ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - ბიბლიოთეკარის კურსდამთავრებული

თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - ბიბლიოთეკარის კურსდამთავრებული
15 ოქტომბერი, 2018
„წიგნები ძალიან მიყვარს, შესაბამისად, ყოველთვის მინდოდა ბიბლიოთეკასთან შეხება მქონოდა. ბიბლიოთეკარის პროფესიულმა პროგრამამ კი საშუალება მომცა შიდა სამზარეულოს გავცნობოდი,“ - ამბობს თინათინ ბედუკაძე, რომელიც თსუ ბიბლიოთეკარის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულია.

თინათინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების კურსდამთავრებულია. როგორც ამბობს, ბიბლიოთეკა ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. სწორედ ამან განაპირობა, რომ როგორც კი ბიბლიოთეკარის პროფესიული პროგრამის შესახებ შეიტყო, მაშინვე გადაწყვიტა ჩაებარებინა. ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაიგო საბიბლიოთეკო საქმიანობის შესახებ, თუმცა თინათინისთვის სწავლისას ყველაზე სასიამოვნო პროცესი რარიტეტული წიგნების დამუშავება იყო. „პროფესიულმა პროგრამამ მასწავლა როგორ გავუფრთხილდეთ წიგნს. გარდა თეორიული მასალის შესწავლისა, ვათვალიერებდით ბიბლიოთეკებს, ვმუშაობდით არქივში. ნასწავლ თეორიულ მასალას პრაქტიკაში ვიყენებდით. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა წიგნების დამუშავების პროცესი, როგორ შეიძლება განვაახლოთ წიგნი. საერთო ჯამში, ამ პროგრამამ მომცა მთავარი: კიდევ უფრო მეტად შემაყვარა ბიბლიოთეკა,“ - ამბობს თინათინი.

დღე ის ხელოვნების ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში პრაქტიკებს გადის და იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ამ სფეროში წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს: ბიბლიოთეკარი, საბაჟო საქმის სპეციალისტი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, შემფასებელი, ტუროპერატორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოქალაქის პირადობის მოწმობით საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ჩარიცხვა შემოდგომასა და გაზაფხულზე ხორციელდება.


სხვა სტატიები »