ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი უნივერსიტეტში

ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი უნივერსიტეტში
30 ოქტომბერი, 2018
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ცენტრის მიზანია, რაც შეიძლება მეტი პირი დააინტერესოს ინოვაციური საქმიანობით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში და დაეხმაროს მათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებასა და განვითარებაში. ინოვაციური იდეების სტიმულირება და მეცნიერების პოპულარიზაცია, შესაძლებლობების ძიების მექანიზმებისა და მეთოდების შემუშავება თსუ-ში და იდეების განხორციელების მხარდამჭერი მექანიზმების განვითარება ცენტრის ამოცანებია. როგორც ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი, ნიკა მელქაძე ამბობს, ცენტრი ტექნოლოგიებისა და გამოგონებების კომერციალიზაციას, და სოციალური პროექტების განხორციელებას უზრუნველყოფს.

„ყველა განვითარებულ უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს კვლევითი კომპონენტი, აქვს ასევე ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრიც. ზოგგან მას სხვა სახელი აქვს, მაგალითად, ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი, ან კომერციალიზაციის ოფისი და ა.შ. მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ფუნქცია. მთავარი ფუნქცია კი არის ის, რომ უნივერსიტეტში ინოვაციური კვლევითი იდეები და გამოგონებები წახალისდეს და შემდგომ მოხდეს მათი გაყიდვა. კომერციალიზაცია შეუძლებელია, კერძო სექტორთან, სამთავრობო სტრუქტურებთან ან სხვა ერთეულებთან ურთიერთობის გარეშე.  ამდენად, ცენტრს მჭიდრო კავშირი ექნება მათთან,“ – ამბობს ნიკა მელქაძე.

ცენტრი იქნება ინფორმაციული ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას ფაკულტეტებთან, ფაბ-ლაბთან, კვლევით ინსტიტუტებთან, სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან და სხვა ერთეულებთან, რითიც გააუმჯობესებს  კოორდინაციას კომერციალიზაციის პროცესში მესამე მხარესთან:

„თუ უკვე არსებობს გამოგონება, ჩვენ გამოგონების გაყიდვის მიზნით დავარეგისტრირებთ მას საქპატენტში. საქპატენტი ცენტრის საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული. პირველი და ძირითადი, რასაც ვაპირებთ არის ის, რომ უნდა შევქმნათ საუნივერსიტეტო ტექნოლოგიისა და ინოვაციების გადაცემის სამუშაო დოკუმენტი.

ტექნოლოგიის გადაცემაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ კომერციალიზაციასთან ერთად, გადაცემის პროცესი შეიძლება იყოს სოციალური პროექტის ნაწილიც.  ის ცოდნა, რაც იქმნება უნივერსიტეტში, უნდა გამოადგეთ მაგალითად პოლიტიკის შემქმნელებს ქვეყანაში, რომ მათ ჰქონდეთ კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკა და არა, უბრალოდ დაკვირვებაზე დაფუძნებული პროექტები“, – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა მელქაძე.

ასე რომ, თუ უკვე ხართ საინტერესო გამოგონების ავტორი, გაქვთ ინოვაციური იდეები, ან უბრალოდ დაინტერესებული ხართ ცენტრის საქმიანობით, პერსპექტივებითა და სამომავლო გეგმებით, შეგიძლიათ ესტუმროთ ფეისბუქ გვერდს „თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი“.


სხვა სტატიები »