ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
20 ივლისი, 2018
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ხელმოსაწერად გახსნის 20 წლისთავის აღსანიშნავად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს საერთაშორისო სამართლის და სამართალმცოდნეობის სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა  და მოწვეულმა სტუმრებმა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ. მან აღნიშნა ამ დღის დიდი მნიშვნელობა, რადგან საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა, მათი ეფექტიანი გამოძიება და დასჯა დღეს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება მსოფლიო საზოგადოებისთვის. მანვე აღინიშნა, რომ თსუ-ს პროფესორ ქეთევან ხუციშვილის თაოსნობით საერთაშორისო სისხლის სამართლის ძირეულ საკითხებზე შექმნილი არაერთი კურიკულუმი გახდა სასწავლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი. მისივე თქმით, პროფესორი ხუციშვილი რომის კონფერენციის შემდეგ შექმნილ ,,მოსამზადებელ კომიტეტის’’ საქმიანობაში პირადად მონაწილეობდა და კონფერენციის ფარგლებში მისი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება სტუდენტებისათვის მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.
კონფერენციის მონაწილეებს მიმართა თავად პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის სფეროში მიღწეულ წარმატებებს და რომის სასამართლოს წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს. იგი მიესალმა იმ ფაქტს, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი თემატიკა იყო საკმაოდ მრავალფეროვანი, ხოლო განსახილველი საკითხები შერჩეული იყო თავად კონფერენციის მონაწილეთა მიერ. მოხსენებები შეეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: მხსვერპლთა მონაწილეობა, რეპარაცია, სამართლიანი სასამართლოს უფლება, კულტურული ძეგლების დაცვა, პირთა იმუნიტეტები, სასამართლოსთან თანამშრომლობა და ასევე, სასამართლოს იურისდიქცია საქართველოს სიტუაციაში.
კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

თსუ საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის სტუდენტებს არაერთი წელია სთავაზობს საერთაშორისო სისხლის სამართლის როგორც კონცეფციების, ასევე პრეცედენტული გადაწყვეტილებების შესახებ სასწავლო კურსებს. ამ მიმართულებას საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა და აღნიშნული კონფერენციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.

სხვა სტატიები »