ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ეიფელის ბრწყინვალების“ 2018 წლის სტიპენდიის ლაურეატი თსუ სტუდენტია

„ეიფელის ბრწყინვალების“ 2018 წლის სტიპენდიის ლაურეატი თსუ სტუდენტია
4 ივნისი, 2018
2018 წლის „ეიფელის ბრწყინვალების“ სტიპენდიის ლაურეატი თსუ სტუდენტი გვანცა გაგნიძე გახდა. გვანცა სწავლას მაგისტრატურის საფეხურზე სტრასბურგის უნივერსიტეტში, სამართლის მიმართულებით განაგრძობს.

„ეიფელის ბრწყინვალება“ არის საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაწესებული სტიპენდია, რომელიც საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებს საშუალებას აძლევს მოიზიდონ საუკეთესო უცხოელი სტუდენტები სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება, პროცედურული თვალსაზრისით, არ არის რთული. მსურველმა, პირველ რიგში, უნდა მოიძიოს სასურველი უნივერსიტეტი და პროგრამა, დაუკავშირდეს ამ უნივერსიტეტს და აცნობოს, რომ სურს განაცხადის გაკეთება ზემოაღნიშნული სტიპენდიის მისაღებად. უნივერსიტეტი ითხოვს საჭირო დოკუმენტებს. დოსიეს განხილვის შემდეგ წყვეტს უნივერსიტეტი, წარადგენს თუ არა ამა თუ იმ კანდიდატს უნივერსიტეტის სახელით სტიპენდიის მისაღებად. დადებითი პასუხის შემთხვევაში მონაცემები გადაეცემა „კამპუს ფრანსს“. ამის შემდეგ განიხილავენ კანდიდატურებს და ბოლოს, დაახლოებით ორ თვეში, აქვეყნებენ შედეგებს.  „თსუ-ში, ისევე როგორც სხვადასხვა ორგანიზაციაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რა თქმა უნდა, ჩემთვის იყო აუცილებელი ეტაპი, რათა მაგისტრატურის საფეხურზე საფრანგეთში სწავლის სურვილი რეალობად მექცია. ვერ გეტყვით, ზუსტად რამ განაპირობა ჩემი კანდიდატურის დაკმაყოფლება, ეს მხოლოდ ჟიურიმ იცის, თუმცა ვიცი, რომ წინ კიდევ უფრო რთული და შრომატევადი ეტაპია.
სწავლას ახალი სასწავლო წლიდან სტრასბურგის უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე, კერძოდ, საერთაშორისო და ევროპული სამართლისა და ადამიანის უფლებების სამაგისტრო პროგრამაზე განვაგრძობ. განათლების ხარისხისა და, ზოგადად, ამ სფეროსადმი საფრანგეთში არსებული მიდგომების გათვალისწინებით, იმედი მაქვს, მაქსიმალურ ცოდნასა და გამოცდილებას მივიღებ. აბიტურიენტებს, სტუდენტებს ვურჩევდი, არ შეწყვიტონ საკუთარი თავის ძიება პროფესიაში. აუცილებლად სცადონ ბედი საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. ამ გზით, გარდა იმისა, რომ ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი ხდება ჩვენთვის, ამასთანავე უდიდეს ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც ვიღებთ, რასაც ვერაფერი ჩაანაცვლებს“, – ამბობს გვანცა.

სხვა სტატიები »