ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები და საბავშვო უნივერსიტეტი-ნაბიჯი წარმატებისკენ

აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები და საბავშვო უნივერსიტეტი-ნაბიჯი წარმატებისკენ
26 სექტემბერი, 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი და მოსამზადებელი განყოფილება უნიკალური საშუალებაა უნივერსიტეტი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობის ასაკში გაიცნო. საერთო ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები კი უკვე არა ერთი აბიტურიენტისთვის გახდა წარმატების საფუძვლის შემქმნელი და წინაპირობა. თაკო აბდუშელიშვილი რუსთავიდან ერთ-ერთია მათ შორის ვინც აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების მიერ ორგანიზებული სწავლების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. დღეს ის თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის მიმართულების სტუდენტია სწავლების ასპროცენტიანი დაფინანსებით.

„მას შემდეგ, რაც გავარკვიე, რომ აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსებზე უნივერსიტეტის ლექტორები ასწავლიდნენ, აქ მომზადების სურვილი გამიჩნდა.

დავრეკე და დავრეგისტრირდი. მინდოდა უნივერსიტეტში მათემატიკის მიმართულებაზე ჩავრიცხულიყავი და ამის საშუალება ცენტრის მასწავლებლების დახმარებით მომეცა. ერთი წლის განმავლობაში ოთხ საგანში ვემზადებოდი: მათემატიკაში, ინგლისურში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. რადგან ოთხ საგანში ვემზადებოდი, თანხა შეღავათიანი იყო: 2520 ლარი, მაშინ როდესაც იგივე საგნებში რეპეტიტორთან მომზადება 4000 ლარზე მეტი გამოდიოდა. აქ გაკვეთილებზე კვირაში ორჯერ დავდიოდი. ერთ საგანში ორი საათის განმავლობაში ვემზადებოდი, რაც არ გამჭირვებია. შესაძლოა იმიტომ, რომ მათემატიკა კარგად ვიცოდი. ბებიაც და მამიდებიც მასწავლებლები არიან და მათემატიკა კი ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე მაინტერესებდა, თუმცა, მის გარდა, მაინტერესებს ეკონომიკაც. არაა გამორიცხული მომავალში სპეციალობად მაინც ეკონომიკა ავირჩიო, რადგან, ადრინდელისგან განსხავებით, მათემატიკის მასწავლებლობა აღარ მინდა“, – ამბობს თაკო. ცოდნასთან ერთად აბიტურიენტთთა მოსამზადებელ კურსებზე თაკომ ბევრი მეგობარიც შეიძინა იმ ბავშვების სახით, ვინც მასთან ერთად ემზადებოდა. ამ ბაშვებიდან უმაღლეს სასწავლებელში ყველა ჩაირიცხა.

თბილისის 198-ე საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლე სალომე მურჯიკნელი, რომელიც თსუ იურიდულ ფაკულტეტზე ასევე სწავლების ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა, იმდენად აქტიური აბიტურიენტი იყო, რომ თსუ-ს ყველა კორპუსის ადგილმდებარეობა და სახელი უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე კარგა ხნით ადრე გაარკვია. მართალია მომზადება მას აბიტურიენტთა ცენტრში არ გაუვლია, სამაგიეროდ საბავშვო უნივერსიტეტთან ჰქონდა ხშირი შეხება.

ბუნებით ცნობისმოყვარემ სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ყოველ შაბათს მაგისტრანტი იურისტების მიერ ორგანიზებულ ვორქშოპებზე დადიოდა, რომელიც საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში იმართებოდა და თსუ-ში სხვადასხვა კონცერტებსა და სპექტაკლებსაც ესწრებოდა. საბავშვო უნივერსიტეტისა და მისთვის საინტერესო საკითხებზე უფასო ლექციების შესახებ სალომემ თავისი სკოლის მასწავლებისგან შეიტყო.

