ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაზე

თსუ სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაზე
25 ოქტომბერი, 2016
თსუ ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების პირველი კურსის სამი და თსუ სანდიეგოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის ელექტროინჟინერიის მიმართულების სტუდენტი საქართველოდან ერთადერთი მონაწილეები იქნებიან, ვინც ქვეყანას საკმაოდ პრესტიჟულ კონფერენციაზე წარადგენს.
მეტროლოგიის კვლევის ნაციონალური ინსტიტუტის ორგანიზებით ტურინში 24-25 ოქტომბერს ახალგაზრდა მკვლევართა მეშვიდე შეხვედრა იმართება. მასში მონაწილე მკვლევარებს შემდეგ სესიებში შეუძლიათ ჩართვა: ასტროფიზიკა და კოსმოლოგია, კონდენსირებული მატერია, მათემატიკური ფიზიკა, ფარდობითობის თეორია და კვანტური კოსმოლოგია, ატომური ფიზიკა, ფიზიკა და კვანტური ფიზიკა.
სტუდენტებმა გიორგი ხომერიკმა, ეკატერინე დადიანმა, ცოტნე დადიანმა და ანა ლომაშვილმა შეხვედრაზე მოხსენება თავისი კვლევების შესახებ გააკეთეს. ტურინში ახალგაზრდა მკვლევართა ეს შეხვედრა, ძირითადად დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის, პოსტდოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, თავისი კვლევის აბსტრაქტების გაგზავნის შემდეგ, ოთხივე სტუდენტმა მონაწილოებაზე დადებითი პასუხი უპრობლემოდ მიიღო და სამს ნაწილობრივი (მგზავრობის და განთავსების) დაფინანსებაც გამოუყვეს. ანა ლომაშვილს კი ხარჯები მთლიანად სან დიეგოს უნივერსიტეტმა დაუფარა.
გიორგის ხომერიკის კვლევის თემაა: „პარამეტრული რეზონანსით გამოწვეულ მაგნიტურ ქანქარაში“, ეკა დადიანის კვლევა „პატარა წვეთების ზედაპირზე გაჩერების ხანგრძლივობას შეეხება“. უბრალო დამთხვევის წყალობით ისევ წვიმის წვეთების, ოღონდ მათი გაყინვის სპეციფიკიდან გამომდინარე ფორმის თავისებურებაზეა ანა ლომაშვილის კვლევა, რომელმაც იგი ჰიდროდინამიკის კუთხით ჩაატარა. ცოტნე დადიანის თემა: "სინათლის რგოლები, რომელიც მავთულითა და ლაზერით წარმოიქმნება".
თსუ-ის ოთხივე სტუდენტი კომაროვის და ვეკუას სახელობის სკოლების ყოფილი მოსწავლეა და ერთმანეთს ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან, სხვადასხვა კონკურსიდან იცნობს. ამ კონფერენციის შესახებ ინფორმაცია საკუთარი ინიციატივით მოიძიეს. ეკამ და ცოტნემ თავის კვლევაზე მუშაობა კომაროვის ლაბორატორიაში ერთი წლის წინ დაიწყეს, რომელთა ჩატარებაშიც მათ გრიგოლ ფერაძე და დავითი ბულესკერია ეხმარებოდნენ. დღეს ისინი თსუ მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტები არიან და ამავე დროს ვეკუაში ასწავლიან.
ამ კონფერენციის ძირითადი მიზანი ახალგაზრდა მკვლევართა ქსელის შექმნის ხელშეწყობაა. ამ კონფერენციებზე, რომლის ძირითადი მონაწილეები ახალგაზრდა მკვლევარები არიან, შეხვედრის მონაწილეებს თავისი კვლევის დამსწრე საზოგადოებისთვის მოკლე გამოსვლების ან პრეზენტაციების საშუალებით გაცნობა შეეძლოთ. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებისათვის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი გახლდათ გაცნობითი ვიზიტი ასევე ტურინის ობსერვატორიაში სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში და მოისმინონ იტალიელი მეცნიერების ლექციები.

სხვა სტატიები »