ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

წარმატებული სტუდენტები თსუ-დან

წარმატებული სტუდენტები თსუ-დან
17 ნოემბერი, 2016
ბაკალავრიატის საფეხურის დამთავრების შემდეგ სტუდენტები სწავლას მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად აგრძელებენ. სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამებს თსუ შვიდივე ფაკულტეტი სთავაზობს. 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-მ 83 სამაგისტრო პროგრამაზე გამოაცხადა მიღება.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და კონკრეტული პროგრამით გათვალისწინებული წესის საფუძველზე მოხდა. მაგისტრატურის საფეხურზე არსებული მასალის სიმრავლისა და სირთულის მიუხედავად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული თსუ-ში მიმდინარე სამეცნიერო, ადგილობრივ, თუ საერთაშორისო კონფერენციებში, მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებსა და იღებენ სასწავლო გრანტებს.
აქტიური და გამორჩეული სტუდენტების წასახალისებლად, ქალაქ თბილისის მერიამ 155 წარჩინებულ მაგისტრანტს და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სოციალურად დაუცველ სტუდენტს, თბილისის მასშტაბით, სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადასცა. მათ შორის 27 თსუ სტუდენტია. პროგრამის მიხედვით, 75 მაგისტრანტს 450 ლარი გადაეცა, სოციალურად დაუცველ 80 სტუდენტს კი მუნიციპალიტეტმა შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური დაუფარა. სტიპენდიის მოპოვება თსუ მაგისტრატურის იმ სტუდენტებმა შეძლეს, რომლებსაც 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული ჰქონდათ არანაკლებ 91-100 ქულისა (A კატეგორია _ ფრიადი).
27 სტუდენტიდან მერიის სტიპენდია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან რვა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან ექვს, სამართლის ფაკულტეტიდან ხუთ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან სამ, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტიდან სამ და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან ორ სტუდენტს გადაეცა.
მათ შორის ყველაზე მაღალი საშუალო _ 100 ქულა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს დიანა კონჯარიას ჰქონდა. დიანასთან ერთად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ნათია ბრეგვაძე და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ხომასურიძე, მოგვიყვებიან თსუ-ში სამაგისტრო სწავლებისა და განვითარების იმ სხვადასხვა საშუალების შესახებ, რომლებმაც მისცეს მათ საშუალება ყოფილიყვნენ სტიპენდიატი სტუდენტები.

დიანა კონჯარია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი
ვსწავლობ სლავური ფილოლოგიის კათედრაზე, ბაკალავრიატი კი დავამთავრე ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით. შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობიდან უდიდესი ინტერესი გამაჩნდა ორი მეცნიერებისადმი, ეს გახლავთ — ისტორია და უცხოური ენები. ამ მიმართულებების ძირეული შესწავლის შესაძლებლობას კი სწორედ ჩვენი ფაკულტეტი და კერძოდ სლავური ფილოლოგიის მიმართულება იძლევა. ბავშვობიდან კარგად ვიცი რუსული, მეორე კლასიდან ვსწავლობდი ინგლისურს. ამჟამად, ვსწავლობ პოლონურს და მინდა ვთქვა, რომ არ ვაპირებ გაჩერებას. ჩვენს უნივერსიტეტს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან, არსებობს უამრავი გაცვლითი პროგრამა და კონკურსი, ხშირად ეწყობა სხვადასხვა სახის კონფერენცია, საჯარო ლექცია. ასევე ჩვენს ფაკულტეტთან ფუნქციონირებს სამეცნიერო წრე, რაც ხელს უწყობს სტუდენტებს არა მარტო წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები, არამედ სრულყონ ისინი.
აქტიურად ვიღებდი კონფერენციებში მონაწილეობას. ყველაზე დასამახსოვრებელი კი შარშანდელი სამეცნიერო კონფერენცია გახლდათ. მახსოვს სიხარულის ის განცდა, როდესაც გამარჯვებულად დამასახელეს. დამეთანხმებით, რომ ამ გრძნობას ვერაფერი შეედრება.

