ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სტუდენტური პროექტები უნივერსიტეტში

სტუდენტური პროექტები უნივერსიტეტში
26 სექტემბერი, 2018
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსის მესამე ეტაპი 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მესამე ეტაპზე შემოსულ სამეცნიერო და კულტურულ/სპორტულ/საგანმანათლებლო სტუდენტურ პროექტებს სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო 20 ოქტომბრამდე განიხილავს. სანამ 2018 წლის მესამე ეტაპზე შემოსული პროექტებს შორის გამარჯვებულები გამოვლინდებიან, წინა ეტაპებზე გამარჯვებულ ორ სტუდენტურ პროექტს გაგაცნობთ.

თსუ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტების: ანა ვარდოსანიძის, მირანდა შეყრილაძისა და მარიამ გვარამიას პროექტმა „სალონური საღამოები უფროსკლასელებისთვის“ 2017 წელს თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.

პროექტის მიზანი იყო უცხოური და ქართული თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზება უფროსკლასელებში, ასევე სხვადასხვა თანამედროვე გამოცემასა და ლიტერატურულ საღამოებზე მომზადებული პოდკასტებისა და ფოტორეპორტაჟების გაცნობა.

სტუდენტური ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მარიამ გვარამია პროექტის მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების შესახებ გვესაუბრება.

„ჩემს გარდა გუნდში კიდევ ორი სტუდენტი იყო, რომლებთან ერთადაც არასამთავრობო ორგანიზაციაში რადიო გადაცემებზე ვმუშაობდი. იქაც გადაცემები ძირითადად წიგნებსა და ლიტერატურას ეხებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ იდეისთვის უფრო ფართო მასშტაბი მიგვეცა. ჩვენს მენეჯერთან ერთად დავწერეთ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლებში მოსწავლეებისთვის იმ ლიტერატურის გაცნობას, რომელიც არასაპროგრამოა, მაგრამ მნიშვნელოვანი. მენეჯერმა და კოორდინატორმა შეიტანეს განაცხადი. თავიდან თითქოს არ ველოდით დაფინანსებას, მაგრამ საბოლოოდ დადებითი პასუხი მოვიდა, რამაც ძალიან გაგვახარა.

პროექტის მონაწილეები დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. ამან, კიდევ უფრო შეკრა და გააერთიანა ჩვენი გუნდი და იმ დროის მანძილზე ძალიან დაგვაახლოვა.

გარდა იმისა, რომ პროექტი გვინდოდა უფრო მრავლისმომცველი ყოფილიყო, გვსურდა ასევე მოსწავლეებისთვის რიგი საკითხები განსხვავებულად გვეჩვენებინა. დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენს თავზე, როცა ლიტერატურაზე ვესაუბრებოდით, წიგნებს ვურჩევდით, მათ კითხვებს ვპასუხობდით, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ზუსტად ისე გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა.

პროექტის მანძილზე ჩვენ 12 სკოლას ვესტუმრეთ თბილისის მასშტაბით. თვეში დაახლოებით სამ ან ოთხ სკოლაში მივდიოდით. ჩვენი კოორდინატორი უკავშირდებოდა სკოლებს და ის გეგმავდა შეხვედრებს, ლექციებს.

სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ თავიდან სკოლები უნდობლობით გვეკიდებოდნენ და გაგვიჭირდა მათი დარწმუნება ჩვენი სტუმრობის კეთილგანწყობაში. სკოლები რაიონების მიხედვით დალაგდა და ამით მთელი თბილისი მოვიცავით, შეძლებისდაგვარად. გაძნელდა წიგნების შერჩევის პროცესი, რომლებიც ასევე დავყავით ქართველ და უცხოელ მწერლებად. დიდხანს ვკამათობდით, ვმსჯელობდით მათ შესახებ, დადებით და უარყოფით მხარეებს ვაანალიზებდით, მოკლედ, დიდი და რთული სამუშაო გავწიეთ. თითოეული ლექციის შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევდით თემებს, რომლის შესახებაც მცირე ამბავი უნდა დაეწერათ და გადმოეგზავნათ. პროექტის ბოლოს ჩვენ 12 გამარჯვებული მოსწავლე დავაჯილდოვეთ.

