ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი - თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი - თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული
16 ოქტომბერი, 2018
„ქალაქები დიდად არ მიყვარს, ბევრად მირჩევნია ტყეში ყოფნა, ამიტომ დაახლოებით 4 წლის წინ ლაშქრობა დავიწყე. თუმცა, პრაქტიკული ცოდნა თეორიულის გარეშე ისევე ცუდია, როგორც პირიქით. სწორედ ამან განაპირობა, რომ თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის მიმართულებაზე ჩავაბარე,“ - ამბობს დავით ასილაძე, რომელიც დღეს მოლაშქრეთა კლუბ „მზელანდიას“ დამფუძნებელია და საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს უწევს გიდობას.

დავითი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის სადირიჟორო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ლაშქრობით გატაცებული არასდროს ყოფილა, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ანსამბლ „საგალობელში“ მღეროდა, თეატრალურ უნივერსიტეტშიც ამიტომ ჩააბარა, თუმცა სიმღერისა და ცეკვის წრეებიდან გასტროლზე სიარულმა მოგზაურობისა და ლაშქრობისადმი მისი ინტერესი გამოიწვია. „ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი გასტროლზე, მომწონდა მოგზაურობა, თუმცა არა დიდი ქალაქები. დაახლოებით 2014 წლის ბოლოს ლაშქრობა დავიწყე, თავიდან მარტო დავდიოდი. პირველი კარავი სახარჯო ფულის გადადებით ვიყიდე, საძილე ტომარა და ზურგჩანთა კი ვითხოვე, დღეს უკვე 10 კაცისთვის საჭირო აღჭურვილობა მაქვს - კარვები, საძილე ტომრები, პარალონები,“ - აღნიშნავს დავითი.

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ მეგობრისგან შეიტყო და გადაწყვიტა პროგრამის მონაწილე გამხდარიყო. პროფესიულმა პროგრამამ ბევრი რამ ასწავლა, პროგრამის დასრულების შემდეგ საფეხმავლო გამყოლობიდან გიდად იქცა და დღეს მოლაშქრეთა კლუბის მონაწილეებს ტურის განმავლობაში ბევრ საინტერესო სიახლეს სთავაზობს. „პროფესიულმა პროგრამამ სხვადასხვა მიმართულებით მომცა ცოდნა. თსუ-ში კონკრეტული ადგილების ისტორიები ვისწავლე, ასევე როგორი ფსიქოტიპის ადამიანს როგორ უნდა მიუდგე, რომ სიტუაცია გაანეიტრალო. როდესაც მარტო შენი გემოვნებით გეგმავ ტურს, მხოლოდ იმას უყურებ, შენ რა შესაძლებლობები გაქვს, რა მანძილს გაივლი, როგორ გაივლი, დღეს ვცდილობ რაც შეიძლება მეტი კომფორტი შევუქმნა ტურის მონაწილეებს და მეტი სიახლეც შევთავაზო,“ - ამბობს დავითი.
კულტურული მემკვიდრეობის გიდობის პარალელურად, ბოლო პერიოდში კლდეზე ცოცვით არის დაკავებული და შესაბამისი აღჭურვილობაც აქვს შეძენილი. სამომავლოდ კი, დავითის სურვილი და მიზანი ექსტრემალური ტურების დაგეგმვა და ექსტრემალური ტურიზმის განვითარებაა.  „მინდა, საქართველოს გარშემო მაქსიმალურად ბევრი ვიარო ახალ-ახალ ადამიანებთან ერთად. საინტერესოა, როცა შეგიძლია, შენი ქვეყანა უცხოელს ან ისევ შენი ქვეყნის წარმომადგენელს გააცნო, ვინც იმდენი არ იცის, რამდენიც კონკრეტულ მომენტში შენ შენივე ქვეყანაზე,“ - ამბობს დავითი.

თსუ პროფესიული საგანმანათლებლო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროგრამის მიზანია, მსურველებს საჭირო თეორიული ცოდნა მისცეს და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმაროს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს: ბიბლიოთეკარი, საბაჟო საქმის სპეციალისტი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, შემფასებელი, ტუროპერატორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოქალაქის პირადობის მოწმობით საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ჩარიცხვა შემოდგომასა და გაზაფხულზე ხორციელდება.


სხვა სტატიები »