ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტები საველე პრაქტიკაზე ბერნის უნივერსიტეტში

თსუ სტუდენტები საველე პრაქტიკაზე ბერნის უნივერსიტეტში
31 მაისი, 2018
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საერთაშორისო პროექტის (SCOPES): „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ თანადაფინანსებით თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლანდშაფტური დაგეგმარების სამაგისტრო პროგრამის (ხელმძღვანელი პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი) მეორე კურსის სტუდენტები: თეონა ქობალია, ნათია მელაძე და სანდრო გოგოლაძე გაცვლითი პროგრამის (კურატორი, დოქტორი ჰეინო მეესენი) ფარგლებში იმყოფებოდნენ ბერნის უნივერსიტეტში (შვეიცარია). მათ ამავე უნივერსიტეტის გარემოს და განვითარების ცენტრში (CDE) წარადგინეს რამდენიმე პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა სამაგისტრო ნაშრომის თემატიკას. პრეზენტაციის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ბერნის უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა, ექსპერტებმა და სტუდენტებმა.

ქართველი მაგისტრანტები დაესწრნენ რამდენიმე ლექციას ბერნის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, მონაწილეობა მიიღეს მდგრად ტურიზმთან დაკავშირებულ საველე-სასწავლო კურსის პრაქტიკულ მეცადინეობაში ზამთრის კურორტ კანდერშტაგში (ბერნის კანტონი), შეხვდნენ ადგილობრივ ფერმერებს და მოსახლეობას, ჩაატარეს სოციო-ეკოლოგიური გამოკითხვა.
სანდრო, ნათია და თეონა ბერნში მიღებული გამოცდილების შესახებ გვიყვებიან.

სანდრო გოგოლაძე:
მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გაფორმებულია თსუ-სა და ბერნის უნივერსიტეტს შორის, ჩვენ ვიყავით პირველი გეოგრაფები, ვინც საველე პრაქტიკაზე იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ბერნის უნივერსიტეტში ვიზიტი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი მეგობრებისთვის, რადგან ჩვენთვის ეს იყო უდიდესი გამოცდილება, ადგილზე გავცნობოდით და გაგვეზიარებინა ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული სახელმწიფოს გამოცდილება კონკრეტული მიმართულებებით (მდგრადი ტურიზმის, მთის კანონის და ტყის არასამერქნე რესურსების გამოყენების, სამაგისტრო თემატიკების მიხედვით, შესახებ). გარდა ამისა, შვეიცარიაში ვიზიტი მოიცავდა 2 დღიან საველე-სასწავლო კურსს მდგრადი ტურიზმის შესახებ ზამთრის კურორტ კანდერშტაგში/ბერნის კანტონი. ასევე, ვიზიტისას შევხვდით პროფესორებს, ექსპერტებსა და სტუდენტებს, რომელთაც გაგვიზიარეს ცოდნა და გამოცდილება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

ახლო მომავალში ვგეგმავ სწავლა გავაგრძელო სადოქტორო პროგრამაზე ლანდშაფტური დაგეგმარების მიმართულებით. საქართველოში ეს ახალი მიმართულებაა, რომელიც ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ მიმართულებით ევროპაში სწავლის გაგრძელების ბევრი შესაძლებლობაა, რაც თავისთავად პროფესიული და არა მარტო პროფესიული კუთხით განვითარების უდიდეს შესაძლებლობას გულისხმობს. თსუ-ში 2010 წელს ჩავაბარე. მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ თსუ ყველაზე მაღალი დონის უნივერსიტეტია საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, სადაც შეგიძლია მიიღო დიდი ცოდნა და გამოცდილება მაღალი დონის პროფესორებისგან.

თავდაპირველად, თსუ-ში ჩავაბარე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, მაგრამ გეოგრაფიის პირველი ლექციის შედეგ (იმ დროს საერთაშორისო ურთიერთობები და საზოგადოებრივი გეოგრაფია ერთი ფაკულტეტის შემადგენლობაში იყო), გადავწყვიტე არჩევანი შემეცვალა. მე-8 წელია თსუ-ში ვსწავლობ გეორგაფიას, დავამთავრე ბაკალავრიატი და მაგისტრატურა საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით, ამჟამად კი ვსწავლობ ლანდშაფტური დაგეგმარების სამაგისტრო პროგრამაზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. სამწუხაროდ, ჩვენს უნივერსიტეტში გეორგაფია ორი მიმართულებად არის გაყოფილი და ორ სხვადასხვა ფაკულტეტზე ისწავლება, ამიტომ სტუდენტებს არ ეძლევათ საშუალება გეოგრაფიის ორივე მიმართულებით საფუძვლიანი ცოდნა მიიღონ, რაც უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ შენი საქმის პროფესიონალი გახდე.

