ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

უნივერსიტეტელი – როცა ყველაზე არარეალური ოცნებებიც ხდება

უნივერსიტეტელი – როცა ყველაზე არარეალური ოცნებებიც ხდება
2 ივნისი, 2018
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული, 24 წლის ანი ბალასანია, რომელმაც საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობის სტიპენდიები მოიპოვა და სწავლა სორბონას უნივერსიტეტში განაგრძო, ამჟამად პარიზში ევროპულ საქმეთა ოფიცრად მუშაობს და ევროკავშირის ახალგაზრდული პოლიტიკის აღსრულებას ემსახურება. თანამშრომლობს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქის მერებთან და შემოდგომაზე საფრანგეთის პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება. ამბობს, რომ გაცილებით მეტი იდეა აქვს, ვიდრე დრო. ანი ბალასანია, ჩვენთან საუბრისას იმ გზას იხსენებს, რომელიც თსუ-დან დაიწყო და პარიზში გრძელდება. ფიქრობს, რომ თსუ ის ადგილია, სადაც ყველა კუთხეში შესაძლებლობებია და ყველა სივრცეში საინტერესო ადამიანი, რომლებიც მზად არიან გაგიზიარონ თავიანთი აკადემიური თუ ცხოვრებისეული ცოდნა.

„ბანალური სიბრძნე, რომ ცხოვრებაში მარტივად არაფერი ხდება, ჩემი ცხოვრების აღწერის ყველაზე მოკლე და ეფექტიანი გზა იქნებოდა. ყოველი სიახლის, გამოცდილების თუ ცოდნის მიღება ჩემგან საფასურად ითხოვდა უძილო ღამეებს, ფიქრებს, ზოგჯერ იმედგაცრუებასა და მტკივნეულ რეალობასთან შეჯახებას.

ბავშვობაში უნივერსტეტი ჩემთვის თსუ-სთან ასოცირდებოდა. ეს ალბათ, იმითაც იყო გამოწვეული, რომ დედაჩემიც იქ სწავლობდა და ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებდა სტუდენტურ პერიოდს. ამიტომ, სხვა უნივერსტეტში სწავლას ვერც კი წარმოვიდგენდი. 
თსუ არ არის მხოლოდ აკადემიური დაწესებულება, არამედ ის ცხოვრების გარკვეული ეტაპია და მე ამ ეტაპზე უზომოდ ბევრი ვისწავლე. ის უნარ-ჩვევები შევიძინე, რომლებიც ცხოვრების ყველა მომენტსა და სფეროში იქნება გამოსადეგი.

მე ყოველთვის ვიყავი Multipotentialite – სხვადასხვა ინტერესები მქონდა და მსურდა, სამყაროზე ბევრი რამ მცოდნოდა. ამიტომ, როდესაც მიმართულებას ვარჩევდი, მივხვდი, რომ ჩემს ინტერესებს ყველაზე მეტად სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები შეავსებდა და არც შევმცდარვარ. ამ ფაკულტეტზე სწავლამ მომცა საშუალება, რომ მქონოდა მსოფლიოს თანამედროვე სურათი და კრიტიკული ანალიზის საშუალებით მეძებნა გზები, მის გასაუმჯობესებლად, რისი სურვილიც მუდამ თან დამყვება. 

თითქმის არასოდეს გამმართლებია ცხოვრებაში, იმის გარდა, რომ არაფრის მეშინია. ამიტომ როგორც იტყვიან ბრიტანელები „ I dream big and work hard“. მუდამ მჯერა, რომ ყველაფერი გამოვა, ეჭვები საერთოდ არ მიჩნდება. ამავე განწყობით მოვიპოვე საფრანეთისა და საქართველოს მთავრობის სტიპენდია. როდესაც გასაუბრებაზე დამიბარეს, ერთი წუთით არ დამიშვია, რომ ეს კონკურსი იყო. მეგონა სტიპენდია უკვე მოვიპოვე და მხოლოდ გასაცნობად დამირეკეს. საბედნიეროდ, ამ განწყობამ კვლავაც გაამართლა და ასე აღმოვჩნდი პარიზში, სორბონის უნივერსტეტში. ორი საოცარი წელი, რომელსაც რთულად თუ შევადარებ რამეს, იმდენად საინტერესო იყო. პირველ რიგში აკადემიური კუთხით, მეორე მხრივ ლინგვისტური. ვერ ვიტყოდი, რომ მარტივი იყო, მით უფრო, რომ ფრანგების რამით გაოცება ძალიან რთულია, თუმცა დიდი გამოცდილება მივიღე.
ძალიან სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ ყოველ თემაზე, რომელსაც იქ სწავლის პერიოდში შევეხეთ, უკვე მქონდა გარკვეული წარმოდგენა თსუ-ში მიღებული განათლების წყალობით. ამიტომ ადაპტაცია არ გამჭირვებია გარკვეული ენობრივი ბარიერის მიუხედავად. პირიქით, დიდი ფრანგი მეცნიერების შრომების გაცნობა ქართულის მერე ფრანგულ ენაზე, უზომოდ შთამბეჭდავი იყო ჩემთვის“, – ამბობს ანი.

იგი ამჟამად, ასოციაციაში Innovation Jeunesse Découverte France პარიზში მუშაობს, როგორც ევროპულ საქმეთა ოფიცერი. ასოციაცია ევროკავშირის ახალგაზრდული პოლიტიკის აღსრულებას ემსახურება. 