„საბოლოოდ იურიდიული ფაკულტეტი ალბათ იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემი ოცნება ამეხდინა. ბევრი მეუბნებოდა, რად გინდა რომ აბარებ, საქართველოში ყოველი მეორე იურისტია და თან უნივერსიტეტისაგან მხოლოდ სახელია დარჩენილიო. ვისაც კარგად ესმოდა, მეუბნებოდა, თუ სწავლა გინდა თსუ-ში უნდა ჩააბაროო. საბავშვო უნივერსიტეტის შესახებ მასწავლებლისგან შევიტყვე – ისტორიის განხრით საინტერესო ლექციები ტარდება და დასწრება შეგიძლიათო. შემდეგ კი, აქ რომ მოვედი, სხვა ღონისძიებების და ლექციების შესახებაც შევიტყვე. სამართლის თემაზე ლექციების გარდა საბავშვო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაშიც ვმონაწილეობდი. ამ პერიოდში გავდიოდით ფიზიკის საკითხებსაც, განვიხილავდით სხვადასხვა ფილმებს და ა.შ. ძალზე საინტერესო დღეები იყო. ბორჯომში ვიყავი წასული, თბილისში შედეგების გამოქვეყნებამდე ერთი საათით ადრე დავბრუნდი. გამოცდების შედეგები რომ დაიდო იმხელაზე ვკიოდი, რომ ჩემს დისშვილს გავუხეთქე გული. მეზობლები ცალკე არკვევდენენ, ხომ მშვიდობაა თქვენთანო“, – იხსენებს სალომე.

ახალციხის პირველი საშუალო სკოლის მოსწავლე ანა შუბითიძისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლა ერთადერთი იყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო.

თუმცა, აქ გატარებული 10 დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ უმაღლესი სასწავლებლებიდან არჩევანი თსუ-სა და კერძოდ, მის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაზე (ISET) გაეკეთებინა. გამოცდების შედეგად მას სწავლება სახელმწიფოს მიერ სამოცდაათი პროცენტით დაუფინანსდება. ანას მხატვრული ლიტერატურის კითხვა უყვარს, საამისოდ საკმაო დრო რჩება, რადგან საქმეების მოთავებას, როგორც წესი, უკვე დილისთვის ახერხებს.

„საზაფხულო სკოლისთვის მასალა ინდუსტრიული რევოლუციის სოციო-ეკონომიკურ შედეგებზე უნდა მომემზადებინა. საამისოდ იმდენი საინტერესო რამ მოვიძიე და წავიკითხე, რომ ეკონომიკით სერიოზულად დავინტერესდი. რატომ გადავწყვიტე ეკონომისტობა? გარდა იმისა, რომ მათემატიკა და ეკონომიკა ბავშვობიდან მაინტერესებდა, კარგი ეკონომისტი ყველა ორგანიზაციას სჭირდება. თან ეს პროფესია პრესტიჟულია. საბავშვო უნივერსიტეტის შესახებ კი ლინკი ჩემმა დამ გამომიგზავნა, რომელიც უნივერსიტეტში სწავლობს“, – ამბობს ანა.

აბიტურიენტთა მიღება მოსამზადებელ კურსებზე წელსაც გრძელდება, 1 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ფასიან საკვირაო სკოლაში შეუძლიათ დარეგისტრირება. კურსი მოიცავს ინტენსიურ სწავლებას მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიასა და ბიოლოგიაში. საკვირაო სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცის ნახვა ვებგვერდზე:junior.tsu.edu.ge; სოციალურ ქსელში თსუ საბავშვო უნივერსიტეტი, თსუ აბიტურიენტთა მომზადება/TSU training courses for Entrants არის შესაძლებელი. ანდა, სურვილის შემთხვევაში, თავად უწყვეტი განათლების ცენტრში, რომელიც ჭავჭავაძის გამზირის N1-ში მდებარეობს.


სხვა სტატიები »