ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები ყაზახეთიდან – საქართველო და განათლება უცხოელი სტუდენტების თვალით

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები ყაზახეთიდან – საქართველო და განათლება უცხოელი სტუდენტების თვალით
30 ოქტომბერი, 2018
იმ უცხოელ სტუდენტთა მრავალფეროვან ნაკადში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრში აკადემიური მობილობის ფარგლებში ისწავლის, ორი ყაზახი გოგონაცაა. ლევ გუმილიოვის სახელობის ევრაზიული უნივერსიტეტის სტუდენტები რაისოვა ზულფია და აიგერიმ სულეიმენოვა.

გოგონები ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები არიან. თსუ-ში ლექციები რუსულენოვანი მიმართულების ჟურნალისტიკის მეორე და მესამეკურსელებთან ერთად აქვთ. ზულფია და აიგერიმი სასწავლებლად სხვა ქვეყანაში, თანაც დიდი ხნით, პირველად არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი აქ ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე კვირაა გასული, მოსაყოლი უკვე ბევრი აქვთ. თავის დადებითი თუ უარყოფითი შთაბეჭდილებების შესახებ ისინი ჩვენ გულახდილად გვესაუბრნენ.

ქართული და ყაზახური სწავლის სტილი

ზულფია: მე-9 კლასიდან მშობლებისგან ცალკე ვცხოვრობდი რადგან ნიჭიერთა ინტერნატში ვსწავლობდი. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, უკვე იქაურ საერთო საცხოვრებელში გადავედი საცხოვრებლად. ჩემი ორი უფროსი დაც სახლიდან შორს სწავლობს მაგისტრის ხარისხის მისაღებად. საქართველოში ახლადჩამოსულს 10 დღის განმავლობაში არავის მოვუკითხივარ ოჯახიდან. ყაზახეთში ყოფნისას, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, დედ-მამა ისე ჩვეულებრივად იქცეოდნენ, თითქოს დიდი არაფერი ხდებოდა. თავიდან ამის გამო ვბრაზდებოდი, ახლა კი ვფიქრობ, რომ კარგია, როდესაც ასაკში ყოფნისას მშობლები ერთმანეთთან ურთიერთობით ტკბებიან.

აიგერიმი:  ჩემთან რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. დედაჩემი ნოემბერში გეგმავს ჩემს სანახავად ჩამოსვლას. მეუბნება: ჩამოვალ საჭმელს გაგიკეთებ, ვნახავ როგორ ვცხოვრობ და წავალო. პირადად მე აქამდე ასე შორს ჩემი ოჯახისგან არ ვყოფილვარ. თუმცა, მშობლებმა მარტივად გამომიშვეს, მითხრეს, რომ სჯეროდათ და მენდობოდნენ. ასე მითხრეს, „გიცნობთ, ეს შენთვის რაღაც ახალია და როდესაც დაბრუნდები, აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობა გექნებაო“.

ზულფია: როგორც ჩვენმა მშობლებმა გვითხრეს, საქართველოში ჩვენი ქცევის მიხედვით განსჯიან, თუ როგორი გოგონები ჰყავთ ყაზახეთში. ბუნებრივია, რომ ღირსეულად ვიქცევით. პირველ რიგში აქ მაინც სასწავლებლად ჩამოვედით, მერე უკვე იმის საჩვენებლად, რომ ჩვენთანაც არიან აქტიური სტუდენტები. როდესაც ჩვენს და თქვენს სწავლის ხარისხს ვადარებდით ერთმანეთს, შევამჩნიეთ რომ აქაურ სტუდენტებს უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ და უფრო აქტიურებიც არიან. თავად არიან დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ. ჩვენთან კი ასეთი პრაქტიკა არსებობს, სწავლისას მუშაობენ, თავის ბიზნესს ქმნიან. რაც შეეხება კლიმატს და ქალაქს, იგი ასტანისგან საკმაოდ განსახვავებულია. ყაზახეთში უფასოდ გრანტით ვსწავლობთ, რადგან შესაბამისს კონკურსში გავიმარჯვეთ. ახლა ჩვენი უნივერსიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში აქაც უფასოდ ვსწავლობთ და მხოლოდ მგზავრობის და საცხოვრებლის საფასურს ვიხდით.

სულ სხვაა როდესაც ტურისტად რამდენიმე დღით ჩამოდიხარ ...

აქ ჩამოსვლამდე ბევრი ვიკითხეთ სხვადასხვა სტატიები და ბლოგები, რომლებიც ტურისტებმა დაწერეს. როგორც აღმოჩნდა, სხვა სიტუაციაა, როდესაც ტურისტად ჩამოდიხარ და სხვა, როდესაც აქ დიდი ხნით ცხოვრობ.  როდესაც ტურისტები ჩამოდიან, იციან რამდენი დღით არიან და რა თანხა უნდა დახარჯონ. ყველა წერდა, რომ საქართველოში ყველა კეთილგანწყობილია და ყველას შეიძლება ენდო.  პირველ დღეს როდესაც ჩამოვედით, ხინკლის საჭმელად გვინდოდა წასვლა და ტაქსის მძღოლმა გვითხრა, რომ საამისოდ კარგ ადგილას მიგვიყვანდა. ადგილზე რომ მივედით ვკითხეთ თუ სად უნდა შევსულიყავით და გვითხრა ნებისმიერ ადგილასო. არადა ისეთი სარდაფი იყო, ჩასვლის შეგვეშინდა. მით უმეტეს რომ გვითხრა, გოგონებო, ამ შაბათ-კვირას გასვლითი ღონისძიება მაქვს მეგობრებთან ერთად და გეპატიჟებითო.  ვერ გავიგეთ ის ძალიან კეთილგანწყობილი იყო თუ სხვა რამე უნდოდა. ჩვენთან, ყაზახეთში მიღებული არ არის უცნობ მამაკაცთან, მით უმეტეს უფროსთან საუბარი. ბაზარში არ ვვაჭრობთ, რადგან საქონელში სხვებზე სამმაგ და ოთხმაგ ფასს გვახდევინებენ. გვირჩევნია სუპერმარკეტში შევიძინოთ ყველაფერი.  იყო შემთხვევა, როცა ბაზარში 80 თეთრის ღირებულების პროდუქტზე გვითხრეს 8 ლარი ღირსო. ტაქსის მძღოლმა კი ბორჯომში 300 ლარად შემოგვთავაზა წაყვანა. არადა ვიცით რომ მაგდენი არ ღირს.