ეს იყო ყველაზე კარგი პერიოდი ჩვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბოლო კურსზე ვიყავი და სხვა საქმეეებიც უამრავი მქონდა, დიდი სიამოვნებით ჩავერთე ამ აქტივობაში. გავიცანით ბევრი საინტერესო მოსწავლე და მასწავლებელი, საკუთარი თვალით ვნახეთ განათლების სისტემის ხარვეზები, მოსწავლეების დამოკიდებულება წიგნებისამდი, ერთმანეთისადმი, უფროსისადმი.

ჩვენ პროექტში ჩავრთეთ თანამედროვე ქართველი მწერლებიც. მინდა აღვნიშნო მათი ენთუზიაზმი, როცა ამ პროექტის შესახებ ვუყვებოდით. ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა ლაშა ბუღაძესთან ერთად, რომელსაც მოსწავლეების დიდი რაოდენობა დაესწრო. გიორგი კეკელიძემ კი საკუთარი წიგნები გადასცა მოსწავლეებს საჩუქარად ავტოგრაფითურთ.

საბოლოო ჯამში, როცა დასკვნითი ღონისძიება ჩავატარეთ და გამარჯვებული მოსწავლეები გამოვავლინეთ, ყველამ ერთხმად აღნიშნა, თუ როგორ სჭირდება მსგავსი პროექტები სკოლას. ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება, სიამოვნება და საქმე, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა.

ვიმედოვნებ, რომ კიდევ დიდხანს გაგრძელდება მსგავსი პროექტების დაფინანსება თსუ-ში, რაც სტუდენტებს მეტ მოტივაციას შემატებს აკეთონ მათთვის და საზოგადოებისთვის სასარგებლო რამ“, – ამბობს მარიამი.

მეორე პროექტი, რომელმაც თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა 1978 წლისა და 1989 წლის მოვლენებს ეხება. თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების, სრული პროფესორის მალხაზ მაცაბერიძისა და პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით, შეიკრიბა მკვლევართა ჯგუფი, რომლებმაც შეისწავლეს სტუდენტური მოძრაობების ისტორია 1978 და 1989 წლებში. მათ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე იმ პერიოდის სტუდენტების გამოიკითხეს, რესპოდენტებს შორის არიან თსუ პროფესორებიც: თამარ ჩხეიძე, გიორგი ოთხმეზური, ზურაბ პაპასქირი, მერი ტორაძე.

ზეპირი ისტორიები ორ ნაწილად იყოფა – პირველი ეხება 14 აპრილს გამართულ აქციას, რომლის დამსახურებითაც ქართულმა ენამ შეინარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი, მეორე კი – 9 აპრილის მოვლენებს.

სტუდენტური ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი, ელენე ჩიტიშვილი იხსენებს, რომ პროექტის განხორციელების შესახებ იდეა ერთ-ერთ ლექციაზე დაიბადა. შემდგომ, ჩამოყალიბდა პროექტის მიზნები, ამოცანები, სამოქმედო გეგმა და მოსალოდნელი შედეგები.

„პროექტის ყველა მონაწილე პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ვართ. ერთად გავდიოდით საგანს - „ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესები საქართველოში“, რომელსაც გვიკითხავდა ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელი მალხაზ მაცაბერიძე. ერთ-ერთი სემინარის დროს განვიხილავდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლს საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პროტესტებსა და პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ ასე გაჩნდა იდეა, შეიკრიბა მკვლევართა გუნდი: მე, თეონა ლაფერიშვილი, ანა გოგოჩიშვილი, გიორგი ბერიძე, გიორგი არობელიძე, გიორგი ქაფიანიძე, გიორგი სოფრომაძე და შემართებით დავიწყეთ უნივერსიტეტში დაწყებული პროტესტების ზეპირი ისტორიების კვლევა. იქედან გამომდინარე, რომ დემონსტრაციების ისტორიების ერთ წიგნში ჩატევა ვერ მოხერხდებოდა, გადავწყვიტეთ ჩვენი კვლევითი საქმიანობა კონკრეტული პერიოდით დაგვეწყო, რისთვისაც შევარჩიეთ 1978 წლისა და 1989 წლის მოვლენები. პირველი ეხება 14 აპრილს ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დასაცავად გამართულ აქციას, მეორე კი 9 აპრილის მოვლენებს, რომელიც მომიტინგეების არნახული სისასტიკით დარბევითა და სიკვდილით დასრულდა.

