ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ახალი შესაძლებლობა - ახალი გამოწვევა

ახალი შესაძლებლობა - ახალი გამოწვევა
10 ივლისი, 2018
70 წლის გიორგი მიქაძე თსუ სტუდენტია, ის უკვე მესამე წელია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ეუფლება. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს, სწავლის პარალელურად  კი გიდად მუშაობს.

ამბობს, რომ თსუ-ში ლექციებზე დასწრება მისი ყოველდღიურობის განსაკუთრებული ნაწილია. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ტუროპერატორად მუშაობას გეგმავს, თუმცა, ტურიზმის დარგში პედაგოგიურ მოღვაწეობასაც არ გამორიცხავს.

„ჩემთვის თსუ-ში მოსვლა და ლექციებზე დასწრება ნამდვილი დღესასწაულია. პროგრამაზე ჩაბარების  მსურველი 100 კანდიდატიდან, მხოლოდ 10 მიიღო უნივერსიტეტმა, ძალიან სასიხარულო და ნამდვილი ზღაპარი იყო სწორედ ამ ათეულში მოხვედრა. 

ტურიზმით ჩემი დაინტერესება, ჯერ კიდევ, რუსეთში ცხოვრების დროს დაიწყო. ამ პროფესიას ვეუფლებოდი ქალაქ ლენინგრადის ტურიზმის აკადემიაში. 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, აქტიურად ვიღებდი სხვადასხვა კურორტის მოწყობისა და გახსნის ორგანიზებაში მონაწილეობას. მათ შორის იყო, 1988 წლის 5 მაისს გუდაურის გახსნა. 

მოგვიანებით, ქალაქ თბილისის საკურორტო სამმართველოში დავიწყე მუშაობა,  რომელიც წყნეთის, კიკეთის, კოჯორის, მანგლისის აგარაკებსა და ბავშვთა სანატორიუმებს  უწევდა კოორდინირებას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დავრჩი უმუშევარი, თუმცა მუსიკამ გადამატანინა ის წლები. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ირლანდიურ ბარში ვუკრავდი. 

წლების შემდეგ, გადავწყვიტე ჩემს პროფესიას დავბრუნებოდი, რაშიც ჩემი შვილი დამეხმარა და ორივემ ერთდროულად ჩავაბარეთ პროფესიულ კოლეჯ „იკაროსში“, სადაც ვეუფლებოდი რეგიონალური გიდის პროფესიას.

შემდეგ გავიგე, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ პროფესიულ სასწავლო პროგრამას ამატებდა და გადავწყვიტე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის სპეციალობა შემესწავლა. გვაქვს მოცულობითი სასწავლო ლიტერატურა, თან  თსუ-ში სწავლის მიმართ განსხვავებული და საინტერესო მიდგომებია, თუმცა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კიდევ უფრო გამართვა და გაუმჯობესება კარგი იქნებოდა. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი კურსელები მყავს და სასიამოვნოა, როგორც მათთან, ისე ლექტორებთან კომუნიკაცია. ჩემთვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ისტორია სიახლეა და ამ მხრივ, ორმაგად საინტერესოა აქ და ამ პროგრამაზე სწავლა,“ - ამბობს გიორგი მიქაძე.



სხვა სტატიები »