ქართველი ქალები ყურადღებიანები არიან, გოგონები კი ძალიან ლამაზები

ზულფია: რაც შეეხება ჩვეულებრივ ხალხს, რომელიც ვაჭრობასთან არ არის დაკავშირებული, ისინი მართლა ძალიან კეთილგანწყობილები არიან. მიყვარს ქართველი ქალები, ძალიან ყურადღებიანი და თბილები არიან. ძალიან ლამაზი გოგონები გყავთ. ძალიან ბუნებრივი არიან,  ფაქტობრივად არ იღებებიან.  ჩვენთან ტენდენციაა, გაიკეთონ ხელოვნური წამწამები, რაღაცა სახის მელირებები, და აშ. აქ კი გოგონებს ყველაფერი თავისი აქვთ წარბი, თმა. და ა.შ. ჩემს მეგობრებს ყაზახეთში ვეუბნები ძალიან ლამაზი გოგონები დადიან-თქო. ისინი კი ფოტოების გაგზავნას ითხოვენ.

საერთოდ კი მომწონს, რომ საქართველოში თითქოს შეუძლებელია დაიკარგო. მგონი ყველა ქუჩა ბოლოს რუსთაველზე გადის. სტუდენტებიც ძალიან კეთილგანწყობილი არიან და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში პირველი დღიდან გვეხმარებოდნენ, მაგალითად როდესაც საჭმელად გავდიოდით. გვირჩევდნენ სად იყო უფრო იაფი და გემრიელი საკვები.  თავიდან, როდესაც საერთო საცხოვრებელში ყველა სტუდენტი არ იყო შესახლებული, მოწყენილები ვიყავით.  ადაპტაციის პერიოდი რადგან გვქონდა, ბევრი გვეძინა კიდეც. შემდეგ სტუდენტები შემოსახლდნენ და გვთავაზობდნენ, ერთად წავიდეთ აქ, იქ, პიკნიკზე და ჩვენც კარგად ვიგრძენით თავი.
ამას გარდა ცალკე გვინდა აღვნიშნოთ მასწავლებლები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი აქ ყოფნა კომფორტული გახადონ. აინტერესებთ როგორ გადავაადგილდებით, ვცხოვრობთ და შესაბამის რჩევებსაც გვაძლევენ.

თსუ საერთო საცხოვრებელში

აქ ჩამოსვლის შესაძლებლობის შესახებ ნაცნობისგან შევიტყვეთ. არის სოციალური ქსელები, ნაცნობები, სამწუხაროდ ისე არ ხდება, რომ ვინმე მოვიდეს და განგიმარტოს ამ შესაძებლოების შესახებ. სტუდენტი თვითონ უნდა იყოს აქტიური, რომ თავისთვის საინტერესო საკითხები გაარკვიოს. მაგალითად როგორც ეს ზოგადად ჩვენს საცხოვრებელთან მიმართებაში იყო. ჩვენი სუპერვაიზერი გვეუბნებოდა, რომ საქართველო გაცვლით სტუდენტებს იღებს, მაგრამ საერთო საცხოვრებელი არ აქვსო.

თავიდან ბინას ვეძებდით, თუმცა რასაც ვნახულობდით, არ გვაკმაყოფილებდა, ბიუჯეტის, თუ სხვა თვალსაზრისით. შემდგ თსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს დავუკავშირდით. მის თანამშრომელ მარის მივწერეთ, რომ კონკრეტული ბიუჯეტის ფარგლებში საცხოვრებლის მოძებნა გვინდოდა და დახმარება ვთხოვეთ. მარიმ ეგრევე მოგვწერა, რომ შეეძლო ჩვენი თანხმობის შემთხვევაში ადგილები დაეჯავშნა თსუ-ს საერთო საცხოვრებელში. არ ველოდით რომ ასეთი რამე იყო შესაძლებელი. აქაური პირობებით ნამდვილად კმაყოფილი ვართ.  მშობლებიც უფრო წყნარად არიან, იციან, რომ ერთად ვცხოვრობთ, საერთო საცხოვრებელში, რომელიც დაცულია და სხვა სტუდენტებთან გვაქვს ურთიერთობა იტალიიდან, ლიტვიდან, საქართველოდან. დღეს დილას ყაზახურად ვმღეროდით სიმღერას, ბიჭმა ლიტვიდან გვთხოვა გვემღერა. მერე თვითონ გვიმღერა ლიტვურად. მცხეთაში ვაპირებთ წასვლას, უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი უკეთებს ორგანიზებას ექსკურსიას, ტრანსპორტირება და კვება 30 ლარის საფასურში შედის.  გვინდა კახეთი, ბათუმი, ყაზბეგი, სვანეთი ვნახოთ, თუ მოვახერხეთ, ასევე აზერბაიჯანში და თურქეთში გადავიდეთ.

სხვა სტატიები »