ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ პროფესიული პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული

თსუ პროფესიული პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული
15 ოქტომბერი, 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს: ბიბლიოთეკარი, საბაჟო საქმის სპეციალისტი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, შემფასებელი, ტუროპერატორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი.

მეკა გოჩიაშვილი თსუ-ს ბიბლიოთეკარის პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულია. ის 7 წელია თსუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მუშაობს.

„თსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ძალიან დამეხმარა ბიბლიოთეკაში წარმატებულ საქმიანობაში, კერძოდ, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვაში“ - ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზის ბიბლიოთეკარი მეკა გოჩიაშვილი.

2010 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა. ზუსტად იმ წელს უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზი გაიხსნა. როგორც მეკა ამბობს, ის ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი იყო, რამაც სამომავლოდ მისი სამკითხველო დარბაზში დასაქმება განაპირობა. „როდესაც თსუ-ში ჩავაბარე, იმ პერიოდში ასეთი ტრადიცია იყო: უნივერსიტეტის პირველ კორპუსში დადგმულ ნაძვის ხეზე სამ სურვილს ვაბამდით. ჩემი სამი სურვილიდან ერთ-ერთი ბიბლიოთეკაში დასაქმება იყო. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაარკვია ვისი სურვილი იყო, ისიც გაიგეს, რომ სამკითხველო დარბაზში ძალიან დიდი სიხშირით დავდიოდი და სამი თვით ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ ამიყვანეს, მოგვიანებით ხელშეკრულება გამიგრძელეს და ასე დავრჩი დღემდე ბიბლიოთეკაში,“ - იხსენებს მეკა.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გამოცხადების პერიოდში ის უკვე თსუ სამკითხველო დარბაზის თანამშრომელი იყო, ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა მიეღო. პროგრამის გამოცხადებისთანავე შეიტანა საბუთები და ძალიან მალე ბიბლიოთეკარის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა. როგორც თვითონ ამბობს, პროფესიულ პროგრამაში მონაწილეობა მისთვის სიახლე და ძალიან კარგი გამოცდილება აღმოჩნდა. „2016 წელს პროფესიული საგანამათლებლო პროგრამის გამოცხადებისთანავე შევიტანე საბუთები, ზოგადი უნარ-ჩვევების და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩავაბარე და პროგრამაზე მოვხვდი. პროგრამის ხანგრძლივობა ორი წელია. ამ ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ გავიგე საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ტერმინოლოგიის შესახებ, დროის სწორად გადანაწილება ვისწავლე. გვასწავლიდნენ ძალიან გამოცდილი, კვალიფიციური კადრები და საბოლოო ჯამში, ეს პროგრამა ჩემი საქმიანობის დახვეწაში ძალიან დამეხმარა,“ - ამბობს მეკა.

დღეს მეკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობას აგრძელებს და სამომავლოდ, საკუთარი პროფესიის კიდევ უფრო განვითარებას აპირებს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წლიდან მოქმედებს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოქალაქის პირადობის მოწმობით საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ჩარიცხვა შემოდგომასა და გაზაფხულზე ხორციელდება.



სხვა სტატიები »