ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საქართველოს ყველაზე მაღალრეიტინგული აბიტურიენტი - მისი არჩევანის, მიზნების, გამოცდილებისა და იმედების შესახებ

საქართველოს ყველაზე მაღალრეიტინგული აბიტურიენტი - მისი არჩევანის, მიზნების, გამოცდილებისა და იმედების შესახებ
10 ოქტომბერი, 2018
საქართველოს ყველაზე მაღალრეიტინგული პირველკურსელი დემურ მერკვილაძე თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელია.

დემურმა გეოლოგიის მიმართულებაზე დაიწყო სწავლა. თსუ-ში ჩაბარება დიდი ხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი. როგორც თვითონ ამბობს, ფაკულტეტზე ჩაბარებისკენ მოგზაურობის სიყვარულმა და ბუნებასთან სიახლოვის სურვილმა უბიძგა. ბავშვობიდან აინტერესებდა მზის სისტემის პლანეტები, მინერალოგია, ნამარხი ცხოველები და დინოზავრის ჩონჩხის აღმოჩენაზეც კი ოცნებობდა.  

სკოლის პერიოდი და  საგნები, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებდა

„რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი დავამთავრე. ეს იყო ყოფილი 57-ე სკოლა, ფალიაშვილზე. ყველა საგანს თანაბრად ვმეცადინეობდი. მიუხედავად ინტერესების მრავალფეროვნებისა, სკოლის საგნებიდან მაინც გამოვყოფდი გეოგრაფიას, მათემატიკასა და ისტორიას. ისინი ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ვფიქრობ, რომ უფრო მათემატიკური აზროვნება მაქვს, მაგრამ ჰუმანიტარული დარგები მეტად საინტერესოდ მეჩვენება.

ვფიქრობ, განათლების მიღება ადამიანური კავშირების დამყარებაში მნიშვნელოვნად გვეხმარება. სწავლის პროცესში მნიშვნელოვანი როლი მასწავლებელს ენიჭება,რომელიც არა მხოლოდ თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს, არამედ მეგობრული ურთიერთობაც უნდა შეეძლოს მოსწავლეებთან და არ იფარგლებოდეს მხოლოდ სწავლებით“.

სკოლაში ყველაზე ნაკლებად ქიმია მაინტერესებდა. თსუ-ში ერთ-ერთი საგანი, რომელიც უნდა ვისწავლო ჩემს სპეციალობაზე სწორედ ქიმიაა და ვაპირებ, რომ კარგად ვიმეცადინო. ვფიქრობ, სკოლაში ქიმიის გაკვეთილები უინტერესო იყო, ვერ ვაანალიზებდი ნივთიერებების რეაქციებს და ისინი მხოლოდ ფორმულებად აღიქმებოდა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ქიმიის მეცადინეობის დროს პრაქტიკული სწავლებები, რომელიც ნასწავლს ხელშესახებს გახდის.

ოთახი სადაც მეცადინეობ

ჩემს ოთახში ბევრი წიგნია, შეიძლება ითქვას, რომ სადა ოთახი მაქვს: ჩემი საწოლი, საწერი მაგიდა, კომპიუტერი. დეტალებს არ ვაქცევ ყურადღებას, მთავარია კომფორტულად ვიგრძნო თავი ჩემს პირად კუთხეში. საწერ მაგიდაზე სერვანტესის მინიატურა მიდგას, რომელიც წიგნს კითხულობს ერთი ხელით, მეორეში კი გლობუსი დავაჭერინე.

საყვარელი საგანი - გეოგრაფია
მეოთხე საგანი გეოგრაფია ჩავაბარე. მამაჩემი ისტორიკოსია, ისტორიაც მაინტერესებდა, თუმცა, საბოლოოდ, გეოგრაფიაზე შევაჩერე არჩევანი. ჩემი მათემატიკის მასწავლებელი ნაწყენი დარჩა, მათემატიკა რომ არ ჩავაბარე. ისიც მაინტერესებდა, მაგრამ უფრო მშრალი მეჩვენა, გეოგრაფიით კი პატარაობიდანვე დაინტერესებული ვიყავი, მქონდა ბევრი ენციკლოპედია, ვკითხულობდი სხვადასხვა აღმოჩენებისა და კვლევების შესახებ.

