ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

თსუ სტუდენტები აშშ უნივერსიტეტებში

თსუ სტუდენტები აშშ უნივერსიტეტებში
25 დეკემბერი, 2017
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამი სტუდენტი აშშ-ის საელჩოს  მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ მომავალ წელს ერთი სემესტრით ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში სასწავლებლად გაემგზავრება.

Global UGRAD იგივე Global Undergraduate Exchange Program არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურულ საქმეთა ბიუროს მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც აშშ-ში ადმინისტრირებას უწევს ორგანიზაცია World Learning, ხოლო საქართველოში კი – აშშ-ის საელჩო თბილისში. ეს არის საერთაშორისო საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერი მიმართულების ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებს, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ თავიანთი ძირითადი პროფესია აშშ-ის უნივერსიტეტებში, გაეცნონ აშშ-ის საგანმანათლებლო სისტემას, ქვეყნის კულტურასა და ღირებულებებს და, ასევე, გაუზიარონ თავიანთი კულტურა სხვებს. პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება მოიცავს მგზავრობას, საცხოვრებელს, კვებას, სწავლას და დამატებით სტიპენდიას. 

გოგა ქათალანძე თსუ სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  მეორე  კურსის  სტუდენტია და  პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით სწავლობს. როგორც თავად ამბობს, სკოლა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში დაამთავრა. კერძო მასწავლებელთან არასდროს უვლია, ინგლისური სკოლაში რუსულ ბაზისზე აგებული სახელმძღვანელობის გამო ვერ აითვისა. ამიტომაც, სწავლა საკუთარი ძალებით დაიწყო. უყურებდა  ფილმებს, უსმენდა სიმღერებს, კითხულობდა, კონტაქტობდა უცხოელებთან. სკოლის პერიოდში თარჯიმნადაც მუშაობდა ოკუპირებულ აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციაში. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი ინგლისურის დონის ამაღლებას ხელი რამდენიმე საერთაშორისო პროექტში მონაწილეობამ შეუწყო. ამ პროგრამის შესახებ „განათლება  ამერიკაში“  ორგანიზაციის  თანამშრომლისგან,  დალი ხომერიკისგან, შეიტყო, რომელსაც მის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის ემადლიერება. თავიდან პესიმისტურად იყო განწყობილი. ეშინოდა, რომ სხვა  მონაწილეებს კონკურენციას ვერ გაუწევდა. პროგრამის კონკურსით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილება ადვილი არ ყოფილა, თუმცა, საბოლოოდ ერთ-ერთი ფინალისტი აღმოჩნდა.

„ეს  ჩემი  პირველი  სტიპენდიაა.  ძალიან  ბედნიერი  და  ამავდროულად  აღელვებული  ვარ,  რადგან  ასე  შორს  სახლიდან  არასდროს ვყოფილვარ. თუმცა,  ვფიქრობ, ეს ჩემთვის  ძალიან  დიდი  გამოცდილება იქნება. გაზაფხულის  სემესტრს   მიჩიგანის  შტატში, ქალაქ დეტროიტში გავატარებ. ვეინის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  (Wayne State University) – გავაგრძელებ  ჩემი სპეციალობის (პოლიტიკის მეცნიერება) შესწავლას. სწავლას 8 იანვრიდან ვიწყებ  და  მაისში  დავასრულებ. სასწავლებლად  არა, მაგრამ  მოკლევადიანი სასწავლო  პროექტებით,  ევროპის სხვადასხვა  ქვეყანაში  და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვიყავი. სამომავლოდ  ვაპირებ  ჩემი ცხოვრება დიპლომატიურ  საქმიანობას დავუკავშირო, შევისწავლო კონფლიქტები და გარკვეული წვლილი შევიტანო საქართველოს განვითარებაში. თსუ-მ უდიდესი გამოცდილება შემძინა. ჩემს თავში დარწმუნებულ და თამამ სტუდენტად მაქცია, რაც უამრავი პრობლემის დაძლევაში დამეხმარა,  განსაკუთრებით  ამ პროგრამის სხვადასხვა საფეხურის გავლაში“, - ამბობს გოგა.

