ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

საერთაშორისო ინგლისურენოვანი პროგრამა უნივერსიტეტში _ შესაძლებლობა უცხოელი სტუდენტებისთვის

საერთაშორისო ინგლისურენოვანი პროგრამა უნივერსიტეტში _ შესაძლებლობა უცხოელი სტუდენტებისთვის
15 ნოემბერი, 2016
ბაშირ ჰასან ოდა და იასირ აბუზაიდი პირველი თაობის უცხოენოვანი სტუდენტები არიან, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან პროგრამაზე ,,მედიცინა"  ჩაირიცხა. უკვე მეხუთე წელია რაც ორივე მათგანი თბილისში ცხოვრობს და სწავლობს. კიდევ ერთი წლის, ანუ კურსის დასრულების შემდეგ მათ დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი მიენიჭებათ.
ბაშარი, სპეციალობით სონოგრაფერია, თუმცა სპეციალობის შეცვლა და რადიოლოგობა გადაწყვიტა. როგორც ამბობს, სახელმწიფო უნივერსიტეტზე არჩევანი ძირითადად ორი მიზეზის გამო შეარჩია: მისი ასაკის (ორმოც წლამდე) სტუდენტებისათვის საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში გარკვეული ასაკობრივი შეზღუდვა არსებობდა, გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტია, რომელში სწავლასაც ერაყის განათლების სამინისტრო ურჩევს ერაყელებს.
იასირმა, რომელიც ჯერ სულ 20 წლისაა, თავისი უფროსი მეგობრის მსგავსად, ერაყის განათლების სამინისტროს რეკომენდაცია გაითვალისწინა და საქართველოს უძველეს უნივერსიტეტში გადაწყვიტა სწავლა. გარდა ამისა, მისთვის მისაღები აღმოჩნდა გადასახდელი თანხაც. მას ნევროპათოლოგი სურს გამოვიდეს. ლექციით და ლექტორიებით ორივე კმაყოფილია. როგორც ამბობენ თავიდან, როდესაც საქართველოში ახალი ჩამოსულები იყვნენ, ლექტორები ისეთი საკითხების თაობაზეც აძლევდნენ ღირებულ რჩევებს, სწავლებას რომ საერთოდ არ უკავშირდება. სპეციალობის შესაბამისად, საქართველოში სწავლის გაგრძელების სურვილი აქვთ, თუკი შესაბამისი ინგლისურენოვანი პროგრამა ამოქმედდა. ამ დროისთვის მათ ყოველ დღე ხუთსაათიანი ლექციები უტარდებათ, საიდანაც ორი საათი თეორიას ეთმობა, სამი კი პრაქტიკული ხასიათისაა.
როგორც მედიცინის დოქტორი, პროფესორი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის მენეჯერი თამარ რუხაძე აცხადებს, ამ დროისთვის მედიცინის ფაკულტეტზე 186 აქტიური უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რომელთა უმეტესობა ერაყიდანაა. უახლოესი პერიოდის განმავლობაში ელოდებიან სტუდენტებს ინდოეთიდან, რომლებისთვისაც ერთი ჯგუფის შექმნას უკვე იანვრისთვის გეგმავენ.
ქართველი სტუდენტებისაგან განსხვავებით, რეალურად მედიცინის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად უცხოენოვანი სტუდნტისთვის ძირითადი მოთხოვნა ინგლისური ენის ფუნდამენტურად ცოდნაა. მართალია, გამოცდების ჩაბარების თვალსაზრისით ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის სხვასდასხვა სტანდარტი მოქმედებს, მაგრამ მედიცინის ფაკულტეტის პირველი საფეხურის სწავლება ორივე ენაზე ერთნაირი ფორმატით მიმდინარეობს. კერძოდ, თამარ რუხაძის თქმით, „ეს არის სისტემებზე დამყარებული, მედიცინის პირველი საფეხურის სწავლება. განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდის მსგავსად იგი არის ორიენტირებული არა საგნების, არამედ სისტემების შესწავლაზე და ბლოკებად არის დაყოფილი. თუ აქამდე ვსწავლობდით ფიზიოლოგიას, ანატომიას და ბიოქიმიას და თვითოეულში ვაბარებდით გამოცდას, ახლა ვსწავლობთ შესავალ ნაწილებს ამ საბაზისო საგნებში და შემდეგ ძირითად ნაწილებს, სისტემებს ბლოკის სახით. მაგალითად, სასუნთქი სისტემის, რომელიც მოიცავს, ანატომიას, ბიოქიმიას, ფიზიოლოგიას და კლინიკურ შესავალს. ანუ სტუდენტმა უკვე I-II კურსზე იცის სისტემა მთლიანად და მასში გაერთიანებული საბაზისო საგნები. აღარ უხდება სხვადასხვა ნაწილიდან ნასწავლი კომპონენტებიდან შეჯამება, არამედ უკვე გარკვეულწილად შეჯამებული მიეწოდება მას. ბლოკების სახით სწავლა უფრო ეფექტიანია, რადგან როდესაც სტუდენტი მაგალითად თერაპიის სწავლას იწყებს, მას არ უწევს მთლიანად საგნების სწავლა, არამედ უხდება მხოლოდ რამდენიმე ბლოკის გაერთიანება“.
თამარ რუხაძის თქმით, საბაზისო ნაწილი და საგნები პროგრამის პირველ ორ კურსზე ისწავლება, მესამე კურსი გარდამავალია და მასში უკვე კლინიკური ელემენტები სჭარბობს. შემდეგ კი კურსი მთლიანად კურაციულ სისტემაზე დაფუძნებულ კლინიკურ სწავლებას ეთმობა.
რაც შეეხება განხორციელებულ პრაქტიკულ სწავლებებს, ამ დროს სტუდენტთა ჯგუფი გადანაწილებულია და თუ ორი სტუდენტი ექოსკოპიას ესწრება, ორი რენტგენზე შედის, ორი კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე და ა.შ. მერე კი მათი მათი როტაცია ხდება. ინგლისურენოვან კურსში ჩართული აკადემიური პერსონალის ძირითადი ბირთვი, ბუნებრივია, თავად თსუ მედიცინის ფაკულტიტის წარმომადგენლებისგან შედგება. თუმცა, ამ პროცესში აქტურად არიან ჩართული ასევე, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის წარმომადგენლებიც, რომელთა რაოდენობა სემესტრულად იცვლება.

სხვა სტატიები »