ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

იყავი წარმატებული თსუ-სთან ერთად

იყავი წარმატებული თსუ-სთან ერთად
20 თებერვალი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი ტრადიციის, პროფესორ-მასწავლებლებთან და რესურსებთან ერთად, პირველ რიგში, სტუდენტებით ამაყობს - იმ სტუდენტებით, რომლებიც სხვადასხვა ასპარეზზე აღწევენ წარმატებას, ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც 2016 წელი ყოფილა. დღეს მხოლოდ რამდენიმე მათგანის შესახებ გიამბობთ:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მაგისტრანტები თეონა რუსია (ინფორმაციული ტექნოლოგიები) და ირმა მახარაძე (ინფორმაციული სისტემები), გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ (WFP) 6 თვიანი ანაზღაურებული სტაჟირებისთვის შეარჩია. მათ სტაჟირებას რომში გაიარეს. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ეს ინიციატივა გულისხმობს გაეროს სტრუქტურებში საინფორმაციო ტექნოლოგიის მიმართულებით ქალთა ჩართულობის მხარდაჭერას და ამ პროფესიის ახალგაზრდა ქალი კანდიდატების დასაქმების ხელშეწყობას. კანდიდატებმა შერჩევის რამდენიმე ეტაპი გაიარეს, მათ შორის სკყპე ინტერვიუები. ირმა და თეონა ორგანიზაციის მონაცემთა ბაზების და ვებ-გვერდის მართვა-განახლებაზე მუშაობდნენ.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელეხელოვნების სპეციალობის კურსდამთავრებულის, იზა თითბერიძის სადიპლომო ნამუშევარი, საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ფესტივალზე დარეგისტრირებული 768 ფილმს შორის 81 აირჩა, მათ შორისაა იზას ფილმიც. რვაწუთიანი ფილმის „მხოლოდ ერთი კოცნა“, მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან. იზა, სამომავლოდ, მაგისტრატურაში ჩაბარებას და რეჟისურაში ცოდნის გაღრმავებას გეგმავს, მანამდე კი კინო-ტელეხელოვნების მიმართულებაზე ვიდეომემონტაჟედ მუშაობს.

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული ნინო ნანიტაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამომავალი ლიდერის“ ტილულით დააჯილდოვა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 10 ახალგაზრდა შეარჩიეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენის ინტერესი ნინო ნანიტაშვილის მიმართ განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ნინო საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჯგუფის „Google Developer Group"-ის დამფუძნებელია. მან შექმნა კომპიუტერული თამაშები ქართველი და აფხაზი ახალგაზრდებისთვის და მიიღო მონაწილეობა 400-მდე ღონისძიების ორგანიზებაში.

გურანდა ჯამათაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც საკუთარი მაგალითით ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს. ის პირველი მეცნიერებათა დოქტორია, რომელმაც ბოლო პერიოდში თსუ-ში დისერტაცია დაიცვა ისე, რომ მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ შეუშინდა. „დისერტაციის დაცვის დღეს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მე ძალიან მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი და მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ყოველთვის დიდი მიჯაჭვულობა მაქვს მასთან“ - ამბობს გურანდა.

თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობენ ახალგაზრდები, რომლებმაც გადაწყვიტეს აბიტურიენტებისთვის სწავლა გაეიოლებინათ და ამ მიზნით სპეციალური აპლიკაცია შეექმნათ. იდეის საქმედ ქცევას, დაახლოებით, ერთ წლამდე მოანდომეს და დღეს მეორე კურსელთა აპლიკაციით დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს საკუთარი ცოდნისა და ტესტირების უნარების სრულყოფა შეუძლიათ. აპლიკაციის ავტორები დავით სოსელია და ლუკა ლომთაძე არიან. აპლიკაცია ნაეცის პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც დამზადდა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა დასახმარებლად. დავით სოსელიამ, თავის მეგობართან ანდრო გვივრაძესთან, გიგა ვაშაკიძესთან, ნიკა მინაშვილთან და ლუკა ლომთაძესთან ერთად შექმნა აპლიკაცია, რომელიც აბიტურიენტებს მეთორმეტე კლასის საატესტატო გამოცდებისთვის კითხვების ნიმუშებსა და გამოცდების პროგრამას სთავაზობს. ახალგაზრდები ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - მათი თქმით, აპლიკაციას ახლო მომავალში ახალი ფუნქციები, მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო კითხვების ნიმუშები დაემატება და, ბეტა ტესტინგის დასრულების შემდეგ, კითხვების ბაზა მრავალჯერადად გაიზრდება.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ნათია გოგიჩაიშვილი თსუ შემეცნებითი პროექტი „პლანეტა რიდმორის“ გამარჯვებულია. მან კონკურსის ფინალში ყველაზე მეტი - 48 ქულა მოიპოვა. გამარჯვებულს გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ მიერ დაწესებული მთავარი პრიზი - 1000 ლარი გადაეცა. პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში"-სთან ერთობლივად ახორციელებენ.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა საბა ღუდუშაურმა, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ზურაბ გომიაშვილმა და ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა სოფო ხიმშიაშვილმა ხის სათამაშოების წარმოება გადაწყვიტეს. ამის შესაძლებლობას თსუ მეათე კორპუსში არსებული ბიზნეს-ინკუბატორის ტექნიკა და დანადგარები იძლეოდა. ექსპერიმენტი საკმაოდ მალე, დიდი წარმატებით, „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის მოგებით დასრულდა. ტექნოპარკმა კონკურსი - დაიწყე „ბიზნესი ფაბლაბთან“ ერთად გამოაცხადა, რომელშიც გუნდმა მონაწილეობა მიიღო და საკმაოდ კარგი მონაცემებიც აჩვენა. კონკურსში მონაწილე კომპანიებიდან „თბილისი მოლში“ გამართული ბაზრობისას თავისი პროდუქციის გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სწორედ მათმა კომპანიამ, „Georgian Factory“-მ აჩვენა. კონკურსში მონაწილე 500 კომპანიიდან 20 შეირჩა, რომელთაგან ერთ-ერთი საბას გუნდიც იყო.