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტმა ნინო კვირიკაშვილმა კონკურსის შესახებ  აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეიტყო. მისი აზრით, კონკურსში მონაწილეობა UGRAD-ის ხარისხიანი განათლების და გამოცდილების მისაღებად  და ამერიკული კულტურის გასაცნობად მისთვის საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მონაწილეობა.  „აპლიკაცია მხოლოდ მას შემდეგ შევავსე, რაც  დავრწმუნდი, რომ პროგრამის მოთხოვნებს ვაკმაყოფილებდი. მიუხედავად დიდი კონკურსისა, მთავარია მოტივაცია და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა. UGRAD ჩემთვის პირველი გაცვლითი პროგრამაა, რომლითაც სასწავლებლად გავემგზავრები. გაზაფხულის სემესტრში სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტში, ინდიანას შტატში ვისწავლი. უნივერსიტეტში გავივლი ჩემი ძირითადი სპეციალობის, საერთაშორისო ურთიერთობების კურსებს და ასევე კურსს ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ (ისტორიის, კულტურის, პოლიტიკის ან სხვა, სურვილისამებრ). აშშ-ში 2 იანვარს მივემგზავრები.

აქამდე სემესტრული გაცვლითი პროგრამით არასდროს ვყოფილვარ, თუმცა 2017 წლის ზაფხულში მოლდოვის რესპუბლიკაში მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ვიყავი. მოუთმენლად ველოდები აშშ-ში ახალი სემესტრის დაწყებას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მინდა, რომ იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანაში მაქსიმალურად გამოვიყენო. მაგისტრატურაში სასწავლებლად საზღვარგარეთ ვგეგმავ წასვლას. მაინტერესებს დიპლომატიის სფერო და მსურს, რომ ჩემი პროფესიით ვიმუშაო.

ბუნებრივია, თსუ-ში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ძალზე დამეხმარა ამ წარმატების მიღწევაში. საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების ლექტორებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და ბევრისმომცემია. აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო რეკომენდაცია. რეკომენდაცია ბატონმა ზურა დავითაშვილმა და ქალბატონმა სოფია პეტრიაშვილმა გამიწიეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი“, – აღნიშნავს ნინო. 

ნატალია ჭამიაშვილი  ასევე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსზე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე სწავლობს.

„საკონკურსო პროგრამის შესახებ ჩემი მეგობრისა და კურსელისგან თორნიკე აბულაძისგან შევიტყვე, რომელიც წინა წლის გამარჯვებულია. თორნიკეს მაგალითი დიდი სტიმულის მომცემი იყო ჩემთვისაც. პირველივე ცდაზე გავიმარჯვე, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ადვილი იყო. ბევრს ვშრომობდი თითოეული ეტაპისთვის მოსამზადებლად. შარშან მოივპოვე Erasmus+-ის სტიპენდია და მომეცა საშუალება, მიმეღო ევროპული განათლება. ორი თვის წინ დავბრუნდი გერმანიიდან, სადაც  ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში ამავე მიმართულებით ვსწავლობდი. აშშ-ში 19 იანვარს გავემგზავრები. ფოკუსირებული ვიქნები ამერიკის ისტორიისა და კულტურის შესწავლაზე. თსუ-ში  დაგროვილი ცოდნა იყო საფუძველი იმისა, რომ სამაგისტრო კურსების გერმანიაში წარმატებით გავლა არ გამჭირვებია,  მიუხედავად იმისა, რომ ბაკალავრიატის საფეხურზე ვსწავლობდი. ჩემი ლექტორები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ, იზიარებდნენ ჩემს წარმატებებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ზურაბ დავითაშვილს და ქალბატონ სოფია პეტრიაშვილს, რომელმაც სამჯერ გამიწია რეკომენდაცია გაცვლითი პროგრამებისთვს, რაც სამივეჯერ წარმატების მომტანი აღმოჩნდა ჩემთვის. ყოველ სემესტრში მქონდა სტიპენდია, რასაც ჩემივე განათლებაში ვაბანდებდი. ძალიან მინდა, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა საზღვარგარეთ გავაგრძელო. თუმცა, სასურველი სტიპენდიის მოპოვება მარტივი არაა და ძალიან დიდი შრომა დამჭირდება. რამდენიმე საქველმოქმედო პროექტი წამოვიწყე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რომელთა წარმატებით განხორციელებაც  ახლო მომავალში მსურს“, – ამბობს ნატალია. ნატალია  თსუ-ს გოგონათა გუნდშიც მღეროდა, რომელიც  წარმატებით მონაწილეობდა სახელმწიფო და საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებში. გუნდში მიღებულმა გამოცდილებამ მას გერმანიაში სწავლის პერიოდში,  არააკადემიურ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილოებაშიც შეუწყო ხელი.

სხვა სტატიები »