ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მასწავლებლები თსუ-დან

მასწავლებლები თსუ-დან
1 ივნისი, 2018
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები გამოცდილებას სკოლის მოსწავლეებს უზიარებენ. გიორგი გრიგოლია, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია, ის ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაში ასწავლის ფიზიკას, ასტრონომიასა და ასტროფიზიკის საწყისებს. გიორგი ამბობს, რომ მისი მიზანი მოსწავლეებისთვის აზროვნების და პრობლემებთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებაა.

„სწავლასთან მასწავლებლობის შეთავსება იოლი არაა, თუმცა ნამდვილად შესაძლებელია. ძირითად სირთულეს წარმოადგენს დროის ნაკლებობა და, რა თქმა უნდა, ლექციების გათვალისწინებით განრიგის დაგეგმვა, თუმცა, საჭირო ძალისხმევით ეს სირთულეები დაძლევადია. პრიორიტეტს სწავლა წარმოადგენს და საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ დამატებითი სამუშაოს ნაწილზე უარი ვთქვა, თუმცა საბედნიეროდ, ჯერ ამის საჭიროება არ არსებობს. სწავლება ძალიან საჭირო გამოცდილებაა, რადგან მეხმარება დავხვეწო გადმოცემის უნარი. ჩემი მიზანია მაქსიმალურად დავეხმარო მოსწავლეებს სწორად განვითარდნენ და რაც მთავარია, აზროვნებას და პრობლემებთან მუშაობას შეეჩვიონ, ვცდილობ მკაცრად არ მოვექცე, რადგან პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ უფრო მეტს ისეთი ადამიანისგან სწავლობ, ვის მიმართაც დადებითად ხარ განწყობილი და ვისი მოსმენაც გსიამოვნებს.

კომაროვის სკოლაში საოლიმპიადო წრეზე ვასწავლი. ეს არის სპეციალური დამატებითი გაკვეთილები იმ მოსწავლეთათვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით და მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო ოლიმპიადებში. ჩემი მიმართულება არის ფიზიკა. კონკრეტულად, მეათე კლასის მოსწავლეებს ვასწავლი ექსპერიმენტული ფიზიკის საწყისებს, გარდა ამისა, უფროსკლასელებს ვასწავლი ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საფუძვლებს. ჩემი კვალიფიკაცია მთლიანად გამოცდილებას ემყარება, რა თქმა უნდა, ხუთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ამავე სკოლაში. ამ პერიოდში მონაწილეობა მივიღე ყველა ძირითადად ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადაში ფიზიკის მიმართულებით, ახლა კი ვცდილობ დაგროვილი გამოცდილების ახალი თაობისათვის გაზიარებას.

ბუნებრივია, ეს დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, რადგან ვმუშაობთ ისეთ ამოცანებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად მაღლა დგას სასკოლო დონის პროგრამაზე. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ კომაროვის სკოლამ მომცა საშუალება სწავლების პროცესში ჩავრთულიყავი.

ახლახანს დავიწყე კომაროვის საშაბათო სკოლაში მუშაობა, სადაც მეოთხე კლასელებს ვასწავლი მათემატიკას. რა თქმა უნდა, პატარებთან მუშაობა რადიკალურად განსხვავებულია და არანაკლებ რთულიც, მით უმეტეს ჩემი ასაკის გათვალისწინებით. ბავშვებთან უთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს“, – ამბობს გიორგი გრიგოლია.

გელა პატაშური, გიორგი გრიგოლიას მსგავსად, მასწავლებლად მუშაობს. ის თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, პირველი კურსის სტუდენტია. თავის მოსწავლეებთან ერთად დიდ დროს ატარებს, სწავლებასთან ერთად ცდილობს მოსწავლეების განტვირთვას, რისთვისაც ერთად ფრენბურთს თამაშობენ და მუზეუმებში დადიან.

„კომაროვში და ვეკუაში ვარ საოლიმპიადო წრის მასწავლებელი. კომაროვში მე-12, მე-11 და მე-10 კლასელებს ვასწავლი ასტრონომიას, ვეკუაში კი მე-10 და მე-9 კლასელებს – ფიზიკას. ზოგადად, საოლიმპიადო მასალა გაცილებით რთულია სკოლის მასალაზე და ზომითაც მრავლისმომცველია. საქართველოში სკოლის დონის ფიზიკაში კარგი მასწავლებლის მონახვაა რთული და საოლიმპიადო ფიზიკაზე ლაპარაკი ზედმეტია. შესაბამისად, როდესაც კარგი სპეციალისტი გამოჩნდება ამ სფეროში, ფიზიკა-მათემატიკური სკოლები მაშინვე სთავაზობენ მას მუშაობას. ასე მოხდა ჩემ შემთხვევაშიც, ეს თავისთავადი იყო, მე არც მქონდა დაგეგმილი, შემომთავაზეს და მეც სიამოვნებით დავთანხმდი.

