ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ესმა გუმბერიძე: „ვერავითარი წინსვლა ვერ მოხდება, თუკი ადამიანი არ გამოვა თავისი კომფორტის ზონიდან“...

ესმა გუმბერიძე: „ვერავითარი წინსვლა ვერ მოხდება, თუკი ადამიანი არ გამოვა თავისი კომფორტის ზონიდან“...
30 იანვარი, 2018
ესმა გუმბერიძე თსუ სამართლის ფაკულტეტის უსინათლო სტუდენტია. სამართლის მიმართულებით სწავლის გაგრძელებისკენ ბავშვობის დროინდელმა გამოცდილებამ უბიძგა. ესმას თქმით, სკოლის გარეთ, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობისას  მისი, როგორც შშმ პირის საჭიროებები ხშირად არ მიიღებოდა მხედველობაში.  ესმა  თსუ 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე აქტიურად იქნება ჩართული, მისთვის საზღვარგარეთიდან მოწვეულ სტუმრებთან თსუ სტუდენტების სახელით შეხვედრა, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვალეობაა. 

„თსუ-ში ჩემი სწავლა უნივერსიტეტის  დაარსების 100 წლისთავს დაემთხვა. 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაზე ერთ–ერთი სტუდენტი გამომსვლელი ვიქნები საზღვარგარეთიდან მოწვეულ სტუმრებთან, პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორებთან, სხვადასხვა საერთაშორისო აკადემიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და თსუ წარმატებულ კურსდამთავრებულებთან ერთად. როგორც სტუდენტისთვის, ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მსგავსი ღონისძიებები ხომ, არც თუ ისე ხშირად იმართება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით სამხრეთ კავკასიაში პირველ ადგილზეა. შესაბამისად, მისდამი არსებობს ინკლუზიურობის მოლოდინიც, მოლოდინი, რომ თუნდაც შშმ სტუდენტებს ჰქონდეთ მასში სწავლის, განვითარებისა და თვითრეალიზების საშუალება. გერმანიასა და რუმინეთში ყოფნისასაც კი არ შემინიშნავს ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი იქაურ უნივერსიტეტებში, მით უმეტეს, თუნდაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ჩასული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გაცვლითი, უცხოელი სტუდენტები. შესაბამისად ის, რომ ქართული უნივერსიტეტიდან მოხერხდა შშმ სტუდენტის გაგზავნა გაცვლით პროგრამაზე, საკმაოდ აღსანიშნავი ფაქტია.

ესმამ თავდაპირველად თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა შემდგომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლა გადაწყვიტა.  მიზეზად თსუ უცხოენოვანი გაცვლითი პროგრამების ფართო არჩევანი დაასახელა.

„თავდაპირველად თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარე. როგორც სახელმწიფო, ისე შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებაც მქონდა. თუმცა, პირველი კურსის შემდეგ თსუ-ში მობილობით გადავწყვიტე გადმოსვლა. პირველ რიგში, სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული „ერაზმუს+“ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. თსუ-ში გადმოსვლის შემდეგ მივიღე კიდეც მონაწილეობა  „ერაზმუს+“  პროგრამაში და 2016 წელს გერმანიაში, ფრანკფურტში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში, ხოლო 2017 წელს რუმინეთში, ქალაქ იაშის უნივერსიტეტში გავატარე თითო სასწავლო სემესტრი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას საშუალება მქონდა, ჩავრთულიყავი უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილ ახალგაზრდულ ორგანიზაციათა მიერ გამართულ ღონისძიებებში (მაგ. ევროპის სამართლის სტუდენტთა ასოციაციის/ელსა დებატების კონკურსი, ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის მოდელირებები, კონფერენციები ქალთა უფლებებზე და ესეების კონკურსი, ორგანიზაცია სტეპის მომავალ სპიკერთა/პრეზენტატორთა სკოლა და მისთ). უნივერსიტეტის მოსახერხებელი ადგილმდებარეობის გამო შემეძლო უნივერსიტეტს გარეთ მიმდინარე ტრენინგებში, კონფერენციებში, სტაჟირებებსა თუ სამოხალისეო საქმიანობაში ჩართვა“, - ამბობს ესმა.მიუხედავად იმისა, რომ თსუ იურიდიულ ფაკულტეტს არ ჰქონია უსინათლო სტუდენტის ყოლის გამოცდილება, ესმას  სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნია.

