ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ახალი სასწავლო წელი უნივერსიტეტში

ახალი სასწავლო წელი უნივერსიტეტში
27 სექტემბერი, 2018
ყველაზე მაღალრეიტინგულები – საკუთარი მოლოდინებისა და გეგმების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და პირველკურსელების მეასე საიუბილეო ნაკადთან ერთად აღნიშნავს. უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყო. 4432 აბიტურიენტი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. აქედან 50%-ზე მეტმა სასწავლო გრანტი მოიპოვა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველაზე მეტი, 7945 აბიტურიენტის პირველი არჩევანი იყო. მათ შორის იყვნენ ისინი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი რეიტინგი დააგროვეს.

საქართველოს ყველაზე მაღალრეიტინგული პირველკურსელი დემურ მერკვილაძე თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. დემურთან ერთად, საკონკურსო ქულებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები თამარ რაზმაძე და თათია სებისკვერაძე არიან. მათ სახელს და გვარს საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგების მქონე პირველკურსელების ოცეულშიც შეხვდებით.

სასწავლო წლის გახსნის ღონისძიებაზე ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგად სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე ჩარიცხული ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ისინი უნივერსიტეტის შესახებ მოლოდინებზე, არჩეულ სპეციალობებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრებიან.



დემურ მერკვილაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

დემურ მერკვილაძე თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის მიმართულებაზე ისწავლის. თსუ-ში ჩაბარება დიდი ხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი. როგორც თვითონ ამბობს, ფაკულტეტზე ჩაბარებისკენ მოგზაურობის სიყვარულმა და ბუნებასთან სიახლოვის სურვილმა უბიძგა. ბავშვობიდან აინტერესებდა მზის სისტემის პლანეტები, მინერალოგია, ნამარხი ცხოველები და დინოზავრის ჩონჩხის აღმოჩენაზეც კი ოცნებობდა.

„ჩემი მთავარი გატაცება ლიტერატურა, კინემატოგრაფია და სპორტია. თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ვუთმობ კითხვას. უცხოელი მწერლებიდან ფიოდორ დოსტოევსკისა და ჯერომ სელინჯერის პიროვნებებს გამოვარჩევდი, ხოლო ჩემთვის განსაკუთრებით მიმზიდველი ნაწარმოებებია ყველა ქართველისათვის საამაყო შოთას „ვეფხისტყაოსანი“ და სერვანტესის „დონ კიხოტი“.

ჩემს არჩევანზე სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინა ზეგავლენა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ყოველთვის საპატიოდ მიმაჩნდა. საქართველოში ყველაზე პრესტიჟული და სახელოვანი უმაღლესი სასწავლებლის შესახებ ბევრი რამ მამის – ისტორიის დოქტორისა და ამჟამად, თსუ აკადემიური საბჭოს წევრის, დავით მერკვილაძისგან მსმენია. უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო პარტნიორების მრავალფეროვნებამ ჩემი არჩევანი კიდევ უფრო განამტკიცა.

ადრეულ ბავშვობაში ნამარხი ცხოველებით დავინტერესდი და მშობლებმაც საბავშვო პალეონტოლოგიური ენციკლოპედია მიყიდეს. დინოზავრების შესახებ ისტორიებმა გამიტაცა და დაწყებითი კლასის მოსწავლე ერთ-ერთი მათგანის ჩონჩხის აღმოჩენაზე ვოცნებობდი. ამავე დროს ჩემი ყურადღება მიიპყრო ასტრონომიამაც. პატარაობაშივე შევისწავლე მზის სისტემის პლანეტების განლაგება, მათი თვისებები, თანამგზავრები და ა.შ. მოგვიანებით მინერალოგიამ დამაინტერესა. საქართველოს სხვადასხვა კუთხის მონახულების შემდეგ სახლში იქ აღმოჩენილი „ძვირფასი“ ქვებით დატვირთული ვბრუნდებოდი“, – ამბობს დემური.

