ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სან დიეგოს უნივერსიტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულმა აბიტურიენტებმა არჩევანი თსუ-ს პროგრამებზე გააკეთეს

სან დიეგოს უნივერსიტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულმა აბიტურიენტებმა არჩევანი თსუ-ს პროგრამებზე გააკეთეს
26 სექტემბერი, 2018
19 სექტემბერს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლა საქართველოში. ღონისძიებას ესწრებოდა თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე.

„საქართველოში რამოდენიმე უნივერსიტეტში, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ წელს 230-მა სტუდენტმა გადაწყვიტა სანდიეგოს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში განათლების მიღება, აქედან უმრავლესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის. კიდევ ერთხელ ვულოცავ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას და დარწმუნებული ვარ, რომ მათი სტუდენტობა ძალიან საინტერესო იქნება ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ალექსანდრე ცისკარიძემ.

საკონკურსო ქულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტები არიან. სან დიეგოს უნივერსიტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულმა აბიტურიენტებმაც არჩევანი სწორედ თსუ-ს პროგრამებზე გააკეთეს.

სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცხრე, მუდმივი პრეზიდენტი, ადელა დე ლა ტორე და ამერიკელი პროფესორების დელეგაცია. პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა პირველკურსელებს და მიულოცა მათ საუნივერსიტეტო ცხოვრების დაწყება. ადელა დე ლა ტორეს თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ქართულ უნივერსიტეტებსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა. ქართველ სტუდენტებს ექნებათ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომები, რაც როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში გაუხსნის გზას მათ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაგრძელდება ეს თანამშრომლობა და კომუნიკაცია, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ისე სხვა უნივერსიტეტებთან“, – განაცხადა მან.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი; აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი; ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორი ჯონათან ნეში და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

2018 წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე საქართველოში 230 სტუდენტი ჩაირიცხა. სტუდენტთა მეოთხე ნაკადი, ჩვეულებისამებრ, წარმატებული და მრავალფეროვანია. მათ შორის არიან საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ოლიმპიადების გამარჯვებულები და სტუდენტები უმაღლესი ქულებით ეროვნულ გამოცდებზე.

გასულ წელს, თსუ-ში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრული ინჟინერიის ორი ახალი ლაბორატორია გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) პროგრამების სტუდენტებისთვის.


სხვა სტატიები »