ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტი – მედია-განათლების გაცვლით პროგრამაში

თსუ სტუდენტი – მედია-განათლების გაცვლით პროგრამაში
27 მარტი, 2018
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტმა ანა ვახტანგაძემ ცოტა ხნის წინ საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მედია განათლების გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

„Media Exchange Program“ მოქმედი ჟურნალისტებისთვისთვის იყო გათვალისწინებული. პროგრამის მიზანი ქართველი ჟურნალისტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევები ამაღელება და ამერიკული მედია გარემოს გაცნობა იყო. 3 იანვრიდან 14 იანვრამდე, პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს პრაქტიკული მეცადინეობების გარდა საინფორმაციო შეხვედრებსა და ექსკურსიებში მონაწილეობის საშუალებაც ჰქონდათ. კერძოდ, ტექნოლოგიური ინოვაციების გლობალური ცენტრის – სილიკონ ველის, Facebook-ის და Google-ის გარდა, ისინი სხვადასხვა მედიასაშუალებების, ტელევიზიების, რადიოსადგურებს, ბეჭდური მედიის ოფისებსაც ეწვივნენ.

პროგრამის კონკურსის შესახებ ანამ თავისი ერთ-ერთი ლექტორისგან შეიტყო, რომელმაც ინფორმაცია საელჩოს ვებგვერდიდან თავის ფეისბუკის გვერდზე გააზიარა.

ანა საინფორმაციო პორტალისთვის, On.ge-მუშაობს. კონკურსის თაობაზე კონსულტაციები თავის რედაქტორსა და თანამშრომელთან გაიარა, რომლებიც აშშ-ში მანამდე საელჩოს სხვა პროგრამით იყვნენ. თავად მსგავს კონკურსში მანამდე მონაწილეობა არ მიუღია. „ვიცოდი, რომ აშშ-ში მიღებული ცოდნა საქართველოშიც გამომადგებოდა. და თანაც, ეს ხომ ამერიკაა. ჩემებურად მეც ვატარებდი გულში ე.წ. ამერიკულ ოცნებას. ბუნებრივია, რომ ამ ქვეყანაში მოხვედრისა და მასთან დაახლოების შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. თავიდან, როდესაც აპლიკაციას ვავსებდი, მეგონა, რომ მეორე ტურში ვერ გადავიდოდი. თუმცა ახლა რომ ვუკვირდები, პირველი ეტაპი საკმაოდ ადვილი შესასრულებელი იყო. მეორე ეტაპი უკვე გასაუბრება იყო და აქ ნამდვილად მომიწია შრომა იმისათვის, რომ პროგრამის ხელმძღვანელებისთვის თავი მომეწონებინა. ამერიკელები ასეთ საკითხში პედანტები არიან. აკვირდებიან როგორ საუბრობ, რამდენს საუბრობ, ზედმეტად ხომ არ ცდილობ საკუთარი თავის „რეკლამირებას“. სწორედ ეს იყო ყველაზე რთული, რომ თავის წარმოჩენისას ზღვარი არ დამერღვია, ზედმეტი არ მელაპარაკა, საერთოდ კითხვებზე შესაბამისი პასუხი გამეცა“.

ფიქრობს, რომ თსუ-ის დახმარებით ჩამოუყალიბდა ის ხედვა, რომელიც როგორც სამსახურში, ისე, თუნდაც, ამერიკის საელჩოს პროგრამაში გასამარჯვებლად დაეხმარა. „სანამ არ ცდი ვერ გაიგებ. ყოველთვის ამას ვეუბნები საკუთარ თავს. ხშირად მგონია, რომ რაღაცისთვის შესაბამისი კვალიფიკაცია არ მაქვს ან შესაბამისად კარგად არ ვარ მომზადებული, მაგრამ თუ არ სცადე ვერასდროს გაიგებ რა შეგიძლია. ამიტომ, ყოველთვის უნდა იმოქმედო“, ასეთ რეკომენდაციას აძლევს ანა სხვა სტუდენტებს.

ამ ეტაპზე იგი მხოლოდ ბაკალავრის ხარისხის დაცვაზე ფიქრობს. სწავლის გაგრძელების თვალსაზრისით, სურს კარგად დაფიქრდეს და ისე გადაწყვიტოს, თუ სად და რის შესწავლას გადაწყვეტს მაგისტრის ხარისხის მისაღებად. სურვილი აქვს აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის საკითხების გაშუქებაში და შესაბამისად, ამ მიმართულებით უფრო მეტად განვითარდეს.


სხვა სტატიები »