ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

სტუდენტები უნივერსიტეტის შესახებ

სტუდენტები უნივერსიტეტის შესახებ
20 თებერვალი, 2017
უნივერსიტეტის 99 წლის იუბილე, სხვა ღონისძიებებთან ერთად, წარმატებული სტუდენტების დაჯილდოვებითაც აღინიშნა. სტუდენტები უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნებით დასაჩუქრდნენ, მათ შორის 7 საუკეთესოს თითოეული ფაკულტეტიდან კი სპეციალური საჩუქრები გადაეცათ. ისინი თსუ-ში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ გვიყვებიან.

ელისაბედ კენკიშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი:
უნივერსიტეტი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილია, ეს არის ადგილი სადაც შესაძლებელია ადამიანის პიროვნული და გონებრივი განვითარება. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა განათლება მიმეღო ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში თსუ-ს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩემს პროფესიულ ცხოვრებაზე. თსუ-ში ძალიან ბევრი წარმატებული სტუდენტი სწავლობს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თავიანთი განივთარებისთვის. შესაბამისად, კონკურენციაც ძალიან მაღალია და ასმაგად უფრო მეტი შრომაა საჭირო იმისათვის, რომ ძლიერთა შორის რამეს მიაღწიო. რა თქმა უნდა, როდესაც უნივერსიტეტი გამოგარჩევს, რაიმე კუთხით, ძალიან სასიხარულოა, ამ დროს გრძნობ რომ შრომა გიფასდება. ეს არის ერთგვარი მოტივაცია კიდევ უფრო მეტის გასაკეთებლად. აბიტურენტებს ვურჩევდი, რომ არ შეუშინდნენ სირთულეებს და არასდროს შეიქმნან იმის ილუზია, რომ არსებობს რაიმე შეუძლებელი სწავლაში. უნივერსიტეტიდან მიღებულმა ცოდნამ შესაძლებლობა მომცა გამეგრძლებინა ჩემი პროფესიული საქმიაობა ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში. დღეისთვის თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, ჩემს ფაკულტეტზე მიღებული ცოდნა კი დასაქმებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობას ქმნის სტუდენტებისთავის.

ნინო მანწკავა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, პირველი, რაც დამეუფლა, სიამაყის გრძნობა იყო. სიამაყის, რომ ვიყავი ქვეყანაში პირველი უნივერსიტეტის პირველი ფაკულტეტის სტუდენტი. ეს გრძნობა დღემდე არ გამნელებია. ბედნიერებაა, როცა შედიხარ შენობაში, რომელიც მართლა ტაძარს ჰგავს და იქ მსოფლიო დონის ლექტორები გასწავლიან არა მარტო საგანს, არამედ უფრო მნიშვნელოვანს: როგორ უნდა გიყვარდეს ჭეშმარიტად შენი პროფესია და როგორ აქციო ის სხვებისთვის სასარგებლოდ. მახსოვს, პირველივე ლექციაზე ერთ–ერთი ლექტორი ასე მოგვესალმა: „კოლეგებო“. ჩემთვის ეს იყო პირველი შეგრძნება იმისა, რომ მაფასებენ და ჩემს აზრს პატივს სცემენ. აი, ეს მომცა უნივერსიტეტმა. წელს, 99 წლის იუბილეზე, თსუ-მ თავად გაგვიკეთა საჩუქარი წარჩინებულ სტუდენტებს და ჩვენგან არაფერი მიუღია. ვერც ვერაფერს ვაჩუქებთ მას, გარდა იმისა, 1918 წელს წამოწყებული ხაზი გავაგრძელოთ... ჰოდა, აბიტურიენტებო, თუ გრძნობთ, რომ ქართული ფილოლოგია თქვენი სფეროა, სწორედ აქ უნდა ჩააბაროთ, რათა თქვენც ჩემსავით გაგიჩნდეთ კითხვა პირველივე სემესტრის ბოლოს: „ნუთუ, ეს ყველაფერი აქამდე არ უნდა მცოდნოდა?! “

გიორგი ბრეგვაძე, იურიდიული ფაკულტეტი:
2013 წლიდან უნივერსიტეტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ერთია დადიოდე უნივერსიტეტში და მეორეა გონივრულად იყენებდე იქ გატარებულ დროს. თსუ-მ შექმნა ჩემი სტუდენტობის პირველი წლები, მასწავლა დროის მიზანმიმართულად გამოყენება და შემიქმნა პროფესიული წინსვლის ბაზისი. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტად ყოფნა უკვე საამაყო და საპასუხისმგებლო საქმედ მიიჩნევა, შესაბამისად იყო წარმატებული სტუდენტი ჩემთვის მეტ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. მათ, ვისაც სურთ იურიდიული განათლების მიღება, აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი მათ ცხოვრებაში დაიმკვიდრებს თავს, როგორც გონივრულად დახარჯული და „მწარე“ 4 წელი, რომელიც შესაბამისად დაუფასდებათ.

