ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

უნივერსიტეტი ERASMUS+-ის პროგრამებში

უნივერსიტეტი ERASMUS+-ის პროგრამებში
30 ნოემბერი, 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია საქართველოში იმ სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობით, რომელიც 2018-2020 სასწავლო წლებში ERASMUS+ International Credit Mobility-ის დაფინანსებულ პროგრამაში მონაწილეობს. თსუ 300-მდე სტუდენტი, პროფესორი თუ ადმინისტრაციული პერსონალი ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან და აიმაღლებენ კვალიფიკაციას.

გამოცდილების გაზიარება პროფესიულ საქმიანობაში, სასწავლო თუ სამეცნიერო აქტივობები, ახალი მეგობრები და ახალი შთაბეჭდილებები, - თსუ-სა ERASMUS+ ერთობლივი გაცვლითი პროგრამების შესახებ თსუ სტუდენტი სანდრო გიგაური და თანამშრომლები ნუნუ მიცკევიჩი და ნიკა მელქაძე გვიყვებიან.

თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე ინგლისურს გაძლიერებულად ვსწავლობთ, სასწავლო მასალებს კი ვამუშავებთ უცხოენოვანი აკადემიური გამოცემებიდან. ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა საზღვარგარეთ სწავლის დროს. უმეტეს საგანში სწავლების ფორმატი ემთხვეოდა თსუ-ს ფორმატს, რამაც მნიშვნელოვნად გააადვილა ჩემთვის სწავლის პროცესი, - გვიყვება სანდრო გიგაური. ის ერთ-ერთია იმ თსუ სტუდენტებს შორის, რომელსაც ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში სწავლა დაუფინანსდა. ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში იმყოფებოდა და პოლიტიკის მეცნიერებისა და ევროპათმცოდნეობის მიმართულებაზე ერთი წელი სწავლობდა. ამბობს, რომ გერმანულ უნივერსიტეტში სწავლა ბავშობიდან გადაწყვეტილი ჰქონდა.

"საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვეუფლებოდი გერმანულ ენას, შესაბამისად, მქონდა იმის სურვილი, რომ გერმანულენოვან ქვეყანაში გამეგრძელებინა სწავლა და გამეუმჯობესებინა ჩემი კომპეტენცია ამ ენაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნამდვილად აძლევს სტუდენტს იმ საფუძველს, რათა მან პრობლემების გარეშე შეძლოს სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ფაქტობრივი ცოდნა, რითაც თსუ-ს სტუდენტები არათუ არ ჩამოუვარდებიან, არამედ უსწრებენ კიდევაც ევროპელ თანატოლებს," - ამბობს სანდრო.

სანდრო გიგაურის თქმით, განვითარება, როგორც პროფესიული, ისე მენტალური თვალსაზრისით, ის ფასდაუდებელი შედეგია, რასაც საზღვარგარეთ სწავლა იძლევა. თუმცა, ყველაზე მთავარი არ უნდა გამოგვრჩეს - ახალი მეგობრები და მოგონებები; სანდროსთვის ავსტრიაში ყოფნის საუკეთესო მოგონება იქ გატარებული შობა - ახალი წელია.

"ევროპაში ეს დღესასწაულები სრულიად განსხვავებულად და ბევრად უფრო გრანდიოზულად აღინიშნება. ვყოფილიყავი მსგავსი დღესასწაულისა და ტრადიციების მომსწრე, იყო ნამდვილად საინტერესო გამოცდილება. იქ სწავლის პერიოდი კი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება ჩემს ცხოვრებაში. მქონდა საშუალება, მეცხოვრა დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და განვითარებულ მხარეში. ის უნარ-ჩვევები, რომლებიც იმ დროის განმავლობაში გამოვიმუშავე, ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია და აუცილებლად დამეხმარება მომავალში.

თსუ-ს გაცვლითი პროგრამები არის საუკეთესო საშულება მოტივირებული სტუდენტებისათვის, ერთი წლისა თუ სემესტრის განმავლობაში გამოსცადონ სრულიად უცხო გარემოში ცხოვრება, გახდნენ მეტად დამოუკიდებელი და მიზანდასახულნი", - ამბობს სანდრო. იგი ამჟამად თსუ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზეა. სამომავლოდ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას აპირებს გერმანიაში, ევროპათმცოდნეობის მიმართულებით.