თამარ მენთეშაშვილი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით 2016 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეიტინგით პირველი აბიტურიენტია. ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა, ის სან დიეგოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს.

მაგისტრანტობის კანდიდატებს შორის პირველი 2016 წელს ქეთევან გოლეთიანია, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა და „საჯარო მმართველობაზე“ თსუ-სა და გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (შპაიერი) ერთობლივ ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. ქეთევანს 4 წლის წინ აბიტურიენტთა რეიტინგშიც პირველი ადგილი ეკავა.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების გუნდმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოლიმპიადაში „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“ 8 გუნდს შორის გაიმარჯვა. კონკურსზე ასევე დასახელდა საკონსტიტუციო სასამართლოს სამი რჩეული მონაწილე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. სამ გამარჯვებულს შორის თსუ იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები ლელა მაჭარაშვილი და დავით ღოლიჯაშვილი არიან.

თსუ-ს საერთაშორისო პარტნიორობის პროგრამები უნივერსიტეტის სტუდენტებს უცხოეთში განათლების მიღების ახალ, მნიშვნელოვან შესაძლებლობას უქმნის. გიორგი ჯავრიშვილი და ვალერი კოპალეიშვილი ის ახალგაზრდები არიან, ვინც ამ შესაძლებლობით ისარგებლა. ისინი დღეს პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, მას შემდეგ რაც თსუ-ს სასწავლო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ. პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თსუ-ს პარტნიორი დაწესებულებაა და ყოველწლიურად, სამაგისტრო თუ სადოქტორო დონეზე, რამდენიმე სრულად დაფინანსებულ სტიპენდიას გვთავაზობს.

24 წლის გიორგი მეგრელი თსუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულია. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი გასულ წელს დაამთავრა და ძალიან მალე კომპანია Google-ში დაიწყო მუშაობა. გიორგიმ გასაუბრებიდან საბოლოო პასუხამდე დიდი და რთული გზა გაიარა. Gოოგლე რეკრუტერთან რვა 45 წუთიანი გასაუბრების, ტექნიკური კითხვებისა და პროგრამული კოდების წერის შემდეგ, დაახლოებით ათ დღეში კომპანიიდან დადებითი პასუხი მიიღო. არაერთი გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში კომპანია google ერთ-ერთი სასურველი და საოცნებო სამუშაო ადგილია. დღეს თსუ კურსდამთავრებული Gოოგლე-ს ლონდონის ოფისში მუშაობს.

თბილისის მერიამ „მეიქათონის“ კონკურსის საუკეთესო ნამუშევრებს შორის თსუ სტუდენტები შეარჩია 165 გუნდიდან ფინალური ეტაპისთვის 15 საუკეთესო იდეის მქონე გუნდი დასახელდა. აქედან ორი პროექტის ავტორები თსუ სტუდენტები ვაჩე გუნდიშვილი და ენდი ჭელიძე არიან.

ვაჩე გუნდიშვილის პროექტის „Shelchair" - წარმოადგენს სკვერის სკამს, რომელიც თბილი წყლის ცირკულაციის დახმარებით თბება; შესაბამისად ზამთრის პირობებშიც ნარჩუნდება სკვერების, როგორც სოციალური სივრცის ფუნქცია, ხოლო ენდი ჭელიძის პროექტი „KickArt“ გულისხმობს მაღალტექნოლოგიურ საგამოფენო სივრცეს, დონაციის აპარატით და ლედ ეკრანებით, ასევე ინოვაციურ სკამს, მზის ენერგიაზე მომუშავე ბატარეებით, რომლითაც მობილურების და ლეპტოპების დამუხტვას შეძლებენ, მაღალსიჩქარიან წიფი-ს და ველოსიპედის პარკინგს;

სხვა სტატიები »