ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

იაპონიის მთავრობის სტიპენდია თსუ სტუდენტს

იაპონიის მთავრობის სტიპენდია თსუ სტუდენტს
6 თებერვალი, 2018
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის, ფუნდამენტური ფიზიკის მიმართულების სტუდენტი გიორგი ქუმსიაშვილი სულ მალე სწავლას იაპონიაში გააგრძელებს. საამისოდ, გიორგიმ საერთაშორისო სტუდენტებისათვის იაპონიის მთავრობის მიერ გათვალისწინებული სტიპენდია მოიპოვა. აპრილიდან, ორი წლის განმავლობაში, იგი ოსაკას უნივერსიტეტში მაგისტრატურაში ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკას პროფესორ იოშიტაკა კუნოს ხელმძღვანელობით შეისწავლის. 

იაპონიის მთავრობის მიერ გამოცხადებული დაფინანსების შესახებ გიორგიმ თბილისის იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის დამფუძნებელისა და ამავე დროს თავის მასწავლებელ ნინო ჭანტურიასგან შეიტყო. რადგან იაპონიაში სწავლის გაგრძელების სურვილი ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატში სწავლის დროს გაუჩნდა, კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტა. მის ამ სურვილს მხარი იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის და თსუ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფიზიკის ლექტორებმაც დაუჭირეს. 

 „გრძელი ვადით საზღვარგარეთ სასწავლებლად არ ვყოფილვარ. მსგავს მაღალბიუჯეტიან კონკურსში, რომელიც სრულად აფინანსებს მაგისტრატურის სწავლების და იაპონიაში ცხოვრების ხარჯებს, ნამდვილად არ გამიმარჯვია. თსუ-ში მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად დამეხმარა ოსაკას უნივერსიტეტის შიდა ზეპირ და წერით გამოცდებში. განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ ძირითადი საგნების უმეტესობაში გვაქვს წვდომა და ვიყენებთ არა მარტო ქართულ, არამედ ინგლისურ მასალებსაც. გარდა ამისა, იმ ლექტორებთან კონსულტაციით, რომლებიც წარსულში მუშაობდნენ იაპონიაში, ზოგადი წარმოდგენა შემექმნა იმაზე, თუ როგორია იაპონიაში ცხოვრება, სწავლა და მუშაობა სამეცნიერო სფეროში. იაპონიაში მაგისტრატურის კურსის დამთავრების შემდეგ, თუ მსგავს კონკურსში ისევ გავიმარჯვებ, ვაპირებ სწავლა სადოქტორო პროგრამაზე გავაგრძელო“, – ამბობს გიორგი. მისი თქმით, ამ კონკრეტული კონკურსის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ინგლისური ენის კარგი და იაპონური ენის საბაზისო ცოდნა იყო საჭირო. შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო ასევე კარგი აკადემიური მოსწრება. თუმცა, მისი აზრით, მთავარი მაინც იმის კარგად გათვითცნობიერება იყო, თუ რის, სად, რისთვის სწავლას აპირებს სტუდენტი, რა კონკრეტული მიზნები ამოძრავებს მას. 

ცნობისათვის, ფიზიკა და იაპონური ენის გარდა, გიორგის კიდევ ბევრი გატაცება აქვს, რომელსაც წარმატებით უთავსებს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლას. მათ შორის ისეთიც, რომელმაც იაპონისათანაც დააკავშირა. ერთ-ერთი კენდოა (იაპონური ფარიკაობის სახეობა), სპორტი რომელზეც დღემდე დადის. კენდო სულ რაღაც ერთი წლის წინ აღმოაჩინა ლისის ტბასთან არსებულ ამერიკულ აკადემიაში. სპორტის ამ სახეობის ძირეულად შესწავლის სურვილი გიორგის იაპონიით დაინტერესების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. გარდა ამისა, გიორგის ქართული ხალხური სიმღერაც იტაცებს და ბავშვობიდან დღემდე ანსამბლ „მართვეში“ დადის. აინტერესებს კომპიუტერული პროგრამირება, განსაკუთრებით GNU/Linux სისტემა და როგორც ალბათ ახალგაზრდების უმეტესობას, კომპიუტერული თამაშები. დადის იოგას გაკვეთილებზე. როგორ ახერხებს ამ ყველაფრის შეთავსებას? „ჩემი აზრით მთავარია დაინტერესებული და მონდომებული იყო, დროს კი აუცილებლად გამონახავ“, – ასე პასუხობს იგი ჩვენს კითხვას.

სხვა სტატიები »