ყველაზე მეტად გეოგრაფიაში დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მაინტერესებდა და მათ მნიშვნელობაზე ფიქრს დიდ დროს ვუთმობდი. საინტერესოა, კაცობრიობის ის პერიოდი, როდესაც ცივილიზებული სამყარო ხვდება, რომ მარტო არ არის; მის გარშემო უზარმაზარი მსოფლიოა და იწყება დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები - ადამიანები ეცნობიან ახალ კულტურებს, ახალ ცივილიზაციებს. საინტერესოა ის დეტალიც, როცა ჰგონიათ, რომ რაღაც მხოლოდ მათ იციან და მათ აღმოაჩინეს, სინამდვილეში კი, იგივე სხვა ცივილიზაციებმაც იციან. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პერიოდია, ყოველ დღე და თვე შეიძლება აღმოეჩინათ ახალი კუნძული და კონტინენტი, უამრავი ადამიანი ტოვებდა თავის ოჯახს და მიდიოდა ახალ ტერიტორიებზე დასასახლებლად, რაც ძალიან ბევრ თავგადასავალს ნიშნავდა.

ყველაზე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენა

ჩემთვის ყველაზე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენა კოლუმბის მიერ ამერიკის კონტინენტის აღმოჩენაა. ვერც კი წარმოიდგენდნენ ამხელა ტერიტორიის არსებობას. საინტერესოა ისიც, რომ კოლუმბამდე ამ ტერიტორიებზე ვიკინგები დასახლდნენ. თუმცა ევროპელებისთვის და კოლუმბისთვის, ეს ტერიტორიები მანამდე უცხო იყო. ამერიკის აღმოჩენამ უამრავ სფეროში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თუნდაც კვების ინდუსტრიაში. კარტოფილი, პომიდორი, სიმინდი, გოგრა ხომ ჩვენი კვების რაციონის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტებია. სამწუხაროა, რომ ესპანელმა კონკისტადორებმა უამრავი ცივილიზაცია გაანადგურეს და თვითონ ცივილიზებულად მიიჩნევდნენ თავს.

ქართველი გეოგრაფი

ჩემთვის და, ალბათ, უმეტესობისთვის, ყველზე მნიშვნელოვანი ქართველი გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილია. ვფიქრობ, ის მსოფლიო დონის მეცნიერია, რომელიც, სამწუხაროდ, მსოფლიოში ნაკლებად არის ცნობილი. ის არაერთი ისეთი კვლევის ავტორია, რომელიც წლების შემდეგ სხვა მეცნიერმა აღმოაჩინა და მათ სახელს დაუკავშირეს, რადგან არ იცნობდნენ ვახუშტი ბატონიშვილის შრომებს. მაგალითად, ვერტიკალური ზონალობა, რომელიც ანდებში აღმოაჩინეს, დიდი ხნით ადრე კი ვახუშტის ჰქონდა აღმოჩენილი. სამწუხაროა, რომ მსოფლიო ასპარეზზე მისი სახელი ფართოდ ცნობილი არ არის.

აღმოჩენა, რომლის ავტორიც  იქნებოდი

ამ თემაზე ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი. ალბათ, ყველაზე მეტად ელექტროობის აღმოჩენის ავტორი ვიქნებოდი. ელექტროობა კაცობრიობის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა იყო, მან ადამიანის შესაძლებლობები გაზარდა. ის თანდათან ყველა სფეროში შეუცვლელი და იმდენად საჭირო გახდა, რომ რთულია დღევანდელი სამყაროს ელექტროობის გარეშე წარმოდგენა.

რატომ გეოლოგია?

ირგვლივ ბევრს არ ვიცნობ, ვინც შეიძლება გეოლოგიით იმდენად იყოს დაინტერესებული, რომ ამ პროფესიაზე ჩააბაროს. ხშირად, მიწევს ხოლმე ახსნა-განმარტება ჯერ რას ნიშნავს გეოლოგია და მერე რატომ ავირჩიე ის. ჩემს არჩევანზე სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ყოველთვის საპატიოდ მიმაჩნდა.  საქართველოში ყველაზე პრესტიჟული და სახელოვანი უმაღლესი სასწავლებლის შესახებ ბევრი რამ მამის - ისტორიის დოქტორისა და ამჟამად, თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრის, დავით მერკვილაძისგან მსმენია. უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო პარტნიორების მრავალფეროვნებამ ჩემი არჩევანი კიდევ უფრო განამტკიცა.