ნათია კიკვაძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამიზნულად ჩავაბარე და ამ ეტაპზე ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი ყველაზე დიდი სურვილი ამისრულდა. რატომ ეს ალმა-მატერი? ჩემთვის ნიშნადია სამი ფაქტორი: თსუ-ს საუკუნოვანი მოღვაწეობის გამოცდილება აქვს და საზოგადოებრივ ასპარეზზე წამყვანი ისტორიული პირების აღმზრდელია. უნივერსიტეტმა ამ ხნის განმავლობაში შეინარჩუნა მოწინავის, პრიორიტეტულის სახელი ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. საგულისხმოა მისი აკადემიური ხაზით გამორჩეულობა, გვყავს კვალიფიციური, პიროვნული თვისებებით აღიარებული და საკუთარ სფეროზე შეყვარებული ლექტორები, რომლებიც პროფესიონალის ხარისხის მიღებისთვის ადეკვატურ სასწავლო პროგრამებს ქმნიან, ეგ ჩემთვის ნომერ პირველი მასტიმულირებელია სწავლის პროცესში. და ბოლოს, კონკურენტული გარემო, მრავალმხრივი მისწრაფებებით გამორჩეული სტუდენტური წრე, მათ გვერდით მიზანმიმართულობა და საკუთარი თავისგან მეტის მოთხოვნის სურვილი გიჩნდება. მიყვარს თსუ, სულ მცირე, ამ მიზეზების გამო. მახსოვს, სტუდენტობის პირველ დღეს საკუთარ თავს ვუთხარი, ნათია 91-ზე დაბალი ქულა დაივიწყე, დღემდე ვასრულებ პირობას და ჩემი GPA-ც „მშვიდადაა“. არ მაქვს შეგრძნება, რომ წარჩინებული ან განსაკუთრებული ვარ, ვაღიარებ, პერფექციონიზმი, მაქსიმალიზმი მახასიათებს და ალბათ ამიტომ. პარადოქსია, მაგრამ, რაც მეტს ვიგებ ჩემს სფეროში და ზოგადად, მით უფრო ვხვდები, რომ მინიმალური ვიცი, ვფიქრობ, თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცე, შეჩვევა იცის და ინერტულს გახდის, თვითგანვითარება ადგილზე დგომით კი უკვე წყდება, მეტიც - უკან იხევ. თუ უზომოდ გიყვარს ან გაინტერესებს პიროვნება, წამყვანია შენში ემპათიის, სოციალური ჩართულობის, კომუნიკაციის უნარები, გიყვარს ექსპერიმენტები, გინდა ცვლილებები შეიტანო სოციუმში მაშინ ფსიქოლოგია შენი სფეროა. მასში ის მხიბლავს, რომ ინტერდისციპლინურია, რანაირ პროფილშიც არ უნდა იყოს წარმოდგენილი ადამიანი, ფსიქოლოგია მისი ყველანაირი სახით ინტერესდება.