გიორგი ხომასურიძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, მაგისტრატურის II კურსი
2015 წელს ჩავაბარე გეოგრაფიის მიმართულების მაგისტრატურის პროგრამაზე ,,ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება“. ინტერესი იმ სპეციალობისადმი, სადაც ვსწავლობ განაპირობა ბუნებისა და გარემოს შეცნობის სურვილმა, სწორედ გეოგრაფიის აღნიშნული მაგისტრატურის პროგრამაა განკუთვნილი გარემოსა და მის წინაშე მდგარი პრობლემების კვლევისათვის. ჩემი არჩევანი თსუ-ში სწავლასთან დაკავშირებით, განაპირობა აღნიშნული უნივერსიტეტის ავტორიტეტმა და სწავლის დონემ.
იმისათვის, რომ იყო წარმატებული სტუდენტი თსუ-ში განვითარების ბევრი საშუალებაა. უნივერსიტეტს გააჩნია ბიბლიოთეკა, რომელიც მკითხველს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს და ჰყავს პროფესიონალი აკადემიური პერსონალი. გარდა სწავლისა, აქტიურად ვმონაწილეობდი და ახლაც ვმონაწილეობ კვლევით საქმიანობაში. მონაწილეობა მაქვს მიღებული უნივერსიტეტის სხვადასხვა კონფერენცია, ორ მათგანში მიღებული მაქვს პირველი ადგილი. გარდა კონფერენციებისა, ვარ ხუთამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. როდესაც ხარ გამორჩეული სტუდენტი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ხარ მისაბაძი მაგალითი სხვებისთვის.

ნათია ბრეგვაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები, II კურსი:
მაგისტრატურაზე ჩაბარება ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე გადავწყვიტე. საერთოდ, ეს სფერო: კომუნიკაცია, ჟურნალისტიკა და მედია არის ის, რაც მაინტერესებს და სწორედ ამ მიმართულებით ვაპირებ მომავალში პროფესიულ საქმიანობას და აკადემიური განათლების მიღების გაგრძელებას.
ვფიქრობ, რომ თსუ წლების განმავლობაში უფრო და უფრო ვითარდება და უკეთესი უნივერსიტეტი ხდება. კონკრეტულად ჟურნალისტიკის მიმართულებაზე თუ ვისაუბრებთ, ბოლო წლებში გარემონტდა და აღიჭურვა თსუ-ის მულტიმედია ცენტრი, სადაც ნებისმიერი სახის საკმაოდ მაღალი ხარისხის ტექნიკაა: კამერები, შტატივები, მიკროფონები, ფოტოაპარატები. სამაუწყებლო მედიის საგნის გავლისას, პირდაპირ ეთერში მუშაობის პროცესიც გავიარეთ და `თოქ-შოუც~ ჩავწერეთ. სივრცეც და ტექნიკური ბაზაც ამის საშუალებას იძლევა. გარდა ჩემი უშუალო პროფესიისა, თსუ-მ მომცა პორტუგალიური ენის სწავლის საშუალება, რაც ყოველთვის მინდოდა. უნივერსიტეტში არის პორტუგალიური ენის ცენტრი, სადაც უცხოელი პროფესორი ასწავლის ენას. მე ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი, მერე გავიმარჯვე კონკურსში და როგორც საუკეთესო სტუდენტი ერთი თვით წასული ვიყავი ლისაბონის უნივერსიტეტში საზაფხულო ენის კურსებზე.
თსუ-ს აქვს გაფორმებული მემორანდუმი მედიასაშუალებებთან, სადაც მაღალი ქულების მქონე სტუდენტებს, ჟურნალისტიკის მიმართულებას ვგულისხმობ, შეუძლიათ სტაჟირების გავლა. მეც მომიწია ტელე და რადიო არხებზე მუშაობა, რამაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა.
წინა წელს მე და ჩემმა ჯგუფელებმა მონაწილეობა მივიღეთ ,,მისია 2015“-ში, რაც ითვალისწინებდა კონკრეტული კომპანიისთვის მარკეტინგული პროექტის დაგეგმვას და პიარ-სტრატეგიას. კონკურსში ერთ-ერთი საპრიზო ადგილიც ავიღეთ.

სხვა სტატიები »