ამჟამად, პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი. ვასწავლი კერძო სკოლაში და ასევე ვამზადებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. უამრავ აბიტურიენტთან მაქვს შეხება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემი სპეციალობა არც ისე პოპულარულია აბიტურიენტებს შორის, თუმცა, ყოველთვის ვცდილობ დავარწმუნო ისინი, რომ ჩააბარონ თსუ-ში და არა სხვაგან, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავ და გავიმეორებ, რომ ჩემი აზრით, თსუ არის ყველაზე მაღალი დონის უნივერსიტეტი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, რომელიც ინარჩუნებს ხარისხს, მიუხედავად მრავალი გამოწვევისა; სადაც შეგიძლია მიიღო დიდი ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობა მომავალში წარმატებების მისაღწევად შენს პროფესიაში“.

თეონა ქობალია:
ბერნში ჩვენი ვიზიტი იყო უპირველეს ყოვლისა ევროპული გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლითაც დაინტერესებულები ვიყავით და უნდა გამოგვეყენებინა ჩვენს კვლევაში (სამაგისტრო ნაშრომი). ბერნის უნივერსიტეტი ერთ-ერთ წამყვანი უნივერსიტეტია გეოგრაფიის სფეროში და მნიშვნელოვანი იყო მათი კვლევის და სწავლების მეთოდოლოგიების გაცნობა. ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ასევე მომავალი კავშირებისთვის და თანამშრომლობისთვის, რადგან ისევ მოხდეს გამოცდილების და ინფორმაციის გაზიარება სამეცნიერო სფეროში.

პირველ რიგში, აღსანიშნავია გულთბილი მიღება და ყურადღება რომელიც გამოიჩინეს იქაურმა სტუდენტებმა, აკადემიურმა პერსონალმა, ექსპერტებმა და უნივერსიტეტის თანამშრომლებმა. დაესწრნენ ჩვენს პრეზენტაციას (სამაგისტრო ნაშრომის მიმოხილვა), გაგვიზიარეს გამოცდილება, მოგვცეს სასარგებლო რჩევები, ჩაერთნენ დისკუსიაში და დაინტერესდნენ საქართველოში არსებული პრობლემატიკით, რომელიც წამოჭრილი იყო ჩვენს ნაშრომებში, კონსულტაცია გაგვიწიეს კვლევით ინსტიტუტში ვიზიტზე, როგორიცაა @wslresearch, რომ მაქსიმალურად მიგვეღო საჭირო გამოცდილება და ინფორმაცია ვიზიტის ფარგლებში. გაგვაცნეს ბერნის უნივესტეტში სწავლის გაგრძელების პერსპექტივები და დახმარების სურვილი გამოთქვეს.

ბერნში გატარებულმა დღეებმა ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინებს, დიდი ინტერესი გამოიჩინეს ჩვენი კვლევის და ნაშრომის მიმართ, ასევე მათმა ჩრთულობამ და დახმარებამ ნამდვილად დადებითი შთაბეჭდილებები დატოვა. დაუზარელი დახმარება გაგვიწიეს ახალგაცნობილმა და საქართველოში დამეგობრებულმა სტუდენტებმა“.

ნათია მელაძე:
„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი ბერნის უნივერსიტეტში, რადგან ჩემი თემა ეხება “საქართველოს მთის კანონს“, შვეიცარია კი როგორც მთიანი ქვეყანა, კარგი მაგალითია საქართველოსათვის თუ როგორ უნდა განვავითაროთ მთიანი ტერიტორიები საქართველოში. მნიშვნელოვანი იყო შვეიცარიის მთავრობის რეგულაციები მთაში მცხოვრები მოსახლეობის და მათი საქმიანობის მიმართ.

ჩვენ სამივე ვართ ლანდშაფტური დაგეგმარების მიმართულების წარჩინებული სტუდენტები, ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ინტერესი სამაგისტრო თემებთან დაკავშირებით, რადგან სამივე სტუდენტის თემა ეხება მთიან ტერიტორიებს. ასევე დაინტერსება იყო თავად ბერნის უნივერსიტეტის ლექტორებისგან ჩვენს თემატიკასთან დაკავშირებით. ბავშვობიდან მიყვარდა რუკები და სივრცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დატანა რუკაზე. ასევე მაინტერესებდა გეოგრაფია და დედამიწაზე მიმდინარე პროცესები.

მომავალ გეოგრაფებს ვურჩევ იყვნენ შრომისმოყვარენი და მიზანდასახულნი. მიიღონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მათ პროფესიასთან და გარემოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მეტად მიიღონ მონაწილეობა საველე ექსპედიციებში. რაც მთავარია უყვარდეთ და აინტერესებდეთ არჩეული პროფესია“, – ამბობს ნათია.

სხვა სტატიები »