ნინო ზურაბიანი, მედიცინის ფაკულტეტი:
უნივერსიტეტი ჩემთვის ცოდნის ტაძარია. იგი სტუდენტებს აძლევს საუკეთესო უმაღლეს განათლებას და ამავდროულად უდიდესი წვლილი შეაქვს სწორი პიროვნული ფასეულობებისა და მსოფლმხედველობის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. ხდები უნივერსიტეტელი და ხვდები, რომ 1918 წელს ანთებული ცეცხლის ნაპერწკალი შენს გულშიც იწყებს გაღვივებას.  უნივერსიტეტის კედლებში გატარებული თითოეული წამი საბაბია სიახლის შემეცნებისა. უნივერსიტეტი ეს არის აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის, მომავალი კოლეგებისა და მეგობრების ერთობლიობა, რომელიც შენი მეორე ოჯახია. იყო ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტი ნიშნავს, რომ „ნებისმიერ დროს მზად იყო, მსხვერპლად შესწირო ის ვინც ხარ დღეს, მას ვინც უნდა იყო ხვალ“. ყველა აბიტურიენტს, ვისაც სურს იზრუნოს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და გახდეს წარმატებული ექიმი, ვურჩევ ჩააბაროს მედიცინის ფაკულტეტზე, სამკურნალო საქმის მიმართულებით, რადგან ეს არის შესაძლებლობა ჩამოყალიბდე მაღალზნეობრივ, პროფესიონალ მედიკოსად, რაც შესაძლებლობას მოგცემს გადაარჩინო არაერთი სიცოცხლე, მოწმე გახდე ადამიანების სიხარულისა, გაიზიარო ის და დაუღალავად იშრომო მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისათვის.

სანდრო ტაბატაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
ჩემთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხოლოდ სასწავლო დაწესებულება არ არის, ის ტრადიციებისა და ღირებულებების, მუდმივი ბრძოლის, უკეთესისკენ სწრაფვის სიმბოლოა. უნივერსიტეტმა დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში, დამეხმარა უკეთესად გამეცნო საკუთარი თავი. ჩემთვის უცნაური გრძნობაა იყო ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტი, რადგან ჩემ ირგვლივ ბევრი ნიჭიერი და შრომისმოყვარე თანაფაკულტეტელია. რაც შეეხება რჩევებს, თუ აბიტურიენტებს სურთ, რომ მომდევნო ოთხი წელი ადამიანებს დააკვირდნენ, ეძებონ ალტერნატივა, გაიგონ მრავალფეროვნების მნიშვნელობა, დაინახონ პრობლემები სულ სხვა კუთხით და, რაც მთავარია, ეცადონ მიიღონ ახალი ცოდნა-ჩვევა, მაშინ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ამის საუკეთესო საშუალებაა.

ირაკლი ჯოხაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:
უნივერსიტეტი სკოლისგან განსხვავებით საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ კონკრეტული მიმართულება,რომელიც გვაინტერსებს და მთელი ყურადღება მის შესწავლას დავუთმოთ (თუმცა ამით არ ვცდილობ სკოლის დაკნინებას,რამდენადაც ზოგადი განათლება და საბაზისო ცოდნა მნიშვნელოვანია სხვადასხვა უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად). შესაბამისად ამ არჩევანს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. დაბალი კლასებიდანვე მომწონდა მათემატიკა, თუმცა კომაროვში გადასვლის შემდგომ ახალ დარგს - ფიზიკას გავეცანი და მაშინვე მონუსხული დავრჩი. სკოლის დამთავრების შემდეგ კი სწორედ ამ მიმართულებით გადავწყვიტე მოღვაწეობა. საგნების ჩამონათვალი როცა ვნახე, მეგონა ყოველივე სკოლაში მქონდა ნასწავლი, თუმცა "იმედები გამიცრუვდა" და ბევრი რამის სწავლა დამჭირდა. მესამე კურსიდან ჩავერთე სამეცნიერი კვლევაში მაღალი რანგის მეცნიერებთან, ვისგანაც უამრავი რამ ვისწავლე. ამას გარდა, ყოველ სემესტრში სტიპენდიანტი ვარ და "ჯიბის ფულს" მხოლოდ კარგი სწავლით და მაღალი ნიშნებით გამოვიმუშავებ. უნივერსიტეტის დაფინანსებით ვიმყოფებოდი სხვადასხვა კონფერენციაზე, მათ შორის ტაილანდშიც. ჩემი წარმატებები უამრავი შრომისა და ნათელი ღამეების შედეგია, ასევე პროფესორებისა და კურსელების დამსახურებაა, რომლებიც მუდამ მეხმარებიან წინსვლაში. ყველას ვურჩევდი იმ მიმართულენაზე ჩააბარონ რაც თავად სურთ და არა იმაზე, რაც პოპულარულია ან ნაცნობმა ურჩია, თუმცა თუკი გადაწყვეტთ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩაბარებას, კერძოდ ფიზიკის მიმართულებით, საკუთარი გამოცდილებიდან, ასევე მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგული სიიდან ვურჩევ, რომ თსუ-ში ჩააბარონ.


სხვა სტატიები »