მის ცხოვრებაში სპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, თავისუფალ დროს ფილმებს უყურებს და როგორც თვითონ ამბობს, უმეტესად შინაარსობრივ მხარეზე ორიენტირებული ფილმები იზიდავს.

„არსებობს ფილმები, რომლებსაც შეუძლია რაიმე მნიშვნელოვანზე ჩაგაფიქროს, საკუთარი თავი და ცხოვრებისეული საკითხები უკეთ დაგანახოს და თვითგანვითარებისაკენ გიბიძგოს. ამის მაგალითია, ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი, თანამედროვე გერმანული კინემატოგრაფიის ნიმუში – „სხვების ცხოვრება“ (Das Leben der Anderen).

სპორტი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ვფიქრობ, რომ ადამიანისთვის გონებრივ განვითარებასთან ერთად ფიზიკური სრულყოფაც აუცილებელია. აბიტურიენტობამდე ვსწავლობდი კარატის საბრძოლო ხელოვნებას. მიყვარს ცურვა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში წყალბურთის გუნდშიც ვთამაშობდი.

როდესაც მომავალი პროფესიის არჩევის დრო მოახლოვდა, საკუთარი ინტერესების მიხედვით ვიხელმძღვანელე. გადაწყვეტილების მიღება იოლი არ ყოფილა, ვინაიდან საკმაოდ ფართო ინტერესების სფერო ჩამომიყალიბდა. საბოლოოდ, გეოლოგიის არჩევისაკენ მოგზაურობის სიყვარულმა და ბუნებასთან სიახლოვის სურვილმა მიბიძგა. იმედი მაქვს, რომ უნივერსიტეტში სწავლის ოთხ წელიწადში ჩემს სპეციალობას კარგად შევისწავლი. საქართველოში გეოლოგიის წინსვლაც გარდაუვლად მიმაჩნია, რადგან ამ საკმაოდ გამოსადეგ სფეროში არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა იწყებს მოღვაწეობას.

მომავალში მდგრადი განვითარების სფეროში მოღვაწეობას ვგეგმავ. დღეს კაცობრიობისთვის აუცილებელია ისეთი ჯანსაღი და ეფექტიანი გზების მოძიება, რომლებიც ეკონომიკის განვითარებას ადამიანის ჯანმრთელობისათვის უფრო უსაფრთხოს გახდის და ბუნებასაც, რაც შეიძლება ნაკლებად დააზარალებს. საბოლოოდ ჩემი მიზნები და სურვილები ჩემს ქვეყანას უკავშირდება. რეალობისგან დაშორებული ოცნებები არ მაქვს, ასე რომ ქართული სახელმწიფოს გაძლიერება და გამთლიანება ჩემი, ისევე როგორც ყოველი ნამდვილი ქართველის, უმთავრესი საფიქრალია.

წარმატების რაიმე განსაკუთრებული „ფორმულა“ არ გამაჩნია, შესაბამისად, მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ პირველ რიგში საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ. ვფიქრობ, რომ სწორად შერჩეული მიზანდასახულობითა და თავდაუზოგავი შრომით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება“, – ამბობს დემური.


თათია სებისკვერაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა კომპიუტერული მეცნიერებები

თათია სებისკვერაძემ თსუ-ში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, ამბობს, რომ საკუთარი მიზნის მიღწევისთვის თსუ საუკეთესო გზაა.

„პროფესიის არჩევა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ეს გადაწყვეტილება განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად სწორად გავაკეთებთ არჩევანს. მე საკუთარ თავს კომპიუტერული მეცნიერების დარგში ვხედავდი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე. ჩემი მიზნის მიღწევისთვის თსუ საუკეთესო გზაა.

სან დიეგოსა და თსუ-ს პარტნიორობით შესაძლებლობა მეძლევა საუკეთესო განათლება მივიღო საქართველოში. ვფიქრობ, პროფესიონალ ლექტორებთან ერთად მუშაობა ჩემი წარმატებული მომავლის საწინდარია. საკუთარი გამოცდილებით ვისწავლე, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს, ამიტომ მომავალ სტუდენტებს ვურჩევ, მაღალი ხარისხის განათლებისთვის აირჩიონ ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც ყველანაირად უზრუნველყოფს და შესაძლებლობას მისცემს, იქცნენ პროფესიონალებად. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორია“, – ამბობს თათია.


