ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ვისწავლოთ „ვეფხისტყაოსანი“ „თამაშით“

ვისწავლოთ „ვეფხისტყაოსანი“ „თამაშით“
21 ნოემბერი, 2016
„ვეფხისტყაოსნის’’ პირველი ფერადი, ილუსტრირებული სამაგიდო თამაშის ავტორი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, დოქტორანტურის მე-3 კურსის სტუდენტი ლევან გელაშვილია. სამაგიდო თამაშის მიზანია ლოგიკური და სააზროვნო უნარების განვითარება, პოემის აფორიზმებისა და ციტატების დამახსოვრება.  იდეის ავტორის თქმით, პროექტი ,,ვეფხისტყაოსნის’’ პოპულარიზაციისა  და თანამედროვე ინტერაქციულ გარემოში მისი დაბრუნებისთვისაა შექმნილი. ილუსტრაციები სპეციალურად სამაგიდო თამაშისთვისაა შექმნილი მხატვარ ნინო გელაშვილის მიერ. სამაგიდო თამაშის პრეზენტაცია, თსუ-ში შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე _ „ვეფხისტყაოსანი“ გაიმართა.
ლევანი ამბობს, რომ იდეა ვეფხისტყაოსნის თამაშის შესახებ მაშინ გაუჩნდა, როდესაც დაწვრილებით გაეცნო პოემის ბედს _ როგორ ცხოვრობდა ეს ტექსტი ხალხის ცნობიერებაში. პროექტი შვიდი წლის წინ შექმნა და გასულ წელს მისი განხორციელება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით შეძლო.  
ლევანი ამბობს, რომ ,,ვეფხისტყაოსანი’’ ყველა ეპოქაში აქტუალური იყო და იმ ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად ხდებოდა მისი მიტანა ხალხამდე. პოემის ზეპირად ცოდნის და კითხვის ტრადიცია, გაგრძელებათა გაგრძელებები, რომელიც ცალკე აღებული, პოემას ბევრად აღემატება. „ხალხური ვეფხისტყაოსანი’’, ავთანდილობა თუ შერმადინობა – ეს ყველაფერი ხალხის კულტურულ-სოციალურ ცხოვრებაში, ,ვეფხისტყაოსნის’’ ინტერაქტიულ-თამაშობრივ მონაწილეობას გამოხატავდა.
„ვეფხისტაოსანი იყო ჰიპერტექსტი ე. წ. ,,სუპერ გუგლი’’, რომელშიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანები პასუხებს მათთვის საჭირო კითხვებზე პოულობდნენ; როგორ უნდა მეგობრობა, სიყვარული, რა არის ერთგულება. არ არსებობს საკითხი, რომელიც პოემაში არ იყოს მოცემული. პოემა არა მხოლოდ ლიტერატურულ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აყალიბებდა გემოვნებას, მსოფლმხედველობას და რთულ ვითარებაში ზოგჯერ კომუნიკაციისა და მიმოწერის ყველაზე საიმედო საშუალებაც იყო. ომის დროს, ცენზურის პირობებში, მიმოწერისას  დახმარებისთვის წერილის დასაშიფრად, ხშირად პოემის ტექსტს მიმართავდნენ.
პოემის ტექსტს ვხვდებით არამხოლოდ ხელნაწერებში, არამედ ვანის ქვაბის კედლებსა (,,ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა, თვალნი ვერ გადასწვდებიან’’) და სხვა ძეგლებზეც, წიგნის არშიების მინაწერებზე. XIX საუკუნეში ერთი-ერთი მაღაზიის მეპატრონეს კანფეტები ისეთ ქაღალდში გაუხვევია, რომლებზეც რუსთველის აფორიზმები ყოფილა დაბეჭდილი. პოემის პირველი სამაგიდო თამაშებიც ამ პერიოდში გამოჩნდა. საქართველოში პირველი ასეთი ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავძის დროს დაიბეჭდა. ეს იყო აფორიზმების ლოტო. საბჭოთა პერიოდშიც არაერთხელ განხორციელდა ამ ლოტოს გამოცემა“. _ ამბობს ლევან გელაშვილი.
სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ჩათვალა ლევანმა,  რომ მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი პოპულარობისა, დღეს თანამედროვე სამყაროში მაინც საჭიროა ,,ვეფხისტყაოსნის’’ პოპულარიზაცია და თანამედროვე ინტერაქტიულ გარემოში დაბრუნება.
იდეის ავტორი განმარტავს, რომ სამაგიდო თამაშები ტექსტის სიღრმისეულად გაგების და გათავისების  ძალიან კარგი საშუალებაა მთელ მსოფლიოში. ლიტერატურული სამაგიდო თამაში უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა, რადგან უშუალოდ რუსთველისეულ სიტყვიერ სამყაროში ამოგზაურებს მოთამაშეს და მისი ბუნებრივი ნაწილი ხდება. ტექსტის შეცნობისათვის აუცილებელია, მკითხველის იდენტიფიკაცია მის, რომელიმე გმირთან ან მთლიანად ამბავთან. ამ მხრივ,  დაფის თამაშებს დიდი შესაძლებლობები გააჩნია. გრაფიკულ-გამომსახველობითი და ტექსტური მხარე ახალი სინთეზური ვარიაციებით არის წარმოდგენილი.
„თამაშობ, ესე იგი მონაწილეობ ამბავში _ მოგზაურობ ხელშესახებ სიტყვიერ გარემოში და აფორზმებით იხსნება იმ სამყაროს  კარი, რომელშიც  ორგანულ ნაწილად  იგრძნობ თავს“. _ ამბობს ლევანი.
ავტორებმა ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში რამდენიმე სკოლაში წარადგინეს. ბავშვებმა ხალისით ითამაშეს _ ითამაშეს და, რაც მთავარია, ისწავლეს.
პოემაში გამოყენებულია 30 აფორიზმი, მათი ცოდნა საშუალებას აძლევს მოთამაშეს წინ გაიჭრას და გაიმარჯვოს. სამაგიდო თამაში მარათონული პრინციპზეა დამყარებული. იმარჯვებს ის ვინც გადალახავს დაბრკოლებებს და პირველი მივა ფინიშთან. თუ მოთამაშეს სურს სხვა აფორიზმები გამოიყენებოდეს თამაშში, გამოცემას  მოჰყვება სარეზერვო აფორიზმები და გამოსაჭრელი ბარათები. ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია ასევე მისთვის საინტერესო აფორიზმები ან ტაეპები, რაც გამოცემას არ ახლავს, დაამატოს თამაშს ბარათების სახით და გაამრავალფეროვნოს ის.
იდეის ავტორის სამომავლო გეგმები ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის პოლულარიზაციასთან არის დაკავშირებული, რაც სხვადასხვა ტიპის კულტურულ აქტივობებს მოიცავს.

სხვა სტატიები »