მამაჩემი სკოლის პერიოდში მნიშვნელოვნად მიწყობდა ხელს, მქონდა ლიტერატურა, როგორც მხატვრული, ისე სამეცნიერო, ან ენციკლოპედიები. სახლში დიდი ბიბლიოთეკა მაქვს, ჩემი დიდი ბებიის დატოვებული. მამაჩემს შეიძლება მითითებები არ მოეცა, მაგრამ მას ვუყურებდი, ვაკვირდებოდი მის საქმიანობას. ახალგაზრდობაში ხშირად დადიოდა მთიან საქართველოში და მეც დავყავდი და ახლაც ხშირად დავდივართ. საქართველო პატარაა და ბევრი რამეა სანახავი.

ადრეულ ბავშვობაში ნამარხი ცხოველებით დავინტერესდი და მშობლებმაც საბავშვო პალეონტოლოგიური ენციკლოპედია მიყიდეს. დინოზავრების შესახებ ისტორიებმა გამიტაცა და დაწყებითი კლასის მოსწავლე ერთ-ერთი მათგანის ჩონჩხის აღმოჩენაზე ვოცნებობდი. ამავე დროს, ჩემი ყურადღება მიიპყრო ასტრონომიამაც. პატარაობაშივე შევისწავლე მზის სისტემის პლანეტების განლაგება, მათი თვისებები, თანამგზავრები და ა.შ. მოგვიანებით მინერალოგიამ დამაინტერესა. საქართველოს სხვადასხვა კუთხის მონახულების შემდეგ სახლში იქ აღმოჩენილი „ძვირფასი“ ქვებით დატვირთული ვბრუნდებოდი.

გეოლოგიამდე ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის შესწავლასაც ვაპირებდი. ძალიან მომწონდა ფილმები ამ თემაზე, განსაკუთრებით „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ და „გამოღვიძება“. თუმცა ფსიქოლოგობა აღარ გადავწყვიტე, მოგზაურობა მიყვარს, სიახლეები და ვიფიქრე, რომ გეოლოგია მომცემს ამ ყველაფრის შესაძლებლობას, ბუნებასთან სიახლოვეს, სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობას. თეორიული მუშაობა მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემთვის არ არის დამაკმაყოფილებელი.

იმედია, ბოლომდე დარწმუნებული ვიქნები ჩემს არჩევანში.

საინტერესოა ისიც, რომ პროფესიაზე ფიქრის დროს, მხოლოდ ჩემს სურვილებს არ ვეყრდნობოდი. ეს გადაწყვეტილება თანაბრად უნდა იყოს მნიშვნელოვანი როგორც შენთვის, ისე ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, მსოფლიოსთვის.

მომავალში მდგრადი განვითარების სფეროში მოღვაწეობას ვგეგმავ. დღეს კაცობრიობისთვის აუცილებელია ისეთი ჯანსაღი და ეფექტური გზების მოძიება, რომლებიც ეკონომიკის განვითარებას ადამიანის ჯანმრთელობისათვის უფრო უსაფრთხოს გახდის და ბუნებასაც რაც შეიძლება ნაკლებად  დააზარალებს. საბოლოოდ, ჩემი მიზნები და სურვილები ჩემს ქვეყანას უკავშირდება. რეალობისგან დაშორებული ოცნებები არ მაქვს. დღევანდელი მოქალაქე არა მარტო სახელმწიფოს, არამედ მსოფლიოს მოქალაქეა და ყველამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი უნარების მიხედვით. მე თუ გეოლოგიის სფეროში მსურს მოღვაწეობა, ამ სფეროს მეშვეობით უნდა შევეცადო სასარგებლო საქმის გაკეთება.

ტექნოლოგია რომელიც არ უნდა შექმნილიყო

რა თქმა უნდა, ატომური ბომბი, მიუხედავად იმისა,რომ ატომური ენერგიის წყარო ბევრ შესაძლებლობებს გვაძლევს, ის ,როგორც იარაღი - გამანადგურებელია კაცობრიობისთვის.

