ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

დოქტორანტების კვლევითი პროექტი - „განახლებადი ენერგიის პოტენციალი საქართველოში"

დოქტორანტების კვლევითი პროექტი - „განახლებადი ენერგიის პოტენციალი საქართველოში"
2 თებერვალი, 2018
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა ვახტანგ ჩქარეულმა, ცოტნე ჟღენტმა და ნინო ბიწაძემ თსუ-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში სტუდენტური სამეცნიერო პროექტების დაფინანსების შესახებ, მონაწილეობა მიიღეს. დოქტორანტების კვლევითი პროექტი „განახლებადი ენერგიის პოტენციალი საქართველოში და მისი გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე“ დაფინანსდა და მის ფარგლებში საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „მწვანე ეკონომიკა და მისი გამოწვევები განვითარებად ქვეყნებში“ ჩატარდა.

კვლევითი პროექტით გრანადისა და ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორები დაინტერესდნენ. ღონისძიება პირდაპირი ჩართვით გახსნა გრანადის უნივერსიტეტის პროფესორმა ვალენტინ მოლინა მორენომ (პროფ. მოლინას ოქტომბრის თვეში „ერაზმუს+“ ფარგლებში უმასპინძლა მაკრო ეკონომიკის კათედრამ), რომელმაც რეკომენდაციებით მხარდაჭერა გაუწია აღნიშნულ ღონისძიებას.
საკონფერენციო ნაშრომებზე მუშაობა მიმდინარეობდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრაზე. ნაშრომების სამეცნიერო ხელმძღვანელი და კონფერენციის სესიის თავჯდომარე გახლდათ ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებმა. მომხსენებლებმა წარმოადგინეს სამეცნიერო ნაშრომები საქართველოში არსებული მწვანე ეკონომიკის, ცირკულარული ეკონომიკის, განახლებადი ენერგიის და ეკონომიკურ-ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. 

ვახტანგ ჩქარეული კვლევითი პროექტის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება. „მე და ჩემს მეგობრებს, ცოტნეს და ნინის „გვაწუხებს“ ხოლმე სხვადასხვა იდეები, რომელთა განსახორციელებლადაც ხშირად ფინანსურ რესურსებზე ხელი არ მიგვიწვდება. როდესაც თსუ-მ გამოაცხადა კონკურსი სტუდენტური სამეცნიერო პროექტების დაფინანსების შესახებ ერთადერთი, რაზეც ვიკამათეთ იყო ის, თუ რომელი საკვლევი თემა აგვერჩია ჩვენი ვრცელი სიიდან. საბოლოოდ, ერთხმად შევჯერდით გამოგვეკვლია განახლებადი ენერგიის პოტენციალი საქართველოში და მისი გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე. პრინციპში, კვლევები განახლებადი ენერგიის შესაძლებლობებთან დაკავშირებით მრავალად ჰქონდა ენერგეტიკის სამინისტროს, თუმცა ისინი წმინდა ენერგეტიკული იყო და არავის ჰქონდა დღემდე გადაყვანილი მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში. მაგალითად, ამ რესურსების ათვისება როგორ აისახება ჩვენი ქვეყნის სავაჭრო ბალანსსა და მთლიანად ეკონომიკურ გარემოზე. 

დღეს, მსოფლიო ეკონომიკის გაფართოებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე, რაც პლანეტის შეზღუდული რესურსების ფონზე უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს განახლებად ენერგო-რესურსებს. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნისათვის ყოველთვის იყო პოლიტიკურად და ეკონომიკურად აქტუალური ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი, ამდენად, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ამ საკითხის განხილვა პოლიტ-ეკონომიკურ ჭრილში, რაც საბოლოო ჯამში გამოგვივიდა კიდეც“, – ამბობს ვახტანგი.
სტუდენტებმა პროექტზე მუშაობა 6 თვის წინ დაიწყეს და ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი დარგის ექსპერტს გაესაუბრნენ.

„მოვისმინეთ როგორც მათი, ასევე გარემოსდამცველების შენიშვნები და რეკომენდაციები და საბოლოოდ, ეს ყველაფერი განვიხილეთ ეკონომიკურ ჭრილში. ჩვენი მიგნებები საგულისხმოა იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ განახლებადი ენერგიის და მთლიანად „მწვანე ენერგიის“ კონცეფცია შევისწავლეთ ეკონომიკურ ჭრილში, რაც აქამდე საქართველოში არ განხორციელებულა.

რაც შეეხება კონფერენციას, აქ უკვე გვინდოდა ჩვენი კვლევის ძირითადი შედეგები წარგვედგინა სტუდენტებისათვის და ასევე მოგვესმინა მათი შეხედულებებიც. კონფერენციამ ჩვენს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაშიც ,პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს მოწვეული სტუდენტებისა და მთლიანად მაკროეკონომიკის კათედრის უდიდესი წვლილი. ჩვენთვის, ეს იყო პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც დავაორგანიზეთ ამ დონეზე, რაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა იყო. ცხადია, ერთი მხრივ, გვინდოდა რომ შინაარსობრივი ნაწილი ყოფილიყო მეცნიერული დონის, და მეორე მხრივ, მოწვეულ სტუმრებს ჰქონოდათ შექმნილი საუკეთესო პირობები. ფართო გამოხმაურებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიზანს მივაღწიეთ.

ჩვენი კონფერენციის მნიშვნელობას, ყველაზე მეტად თემის სიახლე და მასში ჩართული მხარეები განსაზღვრავენ. გრანადის უნივერსიტეტისა და ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორების ჩართულობამ თსუელებთან ერთად მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა ჩვენი კონფერენცია. გარდა ამისა, გვსურს, რომ ეს კონფერენცია ტრადიციად ჩამოვაყალიბოთ და მომავალში უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეთ.

ჩემს გუნდთან ერთად ამჟამად ვასრულებთ ჩვენი კვლევის ფარგლებში მონოგრაფიის გამოცემის საკითხს. გვსურს, რომ ჩვენი კვლევის კონკრეტული შედეგები ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა დაინტერესებული მხარისათვის. მონოგრაფიაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და უახლოეს მომავალში გამოიცემა ინგლისურ და ქართულ ენებზე. ასევე, ვგეგმავთ მის პრეზენტაციას.
რაც შემეხება პირადად მე, ამ ეტაპზე სრულად კონცენტრირებული გახლავართ ჩემს სადისერტაციო თემაზე. პარალელურად, რამდენიმე სამეცნიერო საგრანტო პროექტს ვახორციელებ, რაც ჩემს გრაფიკზეც აისახება.

მაგალითად, მიმდინარე კვირაში მე და ცოტნე ჟღენტი მიწვეული ვართ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ლისაბონში, ასევე გაზაფხულზე მოკლევადიანი კვლევითი ვიზიტით მივემგზავრებით ტარტუსა და გრანადის უნივერსიტეტებში, საიდანაც იმედია, ახალი ძალებით, იდეებითა და შემართებით ჩამოვალთ და გავაგრძელებთ მუშაობას.

სხვა სტატიები »