„უნივერსიტეტში გადმოსვლისას ჩემი უსინათლობის გამო გამომიყვეს მოხალისეები, რომლებმაც მაჩვენეს ჩემთვის საჭირო აუდიტორიები, თეთრი ხელჯოხის გამოყენებით მოგვიანებით დამოუკიდებლად რომ შემძლებოდა გადაადგილება. გამოცდებს კომპიუტერის მეშვეობით, გამხმოვანებელი პროგრამის ხელშეწყობით ვაბარებდი. მკარნახობდნენ კითხვებს, რომლებსაც დიქტოფონზე ჩავიწერდი, პასუხებს კი უკვე კომპიუტერში ვკრეფდი, გამხმოვანებელი პროგრამა კი მიკითხავდა, რა მოქმედებასაც კომპიუტერში ვახორციელებდი. ვინაიდან უნივერსიტეტში არ არის აუდიო ლიტერატურა, ანუ მოსასმენ ფორმატში, (ან თუნდაც ვორდის) იურიდიულმა ფაკულტეტმა დაავალა ბიბლიოთეკის სტუდენტ თანამშრომლებს, ჩემთვის წასაკითხი მასალა წაეკითხათ. ეს მათი სამუშაო საათების ნაწილი გახდა. ლექცია–სემინარებისგან თავისუფალ დროს ყოველდღე მივდიოდი ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, ცხრილით დადგენილ დროს და იქ მიკითხავდნენ. ზოგიერთ მასალას დიქტოფონით ვიწერდი, შემდეგ გამოცდების წინ გადასამეორებლად. ამ წაკითხვების დროს ბევრი სტუდენტი გავიცანი. ვსაუბრობდით კიდეც, განვიხილავდით წაკითხულს, ვმსჯელობდით. დროს საინტერესოდ ვატარებდით. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია. 

ათეულობით წლის წინ, როგორც მსმენია, იურიდიულ ფაკულტეტზეც უსწავლია უსინათლოს, თუმცა მისთვის ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის საშუალებების შესახებ აღარავითარი ინსტიტუციური მეხსიერება აღარ იყო შემორჩენილი. ეს ბუნებრივიცაა იმ პირობებში, როცა არც უნივერსიტეტში, არც – განათლების სამინისტროში არ არის რაიმე დეპარტამენტი ან 1 თანამშრომელი მაინც, რომელიც შშმ სტუდენტთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე იმუშავებდა და რომელთანაც დაგროვდებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთათვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის პრაქტიკები და გამოცდილებები, რომლებსაც შემდეგ გადასცემდა სხვადასხვა ფაკულტეტებს, სხვადასხვა თაობის ადმინისტრაციებს.

მე, გამოცდილების არმქონე ადამიანს, მიწევდა ადმინისტრაციის კონსულტირება იმასთან დაკავშირებით, თუ რა საჭიროებები მაქვს და რა ღონისძიებები სასურველია, გატარდეს ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, ვერავითარი წინსვლა ვერ მოხდება ვერც კონკრეტული ადამიანის და ვერც საზოგადოების ცხოვრებაში, თუკი ადამიანი არ გამოვა თავისი კომფორტის ზონიდან, არ გარისკავს, არ გაბედავს, არ გაიჭირვებს და რაღაც ახალს არ მოიფიქრებს, არ შექმნის, არ მოითხოვს და არ გააკეთებს.

ამჟამად, ვმუშაობ შშმ პირთა უფლებადამცველ ორგანიზაციაში. რამდენიმე სხვა შშმ ქალთან ერთად დავაფუძნეთ საინიციატივო ჯგუფი, პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის, რომელიც შშმ ქალთა უფლებების მიმართულებით იმუშავებს კვლევებსა და ადვოკატირებაზე, უფლებათა პოპულარიზაციაზე, შშმ ქალთა საჭიროებების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოტანაზე. შშმ ქალები ხშირად ხდებიან ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლნი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის, ისე სქესის გამო. ამასთანავე, ვარ სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა ადამიანის უფლებათა კონვენციის შესრულების მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრი საზოგადოებრივ საწყისებზე. და ბოლოს, მიმყავს გადაცემა ჰორიზონტს მიღმა ონლაინ-რადიო „ჩემს ხმაში“. ხანდახან ვაქვეყნებ ბლოგებსა და სტატიებს განათლების, ქალთა და შშმ პირთა უფლებების მიმართულებით. მინდა, ის ინფორმაციული ვაკუუმი შეივსოს, რომელიც ჩემს ბავშვობაში არსებობდა შშმ პირთა თემში საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობათა, გამოწვევათა და მათი დაძლევის გზების შესახებ. სამომავლოდ, ჩემი ბავშვობის დროინდელი ინტერესის სფეროს, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით ვაპირებ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში",-აცხადებს ესმა.

სხვა სტატიები »