ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

ახალი ინგლისურენოვანი პროგრამა "საზოგადოებრივი ჯანდაცვა" თსუ-ში

1 თებერვალი, 2017
სამაგისტრო პროგრამა ერთობლივი პროექტის „საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“ ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ნორვეგიის განათლების სფეროში საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრის (SIU) ევრაზიასთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამართული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. თანამშრომლობის პროექტის ხანგრძლივობა 4 წელია. პროექტის კოორდინატორი ნორვეგიაში _ ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტია, ხოლო საქართველოში _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. ამას გარდა, პროექტში მონაწილეობენ: საქართველოს უნივერსიტეტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდი, ორგანიზაცია:„კონსულტირებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციები“. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რეგისტრებზე დაფუძნებული ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული ცოდნის ტრანსფერი ნორვეგიიდან საქართველოში.

სამაგისტრო პროგრამაზე, „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ სწავლების ენა ინგლისურია. სტუდენტებს ლექციებს თსუ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის პროფესორები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მოწვეული ექსპერტები ჩაუტარებენ. 

როგორც თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ასოცირებული პროფესორი და ამავე დროს პროექტის ,,საქართველო-ნორვეგიის კოლაბორაცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში" საქართველოს კოორდინატორინინო ჩიხლაძე განმარტავს, სამაგისტრო პროგრამა მიზნად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ახალი თაობის მომზადებას ისახავს. იმ სპეციალისტების, რომლებსაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები ექნებათ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდაა აუცილებელი.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა 2 წელია (120 ECTS). პროგრამა მოიცავს როგორც სასწავლო (90 ECTS), ისე კვლევით კომპონენტს _ სამაგისტრო ნაშრომს (30 ECTS). სწავლების ფასი საქართველოს მოქალაქეებისათვის 2250 ლარი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის 4500 დოლარი იქნება. პროგრამის სასწავლო კომპონენტი საყოველთაოდ აღირებული სახელმძღვანელოების გამოყენებით განხორციელდება, რომელიც უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტშიგამოიყენება.

პროგრამის განმავლობაში სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც თსუ-ს რესურსები (სალექციო და კომპიუტერული ოთახები, ბიბლიოთეკა, ელექტრონული სწავლების და სწავლის პლატფორმა, ელექტრონულ რესურსებზე წვდომა, როგორიცაა HINARI, Elsevier SCOPUS, Elsevier ScienceDirect, EBSCOHost, JSTOR) და ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რესურსები (სამეცნიერო ანგარიშები, მონაცემთა ბაზებზე წვდომა, მონაცემები ჯანმრთელობის ეროვნული რეგისტრებიდან).

სწავლის პერიოდში გათვალისწინებულია სტუდენტთა ხანმოკლე და ხანგრძლივი მობილობა ნორვეგიაში, ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულს მიენიჭება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის (MPH) აკადემიური ხარისხი.

როგორც ნინო ჩიხლაძე აცხადებს, სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტის წარმომადგენელ პროფესორებთან ტორალფ ჰასვოლდთან და ერიკ ეიკ ანდასთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა. სამაგისტრო პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა დადებითადშეფასდა ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაზე 2016 წლის დეკემბერში. ამ დროისთვის კი დაწყებულია პროცედურები ახალი სამაგისტრო პროგრამის პროგრამული აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ცნობისათვის, ახალ სამაგისტრო პროგრამაზე საუკეთესო შეფასებების მქონე 12 სტუდენტი ჩაირიცხება. პროგრამაზე მიღების წინაპირობაა საბაზო განათლების დიპლომი მედიცინაში ან სტომატოლოგიაში, ბაკალავრის დიპლომი ჯანდაცვის მეცნიერებებში, ბაკალავრის დიპლომი მომიჯნავე სფეროში (სოციალური მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები). ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტებს ჩაუტარდებათ საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე).

გარდა ამისა, თანამშრომლობის პროგრამის მოქმედების პერიოდში გათვალისწინებულია: ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის პროფესურის მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ტრენინგი აღწერილობითი ეპიდემიოლოგიის სფეროში. ამ ტრენინგზეგანსაკუთრებული ყურადღება ახლად დანერგილი დაავადებათა ეროვნული რეგისტრების მონაცემების გამოყენების უნარების გამომუშავებას მიექცევა. 

გამოცდილების გაზიარების მიზნით განხორციელდება ხანმოკლე და ხანგრძლივი გაცვლითი პროგრამები როგორც სტუდენტებისათვის, ისე აკადემიური პერსონალისათვის. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო საქართველოდან ორი სტუდენტის მიღება სადოქტორო პროგრამაზე და ერთ-ერთ კანდიდატად თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული შეირჩა. სტუდენტთა მიღება ინგლისურენოვან პროგრამაზე პროექტის დასრულების შემდგომ ჩვეულებრივად გაგრძელდება.

სხვა სტატიები »