თსუ ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა მელქაძე 2018 წელს 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ERASMUS+-ის ფარგლებში პერსონალის საერთაშორისო კვირეულზე, ესპანეთში იმყოფებოდა. ამბობს, რომ საკუთარ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად საჭიროა სხვადასხვა განვიარებული ქვეყნების მაგალითებისა და მომიჯნავე სფეროების უკეთ გაცნობა.

"განსაკუთრებით საინტერესოა განვითარებული ევროპული ქვეყნების მაგალითების გაცნობა, რათა უნივერსიტეტი მზად იყოს ევროპული გრანტების მოპოვებისთვის მომავალში. განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის საქმიანობის გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში კორუნას საუნივერსიტეტო კომპლექსი და სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტი მოვინახულე, გავეცანი კვლევითი ინსტიტუტების და ტექნოლოგიების გადაცემის ოფისის მუშაობას, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ვესტუმრეთ ფაკულტეტებს და ვესაუბრეთ აკადემიურ პერსონალს. შესაძლებლობა გვქონდა, როგორც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ასევე ადმინისტრაციის მუშაობის სპეციფიკის გაცნობის.

სასარგებლოა ასევე პერსონალური ნაცნობობისა და ურთიერთობების დამყარება წარმატებულ ეროპულ უნივერსიტეტებთან. ვთვლი, რომ ეს გამოცდილება ძალიან გამომადგება უნივერსიტეტში ჩემი საქმიანობის განხორციელებაში. შეუძლებელია არ ვახსენო კორუნას უნივერსიტეტის სამაგალითო სტუმართმოყვარეობა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლების მასპინძლობისას გამოავლინეს,“ - აღნიშნავს ნიკა მელქაძე.


ERASMUS+ აკადემიური პერსონალის გაცვლილით პროგრამით, ასოცირებულმა პროფესორმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ნუნუ მიცკევიჩმაც ისარგებლა. ქალბატონი ნუნუ ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ ის ერთ-ერთი პირველი იყო იმ სტუდენტებს შორის, რომლებმაც საერთაშორისო გაცვლითი პროგრამით ისარგებლეს 90-იან წლებში.

"ევროპულ უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამებით საკმაოდ განებივრებულები ვართ თსუ-ს პერსონალი და სტუდენტები, რაც საუკეთესო საშუალებაა ცოდნისა და გამოცდილების ორმხრივი გაზიარების, კვალიფიკაციის ამაღლების, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის, საკუთარი თვითშეფასებისთვის და ევროპულ სტანდარტებთან ზიარებისთვის.

ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამები, რომელიც ტემპუსის სახელით იყო ცნობილი და ახლა უკვე ერზმუსის სახელით ვიცნობთ, მესამე ათწლეულია მუშაობს საქართველოში. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი სტუდენტი, რომელიც სწორედ მაშინდელი ტემპუსის პროექტის ფარგლებში, წინა საუკუნის 90-იან წლებში გახლდით საფრანგეთში, ბრესტის უნივერსიტეტში. ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება უცხოეთში სწავლისა. იმ პირველი მობილობის შთაბეჭდილება და მიღებული ცოდნა დღემდე აისახება ჩემს სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობაზე. ბოლო წლებში განხორციელებული ჩემი თითოეული მობილობა ევროპულ უნივერსიტეტებში, რომელსაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვახორციელებ, დღეს უკვე როგორც მეცნიერი და ლექტორი, ემოციურად დაკავშირებულია იმ პირველ სტუდენტურ გაცვლით პროგრამასთან, რომელიც იყო ბიძგი სწორი მიმართულებით სვლის იმ მძიმე წლებშიც კი, როცა საქართველოს უნივერსიტეტებში არათუ მეცნიერების ექსპერიმენტული დარგებისთვის, ელემენტარული სწავლებისთვისაც კი არ გვქონდა სათანადო პირობები", - ამბობს ნუნუ მიცკევიჩი.