თამარ რაზმაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, გეოგრაფიის მიმართულება  

„სიმართლე რომ ვთქვა, დიდი ხნის განმავლობაში სასურველი პროფესია არჩეული არც მქონდა. თუმცა, აბიტურიენტობისას დამატებით საგნად გეოგრაფიის არჩევის შემდეგ, დაახლოებით ბოლო ორი თვის განმავლობაში, მივხვდი, რომ ეს არის ის საგანი, რომელთანაც მინდა ჩემი მომავალი პროფესია იყოს დაკავშირებული. ხოლო როცა მეკითხებიან, რა უნდა გამოვიდე, ჩემი პასუხი ასეთია – მასწავლებელი ან უბრალოდ დავსაქმდე სხვა სფეროში, რომელიც საშუალებას მომცემს უფრო საფუძვლიანად შევისწავლო გეოგრაფია.

რატომ თსუ? ვფიქრობ, რომ ეს არის ის ადგილი, რომელიც არა მარტო გამიმართლებს იმედებს, არამედ მომცემს იმაზე მეტს, ვიდრე აქ მოსვლამდე ვფიქრობდი. ჩემი იმედები კი ისედაც დიდი იყო – საინტერესო ლექციები, მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება და სხვა მრავალი დადებითი შემოთავაზებები და შთაბეჭდილებები.

ჩემ ინტერესებზე თუ ვისაუბრებ – ვცდილობ თავისუფალი დრო წიგნებს, კროსვორდებსა თუ ,,სუდოკუს“ დავუთმო. ხანდახან განსატვირთად ფილმებსაც ვუყურებ, თუმცა არც საყვარელი წიგნი მაქვს და არც საყვარელი ფილმი. ვფიქრობ, რომ თითოეულ მათგანში დევს ისეთი ღირებული იდეა, აზრი თუ შთაგონება, რომელიც რაღაც მნიშვნელოვანს გვაძლევს და გვასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ძნელია იგი დავინახოთ.

ვერ ვიტყვი, რომ მომავალზე არ ვფიქრობ, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ოცნებას საკუთარ თავსაც კი არ ვუმხელ ბოლომდე. მომავალში კი საკუთარ თავს ვხედავ იმ პროფესიის ადამიანად, რომელიც უშუალოდ დაკავშირებული იქნება გეოგრაფიასთან.
„წარმატების ფორმულა ასე გამოხატული არ მაქვს, უბრალოდ უნდა გვჯეროდეს და არასდროს არ უნდა დავკარგოთ იმედი საკუთარი თავის, სამყაროსა და ღმერთის“, – ამბობს თამარი.


მერი ულუმბელაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველაზე რეიტინგული პირველკურსელი მერი ულუმბელაშვილი ინგლისური ლიტერატურის ქართულად თარგმნასა და ბევრი წიგნისა და ლექსიკონის გარემოცვაში ყოფნაზე ოცნებობს. როგორც მერი ამბობს, გრიგოლ რობაქიძის "გველის პერანგი" ის წიგნია, რომელსაც ხშირად უბრუნდება და ყოველ ჯერზე აღაფრთოვანებს.

„საკმაოდ ადრეული ასაკიდანვე ბევრი ადამიანისგან მესმოდა, თუ რამდენად გამორჩეული, ძლიერი და დაწინაურებული უნივერსიტეტი იყო თსუ. ბევრად ადრე, ვიდრე სპეციალობას ავირჩევდი, გადაწყვეტილი მქონდა რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა მესწავლა, ვინაიდან მჯეროდა მისი პირველობის. რაც შეეხება სპეციალობას, ინგლისური ფილოლოგიის არჩევა ჩემი ამ ენისა და ინგლისური ლიტერატურის დიდმა სიყვარულმა განაპირობა. იმედი მაქვს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი 4 წლის მანძილზე ეს უნივერსიტეტი გაამართლებს ჩემს მოლოდინებს, მომცემს ჯეროვან განათლებას თეორიულ თუ პრაქტიკულ ასპექტში და სამომავლო კარიერისთვის სათანადოდ მომამზადებს.