თავისუფლება

თავისუფლება გათავისუფლებს დამოკიდებულებებისგან, მაგრამ არა - პასუხისმგებლობებისგან. მე ვფიქრობ,რომ ჩვენმა თაობამ უნდა გაიაზროს ის,რომ ვიზრდებით თავისუფალ გარემოში, ეს კი გვაკისრებს უამრავ პასუხისმგებლობას ოჯახის, სახელმწიფოს წინაშე.

სახელმწიფომ თავის მხრივ ხელი უნდა შეუწყოს განათლების პოპულარიზებას. ყველა მეცნიერი ან ექიმი არ უნდა გამოვიდეს და ვერც გამოვა, მთავარია ადამიანებმა საკუთარი თავი იპოვონ იმ საქმიანობაში, რის სწავლასაც იწყებენ, ყველა პროფესია და საქმიანობა დასაფასებელია და საჭირო.

პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად მგავს 

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია სელენჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“, ჰოლდენ კოლფილდის პერსონაჟში ყველაზე მეტ საერთოს ვხედავ. მისი დამოკიდებულებები ცხოვრების მიმართ, კითხვები, თავგადასავლები ნაცნობია ჩემთვის. ყველაფრის ძიებას ალბათ ბოლოს მაინც თვითშემეცნებისკენ მიჰყავხარ, ეს პერსონაჟიც იმავეს ცდილობს და არ სჯერდება არსებულს.

ჩვენს თაობაში ბევრს მოსწონს ეს წიგნი და ეს პერსონაჟი; მნიშვნელოვანია როგორ გაიაზრებ და როგორ მოახდენ მის ინტერპრეტირებას საკუთარ თავში. მაგალითად, ჯონ ლენონის მკვლელი ან ადამიანი, რომელმაც რეიგანზე თავდასხმა მოაწყო, ამ წიგნით იყო შთაგონებული.

ძალიან მიყვარს ფილმი „სხვების ცხოვრება“. ამ ფილმში საინტერესოდ არის დანახული ცვლილება, გარდაქმნა. შეიძლება ადამიანი ცხოვრებამ აქციოს ისეთად, როგორც ის არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას შეცვლა არ შეუძლია, ზოგს ამისთვის ბიძგი სჭირდება. ვფიქრობ,რომ კეთილი საწყისი - ნაპერწკალი ყველა ადამიანშია, მთავარია ჩვენ როგორ განვავითარებთ მას.

ცვლილება, გარდაქმნა, პროტესტი

შეუძლებელია წინსვლა განიცადო, თუ არ დაუშვებ იმას, რომ რაიმე შეგეშალა. არ უნდა რცხვენოდეს ადამიანს იმის აღიარება, რომ გუშინ რასაც ამტკიცებდა - დღეს გადაიაზრა.

3 თვე დავდიოდი გიტარაზე, მართალია ჩემგან გიტარისტი არ გამოვიდა და ალბათ, არც გამოვა, მაგრამ, გავიცანი ჩემი გიტარის მასწავლებელი, ადამიანი, რომელმაც შემცვალა. შემცვალა მასზე დაკვირვებამ და ურთიერთობამ. მასთან ადამიანური ურთიერთობა და სიახლოვე ბარიერების, ასაკის, სოციალური ფენის გარეშე ნამდვილად ღირებული იყო ჩემთვის. ერთხელ კინოშიც დავპატიჟე, „კარიბის ზღვის მეკობრეები“ ვნახეთ. ერთი პერიოდი ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ძალიან ახლოს მივიტანე გულთან. ამ ამ ადამიანის გაცნობამდე კი, თითქოს, ასე არ ვიყავი. მასთან ურთიერთობამ მასწავლა, რომ სხვისი ტკივილი და გასაჭირი გულთან უნდა მიიტანო, მიუხედავად განსხვავებებისა, ჩვენთვის ყველა ადამიანი ახლობელი უნდა იყოს, მათ უნდა დავეხმაროთ და ისინიც დაგვეხმარებიან. ფიზიკის, ქიმიის, გიტარის გაკვეთილების მიღმა ადამიანური ურთიერთობებია და ისინი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.














სხვა სტატიები »