მისტიურად მოხდა“, - იხსენებს სოფო, - „თავიდან საერთოდ სხვა მხარეს, საერთაშორისო ურთიერთობებზე ვაპირებდი ჩაბარებას. ამ იდეით დავიწყე აბიტურიენტობაც. სასულიერო გიმნაზია დავამთავრე, სადაც მათემატიკის შესანიშნავი მასწავლებლები მყავდა. გადამწყვეტი როლი მათ შორის ერთ-ერთმა ითამაშა, რომელმაც აბიტურიენტობისას სულ სხვა თვალით დამანახა ის შესაძლებლობები, რასაც მათემატიკა გაძლევს და უკვე წლის ბოლოს ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჰუმანიტარობას ვერ შევძლებდი. მალევე, არჩევანი იმ დარგზე შევაჩერე, სადაც მათემატიკა ერწყმის კრეატივს და გაძლევს უდიდეს შესაძლებლობებს, არ გაქცევს ჩარჩოებში და არ აქვს “დრესკოდი”. უნივერსტეტზე ბევრი არც მიფიქრია. თსუ იმ ღირებულებებს შორის ერთ-ერთია, რომლებითაც ვამაყობ როგორც ქართველი და სტატუსი “თსუელი” პატივით მოვირგე“, - ამბობს სოფო.

Microsoft-მდე, როგორც იხსენებს, რთული გზა გაიარა. კონკურენცია, გათენებული ღამეები, შფოთვა - ასე იხსენებს სწავლის პერიოდს.

„არ იყო ადვილი ჩემთვის იმ ძალიან მაგარ და ნიჭიერ ბავშვებთან ერთად სწავლა, რომლებიც თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს ასე მრავლად ჰყავს. მათთან ერთად სწავლის პროცესი ორმაგად სასიამოვნოა. ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ იმ პროფესორ-მასწავლებლებსაც, რომლებიც როგორც ქართული, ასევე ფრანგული პროგრამის ფარგლებში მასწავლიდნენ. უდიდესი მადლობა მათ. მოკლედ რომ შევაფასო - სტუდენტობის წლები არ იყო მარტივი. ღელვა, შფოთვა და გათენებული ღამეები იყო უმეტესად. თუმცა, ჩემი აზრით, სწორედ ასე ხდება ყველაზე დიდი გარდატეხები,“ - გვეუბნება სოფო.

მისი აზრით, ინფორმატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები ისეთი დარგია, რომელსაც შემოქმედებით საქმიანობად უნდა აღიქვამდე და არა მხოლოდ კარგი შემოსავლის წყაროდ.

„უნდა ცდილობდე სულ თვითგანვითარებას და გაურბოდე კომფორტის ზონებს. უნდა შეიქმნა სამუშაო გარემო, სადაც ყოველი დღე გამოწვევაა, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება დიდ სირთულეს წააწყდე და შემდეგ დაიღალო გადაჭრის გზების ძიებაში. აი რომ იპოვნი, იქ დგება „ბედნიერების მომენტი“, - ამბობს სოფო.

სოფოს ერთ-ერთი „ბედნიერების მომენტი” Microsoft-ის კომპანიაში მუშაობის შემოთავაზებას უკავშირდება.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სოფო და თავისი მეგობრები თავისუფალ დროს სხვადასხვა ამოცანის ამოხსნაზე მეცადინეობდნენ. პარალელურად, რამდენიმე უცხოურ კომპანიაში განაცხადების გაკეთებაც დაიწყეს. ჰქონდათ გასაუბრებები. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, Microsoft-ის შემოთავაზებით დამთავრდა და ახალი ეტაპიც დაიწყო:

„ელექტრონული წერილი რომ მივიღე, რითაც საბოლოო გადაწყვეტილებას მატყობინებდნენ, კითხვა არ დამიწყია, უბრალოდ თვალით ვეძებდი სიტყვებს “გილოცავთ” ან “სამწუხაროდ”. “გილოცავთ” ვიპოვე. მეტი არც არაფერი წამიკითხავს იმ ეტაპზე.