ჩემი ინტერესები ძირითადად ისევ ლიტერატურას და ხელოვნების სხვა დარგებს უკავშირდება. გარდა იმისა, რომ აქტიურად ვკითხულობ თანამედროვე და კლასიკურ ინგლისურენოვან ლიტერატურას, ასევე მიტაცებს ფოტოგრაფია და მხატვრობა. თუმცა ბოლო ორი დარგი მხოლოდ ჰობია და პროფესიულ დონეზე მათ შესწავლას ჯერჯერობით არ მოვიაზრებ.

ცხოვრების განსხვავებულ ეტაპზე განსხვავებული წიგნია ჩემი ფავორიტი, თუმცა ფილმებს შორის "მებრძოლთა კლუბი" ჩემი უცვლელი ფავორიტია. ვოცნებობ, რომ რაც შეიძლება მალე დანამდვილებით ვთქვა სიტყვები, "ახლა სწორედ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო".

აბიტურიენტებს ვურჩევდი იმას, რასაც საკუთარ თავს მოვუწოდებდი მთელი აბიტურიენტობის მანძილზე – გააკეთონ საკუთარი მაქსიმუმი, რათა არასდროს იგრძნონ თავი დამნაშავედ, არასაკმარისად მიღწეული წარმატების გამო. და რა თქმა უნდა, სწამდეთ საკუთარი თავების“, – ამბობს მერი.


დავით თურქია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო მიმართულების სტუდენტებს შორის ყველაზე რეიტინგული დავით თურქია გახდა. ოცნებობს თავისუფლებაზე, წერა, ხელოვნება და ღამის ცხოვრება მისი ყველაზე დიდი ინტერესებია. როგორც თვითონ ამბობს, ამ მიმართულებაზე ჩაბარება, საკუთარი თავისა და მსოფლიო საზოგადოების შეცვლის სურვილმა უბიძგა.


„თსუ დაარსების დღიდან ითვლება ქართული განათლების სიმბოლოდ. იყო მისი წარმომადგენელი, უკვე პატივია. საერთაშორისო ურთიერთობები მეჩვენება მიმართულებად, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, საკუთართან ერთად, შეცვალო მსოფლიო საზოგადოება. ეს სფერო დიდი და მრავალფეროვანია, ამიტომაცაა საინტერესო.

ველი შესაძლებლობებს, რომლებიც მომცემენ ჩვენი თუ სხვათა სისტემების შესწავლის საშუალებას, გაცვლითი პროგრამებით მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს. ველი ადამიანებს, პედაგოგებსა თუ თანაკურსელებს, რომლებიც ცოდნითა თუ ურთიერთობით დადებითად შემცვლიან, კონკურენციითა და სწავლის სირთულით მომცემენ წინსვლის მოტივაციას. მგონია, შემიძლია ვიყო აბიტურიენტებისთვის ერთგვარი მოტივაცია. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გვიან იწყებენ ფიქრს განათლებასა და მომავალზე. ზოგადი ერუდიცია, ყურადღების გამახვილება საგამოცდო ტესტების თავისებურებებზე და ზომიერი შრომა, ვფიქრობ საკმარისია, რომ წარმატებას მიაღწიო“, – ამბობს დავითი.


პეტრე მერაბიშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველაზე რეიტინგული სტუდენტი პეტრე მერაბიშვილია. მისი საყვარელი წიგნი „ვეფხისტყაოსანია“, ფილმი კი „სპაიდერმენი“. პეტრე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობს.

„თსუ, ჩემი აზრით, საქართველოში პირველი უნივერსიტეტია, ISET-ის ფაკულტეტი კი იმიტომ ავირჩიე, რომ ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს სწავლება. დიდად მოტივირებული ვარ და იმედი მაქვს უნივერსიტეტი მომცემს ისეთ განათლებას, რომელიც ცხოვრებაში გამომადგება.