პროექტის მიმდინარეობა რამდენიმე ეტაპად დავყავით. თავდაპირველად დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოებით, მოგვიანებით გადავედით კვლევის პროცესზე, მონაცემთა დამუშავებასა და ანალიზზე, რომლის შედეგებიც გადავუგზავნეთ რედაქტორს. ტექნიკური რედაქტირების, კორექტირებისა და დიზაინის შერჩევის შემდეგ კი გადავეცით სტამბას.

უმთავრესი სირთულე დაკავშირებული იყო რესპონდენტების მოძებნასთან. ჩვენი კვლევის ობიექტს წარმოადგენდნენ ის ადამიანები, რომლებიც 1978 და 1989 წლის გამოსვლებსა და დემონსტრაციებში მონაწილეობისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდნენ. თუმცა, რამდენიმე რესპონდენტის პოვნის შემდეგ, თოვლის გუნდის პრინციპით გავედით სხვა რესპონდენტებზე. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც რესპონდენტები ინტერვიუს ჩატარებაზე არ გვთანხმდებოდნენ. კვლევის მიმდინარეობისას ასევე წავაწყდით ბიუროკრატიულ სირთულეებს, რაც გამოიხატა რედაქციის მიერ წიგნის რედაქტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებში, რის გამოც ხელმეორედ დარედაქტირდა და დაკაბადონდა წიგნი.

ძალიან საინტერესო იყო ამ პროექტზე მუშაობა, უპირველესად იმიტომ, რომ რესპონდენტები, ჩვენს მსგავსად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ და მათთან ზეპირი ისტორიების ჩაწერის შედეგად ისეთი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მოგვეცა, რომლის წერილობითი წყაროებიც პრაქტიკულად არ არსებობს. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც უშუალოდ მოვლენების მონაწილეებისაგან იღებ ინფორმაციას, რასაც თან ახლავს რესპონდენტების მიერ გამოხატული ემოციები. ერთ-ერთი რესპონდენტი ტირილით იხსენებდა 1989 წლის მოვლენებს – „მიუხედავად იმისა, რომ მორგში შესულს იქ ჩემი ახლობლები არ დამხვდა, მაინც შეშლილი და გაგიჟებული სახით გამოვედი - ნინო არ იყო, ლია არ იყო, ჩემები არ იყვნენ, მაგრამ რეალურად ყველა ჩემი იყო იქ“.

თითოეული რესპონდენტი ერთმანეთისგან განსხვავებული და საინტერესო იყო, შესაბამისად მათთან მუშაობაც მეტად საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის. ამასთანავე, მონაწილეებმა პროექტის წერის გამოცდილებაც მივიღეთ, რის ფარგლებშიც პროექტის შესრულების განრიგთან ერთად, გავწერეთ ბიუჯეტის სავარაუდო ვერსიაც.

გარკვეული სირთულეების არსებობის მიუხედავად, საბოლოოდ შევძელით დასახური მიზნის მიღწევა და ჩვენი პროექტის სახით ვაჩვენეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანესი როლი ორი მოვლენის განვითარების პროცესში. სულ დაიბეჭდა წიგნის 200 ეგზემპლარი, რომელშიც შეტანილია 18 რესპონდენტის ზეპირი ისტორია, რისთვისაც ჯგუფის სახელით, დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ, მათ უდიდესი დახმარებისთვის. ეს ის ისტორიებია, რომლებიც არ უნდა დაკარგულიყო. უახლოეს მომავალში იგეგმება წიგნის პრეზენტაციაც. პროექტის ფარგლებში დასახული მიზანი წარმატებით განვახორციელეთ, თუმცა ვთვლი, რომ ეს თემა ამით არ ამოწურულა. ასევე მნიშვნელოვანი და მეტად საინტერესოა მომდევნო პერიოდის მოვლენების კვლევა, რასაც ვიმედოვნებ, რომ განვახორციელებთ.

ასევე, ჯგუფის სახელით დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ პოლიტიკის მეცნიერების პროფესორებს – ბატონ მალხაზ მაცაბერიძეს, რომელიც დაგვეხმარა კვლევის მიმართულების ჩამოყალიბებაში და აქტიურად გვიჭერდა მხარს პროექტის მიმდინარეობისას და ბატონ ზვიად აბაშიძეს, რომელმაც ჩვენი წიგნი შეაფასა რეცენზიის სახით“, – ამბობს ელენე ჩიტიშვილი.

სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3 ჯერ. სტუდენტური პროექტის წარდგენა შეუძლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სამივე საფეხურის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს.


სხვა სტატიები »