„ასოციაციაში ევროპულ სტრატეგიაზე მუშაობა სრულიად მაბარია მე, ამიტომ ძალიან დამოუკიდებელი ვარ მის შემუშავებაში და ბევრი მაქვს ქართული ინსპირაცია. ძირითადი მისია არის ის, რომ ფრანგ ახალგაზრდებს მივცეთ მოტივაცია, მეტი ინფორმაცია და შესაძლებლობები, გახდნენ უფრო აქტიურები. 

თავად აქტიურად ვმუშაობ პროექტებზე ევროკომისიის „ერასმუს პლუს“ პროგრამის ფარგლებში, ისევე როგორც ევროპის მოხალისეობრივ სერვისზე. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი პროექტი სცდება სამოქალაქო სექტორს და ინაცვლებს პოლიტიკის დონეზე, ამ დროს მეტი შანსია, პოზიტიური ცვლილებები მოახდინო. მაგალითად, პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ „ერასმუს პლუს“ პროგრამის დახვეწაზე მომდევნო წლებში და ახალი ბიუჯეტის დაგეგმვაზე. შემოდგომაზე ვხვდები საფრანგეთის პრეზიდენტს, შეხვედრაზე განხილული იქნება საფრანგეთის ახალგაზრდული პოლიტიკის შესაბამისობა ევროპულთან.ევროსაბჭო რეგულარულად აწყობს შეხვედრებს მოცემული პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის. აპრილში საფრანგეთი წარვადგინე მონტენეგროში, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გვიმასპინძლა და მონტენეგრო ოფიციალური წევრი გახდა ჩვენი პროგრამის.

ადგილობრივ აქტივობებს რაც შეეხება, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქალაქის მერიებთან. ბოლო სამ შაბათ-კვირას სხვადასხვა ქალაქებში ვატარებ. ქალაქების მერიებთან ერთად ვახდენთ ევროპის კვირეულის ორგანიზებას. სტრასბურგის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა ჩემი პირველი პროექტი, რომელიც ემსახურებოდა ახალგაზრდების ინფორმირებას ევროპის შესახებ, მოეწყო მსვლელობა ქალაქის ცენტრში სხვადასხვა ლოკაციებზე.

ყველაზე სასიამოვნო ამ დღეებში ევროსაბჭოში საქართველოს ელჩის მიერ მასპინძლობა იყო, რამაც თავი საქართველოში მაგრძნობინა, შევხვდი ძალიან საინტერესო და წარმატებულ ქართველ ახალგაზრდებს და კიდევ ერთხელ ავივსე მოტივაციითა და შთაგონებით.
ამ ვიზიტისას ასევე გავიცანი ბატონი კოლაკოღლუ, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელია სტრასბურგში. ის დამიკავშირდა, რათა სექტემბერში ჩავატაროთ ევროპელ მოქალაქეთა შეხვედრა, დიალოგი და ახალი მოლოდინების მიმოცვლა ევროდეპუტატებთან.ევროპის დღეები გავატარეთ ამიანში, პრეზიდენტის ქალაქში, რომელიც 2020 წლის ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქია და მერიასთან თანამშრომლობით, მონაწილეობას მივიღებ ამ წლის ახალგაზრდული პროგრამის გაწერაში. ამასთან, ევროკომისიის მხარდაჭერით, ვმუშაობ პროექტებზე ახალგაზრდა ამომრჩეველთა ჩართულობის გასაზრდელად 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ძალიან მინდა განვახორციელო, არის პარიზის ახალგაზრდული რუკა, რომელიც ჩაიდება პარიზის ტურიზმის ოფისის სტრატეგიაში“, – ამბობს ანი.

კითხვაზე, თუ რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად, ანი ყველას ურჩევს,რომ ისწავლონ უცხო ენები, იმოგზაურონ ბევრი და იამაყონ ქართველობით. მისი თქმით, ნებისმიერი მცირე ძალისხმევაც კი პოზიტიურ შედეგს გამოიტანს. 

„ყველას ვურჩევდი დაიჯერონ, რომ ყველაზე არარეალური ოცნებები ხდება, თან ძალიან მოულოდნელად; ყველა წუთი გამოიყენონ, რადგან ის აღარ მეორდება და სიცოცხლე უხაროდეთ, როგორი რთულადაც არ უნდა ჩანდეს იგი. ვურჩევდი ახალგაზრდებს, რომ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედონ და ისე შეაფასონ საკუთარი საქმიანობა, ასევე ნურავის იმედი ექნებათ საკუთარი ძალების გარდა და ნუ ჩათვლიან, რომ ვინმე მათ წინაშე ვალდებულია. ყველა ტკივილი გაკვეთილად უნდა აქციოთ, მუდამ ეძებოთ სიახლეები და არაფრის ეშინოდეთ, თუმცა უსმინონ სხვებს, რათა კრეატიული იდეები გაუჩნდეთ. და ბოლოს, ვურჩევდი უყვარდეთ ადამიანები, რადგან ადამიანობა რჩება ყველაზე დიდ ღირსებად ყველა ქვეყანაში, ყველა ეპოქასა და ყველა რწმენაში“, – ამბობს ანი.


სხვა სტატიები »