ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - ტუროპერატორი კურსდამთავრებული

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - ტუროპერატორი კურსდამთავრებული
15 ოქტომბერი, 2018
„დღეს ტურიზმის სფერო ძალიან პერსპექტიულია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა ტუროპერატორის მიმართულებაზე ჩამებარებინა და არც შევმცდარვარ, მიღებული ცოდნა და პატარა გამოცდილება უკვე გამომადგა,“ - ამბობს 23 წლის გიორგი გაფრინდაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარი ტურისტული კომპანია „ჭიათურის ტურისტული ბილიკები“ გახსნა.

გიორგის საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და ამჟამად მაგისტრატურაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმავე ფაკულტეტზე სწავლობს. თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, დაინტერესდა და 2016 წელს პროგრამაზე ჩააბარა. როგორც თვითონ ამბობს, ტუროპერატორის პროფესიულმა პროგრამამ მისცა შანსი საკუთარი ბიზნესი დაეწყო. „ტურიზმის სფეროსთან შეხება არ მქონია, თუმცა ვხედავდი, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა. პროგრამამ ბევრი რამ მომცა, ვისწავლე ტურისტული პაკეტების შედგენა, როგორ ავაწყო და ვმართო ბიზნესი, რა საფრთხეები შეიძლება ამ საქმიანობის დროს წარმოიშვას და რა პრევენციის მეთოდები არსებობს, ბევრი სხვა ნიუანსი, რაც საბოლოოდ, ძალიან დამეხმარა,“ - ამბობს გიორგი.

ამ ეტაპზე საკუთარი ტურისტული კომპანიის განვითარებზე ფიქრობს, ტურისტების მოზიდვის მიზნით ამყარებს კავშირებს უცხოეთში არსებულ ტურისტულ კომპანიებთან. პარალელურად ისტორიის მასწავლებელია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს.

გიორგის ჯერ არ გადაუწყვეტია სამომავლოდ რა მიმართულებით გააგრძელებს საქმიანობას, თუმცა იმედოვნებს, რომ ტურისტული კომპანია მისთვის ძირითადი თუ არა დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება.

თსუ პროფესიული საგანმანათლებლო ტუროპერატორის პროგრამის მიზანია მონაწილეებს საჭირო თეორიული ცოდნა მისცეს და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმაროს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს: ბიბლიოთეკარი, საბაჟო საქმის სპეციალისტი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, შემფასებელი, ტუროპერატორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოქალაქის პირადობის მოწმობით საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ჩარიცხვა შემოდგომასა და გაზაფხულზე ხორციელდება.



სხვა სტატიები »