ზოგადად, ყველაფრით ვარ ასე თუ ისე დაინტერესებული: მეცნიერება, ლიტერატურა, ხელოვნება. მიყვარს კითხვა, ხატვა, მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა და მიიღონ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა“, – ამბობს პეტრე.



ცაბუნა ნაკულაშვილი, იურიდიული ფაკულტეტი
ცაბუნა ნაკულაშვილი იურიდიული ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტია. მომავალში თავი განათლების მინისტრად წარმოუდგენია. საყვარელი წიგნია „ტრიუმფალური თაღი“, ფილმი კი – თჰე Mარტიან, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, როცა აქვს, ძირითადად ფეხბურთს უყურებს.

„დიდი ხანია, რაც გადაწყვეტილი მაქვს სამართლის განხრით სწავლის გაგრძელება. ამ მიმართულებაში თსუ უკონკურენტოა და ამიტომ ბევრი არც მიფიქრია გადაწყვეტილების მიღების დროს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. თავიდანვე ვაცნობიერებდი, რომ ეს წელი იქნებოდა ბევრად რთული და დატვირთული, ვიდრე თუნდაც აბიტურიენტობის წელი იყო. მიუხედავად ამისა, ყველაფრისთვის მზად ვარ და ვეცდები გამოვავლინო ჩემი მაქსიმუმი.

თავისუფალი დრო თითქოს არ მაქვს, მაგრამ რეალურად ყველაფერს ვასწრებ. უდიდეს დროს ვატარებ მეგობრებთან ერთად. სხვა შემთხვევაში, ძირითადად, ფეხბურთს ვუყურებ ხოლმე. მაგრამ ვცდილობ ჩემი თავისუფალი დრო მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს. ძალიან ბევრ პროექტში ვიღებ მონაწილეობას, რაც, მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერში მეხმარება და ვფიქრობ, ყველა ჩემი ასაკის ადამიანს ჰაერივით სჭირდება.

ჩემი ოცნება არის რაღაცის მიღების აკვიატებული, გადაჭარბებული დოზით სურვილი, რასაც მთელ რიგ შემთხვევებში განხორციელება არ უწერია. იწვევს ნერვულ დისბალანსს. ამიტომ არ ვოცნებობ, ვაკეთებ რასაც მინდა, ან ვცდილობ მაინც თუ არ გამომდის.

მომავალ აბიტურიენტებო, პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები რელევანტურად და რაც მთავარია, თავად. რა თქმა უნდა, მშობლის, მასწავლებლის აზრიც გასათვალისწინებელია, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ გადაწყვეტილებას იღებთ მხოლოდ თქვენ და თქვენს მინიმუმ 1 წლის ცხოვრებას განსაზღვრავთ ეროვნულ გამოცდებზე გასვლით. მე არასდროს არ ვყოფილვარ გამორჩეული მოსწავლე სკოლაში განათლების კორუფციული სისტემის გამო, მაგრამ ამან ვერაფერი დამაკლო. პირიქით, ეძიეთ მოტივაცია საკუთარ თავში და იცოდეთ, რომ თუ მიზნის მიღწევა გინდათ, ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიუახლოვდეთ და არც ერთი ამ ნაბიჯის გამოტოვება არ შეიძლება.

ყველაზე მთავარი – რაც გამოცდებს და უნივერსიტეტებს ეხება, თავად წაიკითხეთ ოფიციალურ საიტებზე. უამრავი “მითია” საზოგადოებაში და 90% შემთხვევაში აბიტურიენტებს არასწორი ინფორმაცია აქვთ ყველაფერზე. გამოცდა არის ბულკი, ტორტი, ნამცხვარი, რაც გინდათ ის დაარქვით. თუ მომზადებული ხარ, ისიც იცი, რა დონეზე დაწერ და სანერვიულოც არაფერია. მე პირადად, ყველაზე მეტად ის დამეხმარა, რომ უემოციო ვარ ასეთ უბრალო საკითხებთან მიმართებაში. მიუდექით საკითხს მარტივად – თუ ჩაიჭერი, ამით არაფერი შავდება და ბევრად უარესი რაღაცებიც ხდება ცხოვრებაში. საერთოდ არაა გამოცდები ისეთი მნიშვნელოვანი, როგორადაც წარმოგვიდგენენ, “ – ამბობს ცაბუნა.