Microsoft-ში შერჩევის პროცესში შედიოდა რამდენიმე გასაუბრება ინტერნეტით, ბოლო სამი კი - ოფისში, პრაღაში. ეს ძალიან შთამბეჭდავი დღე იყო ჩემთვის. მახსოვს, რამდენიმე დღით ადრე, ღამით, უკვე ვეღარ ვიძინებდი, როგორც კი ჩამეძინებოდა, მესიზმრებოდა რომელიმე ალგორითმი, რაც ჯერ არ მქონდა გარჩეული და მეღვიძებოდა, რომ დრო არ დამეკარგა. ყველა გასაუბრება უზომოდ საინტერესო იყო, სავსე ტექნიკური კითხვებითა და დავალებებით. თუმცა, მათთან ერთად იყო ისეთი კითხვებიც, რომლებსაც სწორი პასუხი არ აქვს, რომლებიც უბრალოდ გეკითხება შენს აზრს ამა თუ იმ კონცეფციასთან დაკავშირებით. ალბათ ამითაცაა Microsoft -ი გამორჩეული, რომ თითოეული თანამშრომელის აზრს აფასებს და ინდივიდუალურად ეპყრობა მათ.

მარტივი არ იყო, დიდი ენერგია და ემოცია დავხარჯე, მაგრამ რადგან მე შევძელი, სხვაც შეძლებს. აქ ორმოცამდე განსხვავებული ეროვნების ადამიანი მუშაობს და ჩემთვის დიდი პატივია ვიყო პირველი ქართველი მათ რიგებში. პრაღაში ჩემს ქმართან ერთად გადმოვედი საცხოვრებლად, ისიც ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს. ეს ქალაქი ძალიან მოგვწონს თავის დიდი კულტურული ჩარჩოებითა და უნიკალური დეტალებით. ვცდილობთ ენის სწავლასა და ადგილობრივი ცხოვრების რიტმში ჩაჯდომას,“ - სოფო მომავლის გეგმებზე გვესაუბრება და რამდენიმე რჩევას აძლევს აბიტურიენტებსა და სტუდენტებს. თან, ცნობილი ფიზიკოსისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, ნისლ ბორის თსუ ფიზიკის აუდიტორიაზე გაკეთებული წარწერა ახსენდება.

„ორ რამეს ვურჩევ ყველას,“ - ამბობს სოფო - „პირველი, დაისახონ მიზნები, საკუთარი მიზნები და არა ისინი, რომლებიც გავრცელებულია. ოღონდ ჯერ სურვილსა და მიზანს შორის განსხვავება გაითავისონ. არ მიაქციონ ყურადღება ფრაზებს “ეგრე მარტივი ხომ არაა?!”, “რამე უფრო გოგოს შესაფერისი რომ გეცადა?!”და ა.შ. ასეთი ფრაზების დროს სულ მახსენდება ხოლმე ნისლ ბორის გაკეთებული წარწერა თსუ-ს ფიზიკის აუდიტორიაზე “წინააღმდეგობა არ არის უარყოფა, ის მხოლოდ დამატებაა”; მეორეც - ისწავლეთ. ისწავლეთ სულ, გამუდმებით. ჩვენს პროფესიაში არ აქვს მნიშვნელობა რამდენ დიპლომს აიღებთ, მაინც გამუდმებით უნდა ისწავლოთ იმისთვის, რომ იმ დინამიკას აჰყვეთ, რაც აქ ტრიალებს. ასევე გირჩევდით, რაღაც ეტაპზე ნუ იტყვით, რომ აი, მორჩა “შევდექი” და ახლა დროა “დავისვენო”, როგორც კი ამას იზამთ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დამთავრდება.

მომავალში მინდა Microsoft -თან ერთად, დიდი საქმეები ვაკეთო. განვვითარდე და ბევრი ვისწავლო, აქ იმდენ ვირტუოზ პროფესიონალთან ერთად მიწევს მუშაობა რომ, ვფიქრობ, იდეალური ადგილია ამისთვის. როცა მომავალზე ვფიქრობ, ცხადად ვხედავ ქართული ენის ავტომატური თარგმნის სისტემას, სადაც დიდი იმედი მაქვს ჩემი წვლილიც იქნება. მინდა ქართული ენა ავტომატურად თარგმნადი იყოს. ვფიქრობ, ეს საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უნიკალური ენისთვის. ასევე გეგმას ვერ დავარქმევ, მაგრამ კადრად წარმოვიდგენ ხოლმე ამ ავტომატური მთარგმნელის პრეზენტაციას როგორ ვაკეთებთ სოხუმში, რომელიმე ღონისძიებაზე, ვთქვათ ილია ვეკუას სახელობის საერთაშორისო კონფერენციაზე, ის ხომ აფხაზეთიდან იყო.

ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო თსუ-ს იმისთვის, რაც მომცა მე და კიდევ უამრავ ადამიანს. აქვე განსაკუთრებული მადლობა არჩილ ელიზბარაშვილსა და რამაზ ბოჭორიშვილს,“ - ამბობს სოფო.

სხვა სტატიები »