რთული არაფერია, როდესაც საქმეს სიყვარულით აკეთებ. ამის გარდა დიდ დროსაც არ მართმევს, რადგან კარგად მახსოვს ყველაფერი რაც ვისწავლე სკოლაში და წრის გაკვეთილისთვის იშვიათად, რომ წინასწარ მომზადება დამჭირდეს. წრის ჩატარება ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია, ისეთ წრეს ვატარებ, როგორზეც ვოცნებობდი, როცა მე თვითონ ვსწავლობდი სკოლაში. მაშინ გარკვეული საკითხები არ მომწონდა, არ მაკმაყოფილებდა და ახლა, როცა მე თვითონ ვარ წრის მასწავლებელი, სწავლების მეთოდებში ცვლილებები შევიტანე. მთელი მასალა დღეების მიხედვით განვალაგე და 20 წუთიანი თეორიული და ამოცანების წერების სისტემა შემოვიღე, რომელსაც ყოველი წრის დაწყებისას და დამთავრებისას ვაწერინებ და მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ. ზოგადად, თუ წრეზე არიან სუსტი და ძლიერი ბავშვები, მასწავლებელი ცდილობს დავალება და მასალა ისე შეარჩიოს რომ ორივე ფენამ შეძლოს დაძლევა, მაგრამ ჩემი აზრით, ამ დროს ძლიერები სუსტდებიან და წარმატების მიღწევაში ხელი ეშლებათ, ამიტომ ეს მიდგომა შევცვალე და მასალა და დავალება წრის ყველაზე ძლიერ მოსწავლეს მოვარგე, ზოგმა ამას ვერ გაუძლო და წრიდან წავიდა, მაგრამ სამაგიეროდ ძლიერები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და შედეგად ჩემი მოსწავლე საქართველოს რეიტინგში მესამე ადგილზე გავიდა და ნაკრების შესარჩევზე მოხვდა, ხოლო ფიზიკის გუნდურ ჩემპიონატზე, ჩემი მოსწავლეები უკრაინაში მესამე ადგილზე გავიდნენ.

წრის ბავშვების გაძლიერების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ბავშვების ერთმანეთთან კარგი მეგობრობა და დიდი სიყვარულია. ამის გამო, წრის დაწყებიდან მალევე ბავშვები ბოულინგის სათამაშოდ წავიყვანე, შემდეგ კი მუზეუმშიც ვიყავით გამოფენაზე. ხშირად ფრენბურთს ვთამაშობთ ერთად და ზოგჯერ, რვა საათიან წრეს ვატარებ შუაში შესვენებით, რომლის დროსაც ვსეირნობთ, ვლაპარაკობთ თანამედროვე ფიზიკის და ფილოსოფიის საკითხებზე, შემდეგ კი ენერგიას აღვიდგენთ ხოლმე და ისევ ვუბრუნდებით ჩვენ საყვარელ საქმეს.

ამ პროცესმა ძალიან დაგვამეგობრა ერთმანეთთან, ისეთი ურთიერთობა მაქვს მათთან, როგორც ჩემს ტოლებთან. ასაკით თითქმის მათი ტოლი ვარ და ჩვეულებრივ შენობით მელაპარაკებიან. წრეზე არიან ბავშვები, რომლებიც ისე კარგად აზროვნებენ, რომ თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე ჩვეულებრივ ვმსჯელობ ხოლმე მათთან ერთად, ზოგჯერ მე ვსვამ კითხვას და ისინი მპასუხობენ. ასეთ მეგობრების ყოლაზე ყოველთვის ვოცნებობი და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ისინი აღმოვაჩინე. როცა ვხედავ, როგორ აინტერესებთ ფიზიკა ჩემი თავი მახსენდება, კარგად მესმის მათი და ყველაფერს ვაკეთებ, რომ თუ რამე ვისწავლე, წავიკითხე და მივხვდი ამ სამყაროში, მოვუყვე, გავუზიარო და დავეხმარო გაიკვლიონ გზა დიდი მომავლისთვის. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს, ისინი ჩემთან ერთად დადგებიან დიდი მეცნიერები“, – ამბობს გელა პატაშური.

გელა პატაშური და გიორგი გრიგოლია ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადების მედალოსნები არიან. მათი თანაკურსელი, ალექსანდრე საათაშვილი, გასულ წელს მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადის ოქროს მედალოსნებს შორის მე-5 ადგილის მფლობელი გახდა და თსუ რექტორის სტიპენდიაც მიენიჭა. ალექსანდრე, გელას და გიორგის მსგავსად, კომაროვის სკოლაში მათემატიკას ასწავლის და ახალ თაობებს საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ამზადებს.

„კომაროვის სკოლაში ვატარებ მათემატიკის წრეს. ვასწავლი მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებს, ამ წრის მთავარი მიზანია ბავშვების მომზადება საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის. შემოთავაზება ჯერ კიდევ წინა წელს მივიღე და იქვე დავთანხმდი. ზოგადად, სკოლის დამთავრების შემდეგ ოლიმპიელები ხშირად უზიარებენ თავის გამოცდილებას შემდეგ თაობებს და პირველივე წლიდან ატარებენ წრეებს.

უნდა ითქვას,რომ სწავლასთან შეთავსება არც ისე რთულია, უბრალოდ ცოტა დროის პრობლემაა. საოლიმპიადო წრეზე ირჩევა რთული და ძალიან ლამაზი ამოცანები. ასე რომ, ამ წრის ჩატარება მასწავლებლისთვისაც საინტერესოა. ჩემი მოსწავლეები ჩემი მეგობრები არიან, თითქმის ყველას დიდი ხანია ვიცნობ. გასაკვირი არცაა, ჯერ კიდევ, შარშან ერთად დავდიოდით წრეზე. ჩემთვის ამ წრის ჩატარება არის ძალიან სასიამოვნო გამოცდილება“, – ამბობს ალექსანდრე.

სხვა სტატიები »