ანა ჟუჟუნაშვილი, მედიცინის ფაკულტეტი

მედიცინის ფაკულტეტის ყველაზე რეიტინგული პირველკურსელი ანა ჟუჟუნაშვილია. ანა თავისუფალ დროს ცეკვავს ბალეტს, უყვარს მუსიკა, კითხვა და მეგობრებთან ყოფნა. თავის მომავალს ექიმის პროფესიას უკავშირებს.

„მედიცინა საინტერესოა იმით, რომ სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს, უდიდეს ცოდნასა და ენერგიას მოითხოვს. ვფიქრობ, მაქვს უნარი და შესაძლებლობა, ამ დარგში ვთქვა ჩემი სიტყვა. თსუ საქართველოში პირველი უნივერსიტეტია, რომელიც უკვე საუკუნეს ითვლის და კვლავ ლიდერია უნივერსიტეტებს შორის. უნივერსიტეტისგან ველი კვალიფიციურ ექიმებთან მუშაობას, პროგრამებში ჩართვას, რაც მომცემს შესაძლებლობას გავიღრმავო ცოდნა უცხოეთში.

მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ საკუთარი მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავად იშრომონ და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას. ჩემი მომავალი პროფესია განსაზღვრავს ჩემს მომავალს. ჯერ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. ექიმის პროფესია საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა. მაქვს სურვილი ავიღო პასუხისმგებლობა და გავხდე პროფესიონალი ექიმი“, – ამბობს ანა.


მარიამ აბაშიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჩვენი შემდეგი რესპოდენტი ოცნებობს, რომ იყოს „დამჭერი ჭვავის ყანაში“. მარიამ აბაშიძე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ყველაზე რეიტინგული სტუდენტია. როგორც მარიამი ამბობს, მისმა ოცნებამ თსუ ფსიქოლოგიის მიმართულებამდე მოიყვანა.

„თავისუფალ დროს ვფიქრობ. ერთი შეხედვით უინტერესო საქმეა, მაგრამ ჩემთვის ეს საუკეთესო გზაა გავიმრავალფეროვნო ცხოვრება. ფრანც კაფკას „პროცესი“ ჩემი საყვარელი წიგნია. ალბათ, იმიტომ, რომ შესაბამის დროსა და სიტუაციაში წავიკითხე. ფილმებს ხშირად არ ვუყურებ, მაგრამ მიყვარს უეს ანდერსონის შემოქმედება.

დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება ფსიქოლოგიასთან უნდა დამეკავშირებინა და განვიხილავდი რამდენიმე გზას, რომლითაც ამ მიზანს მივაღწევდი. ბოლოს დავუბრუნდი პირველ ვარიანტს და თსუ-ში ჩავაბარე. იმედი მაქვს, რომ ჩემი ეს გადაწყვეტილება წარმატებულ ფსიქოლოგად ქცევაში დამეხმარება. ვიმედოვნებ, რომ ეს ოთხი წელი იქნება სავსე საინტერესო ადამიანებით.

ჩემი ოცნებაა, ერთი ადამიანი მაინც გადავარჩინო, ვიყო „დამჭერი ჭვავის ყანაში“. ჩემი მომავალი პროფესიაც შესაბამისად შევარჩიე. წარმატებისთვის მთავარია, ადამიანმა იცოდეს თავისი მიზანი, დაუჯეროს საკუთარ თავს და გაფილტროს სხვისი რჩევები.

ჩემი მომავალი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული და არაფერს მივცემ უფლებას, გააფუჭოს იგი, განსაკუთრებით საკუთარ თავს, “ – ამბობს, მარიამი.



სხვა სტატიები »