ნუნუ მიცკევიჩი კორუნას უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მისი კვლევის სფეროს სიმსივნის იმუნოლოგია წარმოადგენს, გაცვილითი პროგრამის ფარგლებში სასწავლო და სამეცნიერო აქტივობების გარდა, მონაწილეობას იღებდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეხვედრებში, გაცნობით სამეცნიერო ტურებში. უნივერსიტეტებში შეხვდა თსუ სტუდენტებსაც, რომლებიც ერთი სემესტრით იმყოფებოდნენ კორუნას უნივერსიტეტებში.

“2018 წლის გაზაფხულის სემესტრში ერაზმუსის პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებოდი ესპანეთის ორ უნივერსიტეტში _ გრანადას უნივერსიტეტსა და კორუნას უნივერსიტეტში. პროგრამის ძირითადი მიზანი იყო სასწავლო და სამეცნიერო აქტივობებში მონაწილეობის მიღება, ლექციების წაკითხვა, პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება, ასევე ახალი სამეცნიერო კონტაქტების დამყარება. ევროპულ უნივერსიტეტებს შორის. გრანადას უნივერსიტეტი შევარჩიე იმუნოლოგიის დარგში საერთო სამეცნიერო ინტერესიდან გამომდინარე.

სამეცნიერო თემატიკა, რომელიც ჩემთვის აქტუალურია და დღეისათვის ჩემი კვლევის სფეროს წარმოადგენს, არის სიმსივნის იმუნოლოგია, ანტისიმსივნური პასუხის კვლევა და მისი ეპიგენეტიური მოდელირების საშუალებების ძიება. მოგეხსენებათ, რომ სიმსივნის იმუნოთერაპია დღეს სწრაფად განვითარებადი და ერთ-ერთი საიმედო მიმარულებაა კიბოს მკურნალობში. წლევანდელი ნობელის პრემიაც სწორედ იმუნოთერაპიაში მიღწევებისთვის იქნა მინიჭებული.

ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი შედეგია გრანადას უნივერსიტეტის იმუნოლოგებთან ერთად საკონფერენციო განაცხადის მომზადება, რომელიც უკვე დაფინანსდა რუსთაველის ფონდის მიერ და 2019 წლის 29 აპრილი _ 2 მაისს ქ. თბილისში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით “სიმსივნის იმუნოთერაპია და იმუნომონიტორინგი”, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი იმუნოლოგები, ონკოლოგები და სხვა მომიჯნავე დარგების სახელოვანი მეცნიერები ევროპისა და ამერიკის ცნობილი სამეცნიერო სკოლებიდან. ეს კონფერენცია იქნება საუკეთესო საშუალება ქართველ და უცხოელ მეცნიერთა სამუშაო შეხვედრების, შემდგომი თანამშრომლობისთვის და ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისთვის იმუნოლოგიის დარგში.

თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ბიოლოგიის დეპარტამენტში, იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კათედრაზე უკვე რამდენიმე წელია პროსტატის თაგვის მოდელზე მიმდინარეობს ერთობლივი ესპერიმენტები ამერიკელ მკვლევარებთან ერთად. ჩვენ ვსწავლობთ დენდრიტულ უჯრედებს და მათ პოტენციალს ანტისიმსივნურ იმუნურ პასუხსა და სიმსივნის თერაპიაში. ჩემთვის საინტერესო იყო ევროპული სამეცნიერო სკოლების გაცნობა ამ მიმართულებით და თანამედროვე კვლევის მეთოდების ათვისება.

ვიცოდი, რომ სწორედ გრანადას უნივერსიტეტში მუშაობს იმუნოლოგთა ჯგუფი სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნურ პასუხზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამოცდილების გაზიარება და მომავალი ერთობლივი პროექტების დაგეგმვა.

მე ვურჩევ ყველა სტუდენტს და პედაგოგს გამოიყენონ ეს შანსი. გაცვლითი პროგრამები საუკეთესო საშუალებაა პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის, განათლებისა და მეცნიერების ევროპულ სტანდარტებთან ზიარებისთვის, რაც ჩვენი ხვალინდელი დღის უკეთესობისკენ სწორად გადადგმული ნაბიჯი იქნება", _ ამბობს თსუ პროფესორი ნუნუ მიცკევიჩი.

სხვა სტატიები »