ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ჩინეთში სწავლის უნიკალური შესაძლებლობა თსუ სტუდენტებისთვის

ჩინეთში სწავლის უნიკალური შესაძლებლობა თსუ სტუდენტებისთვის
20 ოქტომბერი, 2016
თსუ-ს საერთაშორისო პარტნიორობის პროგრამები უნივერსიტეტის სტუდენტებს უცხოეთში განათლების მიღების ახალ, მნიშვნელოვან შესაძლებლობას უქმნის. გიორგი ჯავრიშვილი და ვალერი კოპალეიშვილი ის ახალგაზრდები არიან, ვინც ამ შესაძლებლობით ისარგებლა. ისინი დღეს პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. მას შემდეგ რაც თსუ-ს სასწავლო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ.

პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თსუ-ს პარტნიორი დაწესებულებაა და ყოველწლიურად, სამაგისტრო თუ სადოქტორო დონეზე, რამდენიმე სრულად დაფინანსებულ სტიპენდიას გვთავაზობს. გიორგი და ვალერი გვესაუბრებიან პროგრამის დეტალებზე, არსებულ რეგულაციებსა და იმ განსხვავებებზე, რომელიც ევროპულ და აზიურ სწავლების მეთოდებს შორის არსებობს.
გიორგი ჯავრიშვილი ამბობს, რომ ჩინეთში სწავლა მისთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა, განსხვავებული, რთული და, ამასთან, მიმზიდველიც. ასე იხსენებს გზას, რომელიც ჩინეთში წასვლამდე გაიარა და გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელთა გადალახვა მოუხდა იქ:
„სანამ ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი დადგებოდა, მანამდე ვიყავი ჩეხეთის რესპუბლიკაში სასწავლებლად ერთი წელი, ჩეხეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, ჩემს მეგობართან, ვაკო კოპალეიშვილთან ერთად, ვფიქრობდი მიმეღო თუ არა მონაწილეობა თსუ-ს ამ პროგრამაში. ვისმენდი ვაკოს რჩევებს, რომელიც მანამდე უკვე იყო ამ პროგრამით ჩინეთში. ბოლოს გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა. თსუ-ს სტუდენტი ვიყავი და, შესაბამისად, სწორედ ამიტომ მომეცა უფლება, რომ შესარჩევ ეტაპზე მიმეღო მონაწილეობა, გავიარე გასაუბრება, ასევე აუცილებელი იყო ინგლისური ენის სერტიფიკატიც, რომელიც გამაჩნდა. საბედნიეროდ, ამარჩიეს და მაგისტრატურის პროგრამით წავედი პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. პეკინში საინფორმაციო ტექნოლოგიებს ვსწავლობდი, პირველი წელი გვასწავლიდნენ ჩვენი მიმართულების ძალიან ფართო ასპექტებსა და სხვადასხვა მიმართულებას. ვიღებდით ისეთ ცოდნას, რომელიც მეორე წელს სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობაში გამოგვადგება და გაგვიადვილებს წერის პროცესს.
ამ პროგრამის მთავარი უპირატესობა, ვფიქრობ არის სწავლების სრულიად განსხვავებული მეთოდები. ვსწავლობდით საფუძვლიანად, გვქონდა პარალელურად პროექტები დავალებად და პრეზენტაციები. ამ პროექტების განხორციელებას სჭირდებოდა ბევრი დრო, კითხვა და პრაქტიკული სამუშაოები. სხვადასხვა ქალაქში გვქონდა ტრენინგები. მე ვიყავი ქალაქ ჩენგდუში ორკვირიან ტრენინგზე „ანდროიდ დეველოპმენტთან“ დაკავშირებით, ვფიქრობ რომ ძალიან პროდუქტიული ორი კვირა გამოვიდა, თან მანამდეც მაინტერესებდა ეს თემა და გამიმართლა, რომ ამ ტრენინგზე მოვხვდი.
ჩენგდუს უნივერსიტეტის კამპუსი ქალაქგარეთ მშვიდ გარემოში მდებარეობდა, ხუთი საათი გვქონდა დღეში ტრენინგი და შემდგომ დავალებები. ერთი-ერთი განსხვავება ევროპულ და ჩინურ სწავლებაში ისაა, რომ გამოცდების დროს გადაბარება არ არის და არის ერთი გამოცდა ტესტირების ფორმატით. გვქონდა სპორტული აქტივობებიც, პირადად მე ხშირად ვთამაშობდი ფეხბურთს.
სწავლება და ცხოვრების რიტმი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია როგორც საქართველოსგან, ისე ევროპისგან. მაგალითისთვის, პირველ რიგში, მახსენდება ჩემი ის ემოცია, როდესაც გავიგე, რომ ღამის 12 საათის შემდეგ არ გვქონდა უფლება გავსულიყავით ჩვენი საერთო საცხოვრებელიდან. ბუნებრივია, ეს უსაფრთხოების ზომების შემადგენელი ნაწილი იყო. მხოლოდ პარასკევსა და შაბათს გვქონდა ღამის 2 საათამდე გასვლის უფლება.
ცალსახად პოზიტიურია ის ფაქტი, რომ არიან უზომოდ წესრიგის მოყვარულები. ჩვენ გვქონდა გასვლითი დღეები ღირშესანიშნაობების სანახავად. ამ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო წინასწარ ჩაწერა და თუ ჩაწერილი ხარ და არ მიხვედი, მაშინ შავ სიაში იწერები. ერთხელ მეც მოვხვდი შავ სიაში. ერთ-ერთი ასეთი ტური დილის 6 საათზე იყო, მე კი ვერ გავიღვიძე და შესაბამისად, შემდეგი ტურიც გამომატოვებინეს. მათ, ვისაც სურვილი აქვთ ამ პროგრამაში მონაწილეობის, უნდა გაიაზრონ, რომ უბრალოდ ახალ გარემოში მოხვდებიან, სადაც ადაპტაციას ევროპის რომელიმე ქვეყანასთან შედარებით, შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს. თსუ-ს ამ პროგრამამ დიდი ზეგავლენა იქონია შემეცვალა ჩემი სამომავლო გეგმები უკეთესობისკენ, მომავალში მინდა რომ ვისწავლო ჩინური ენა და გარკვეული პერიოდი ვიმუშაო ჩინეთში“.
ვალერი კოპალეიშვილიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი იყო, როცა ჩინეთში სწავლის შესაძებლობა გამოჩნდა. "თსუ-ს გაცვლითი პროგრამების საშუალებით, გავაგზავნე საბუთები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში და ასევე ჩინეთში, პეკინის ტექნოლგიურ უნივერსიტეტში. მახსოვს ყველას უკვირდა, რატომ პეკინი და არა ევროპა?! ევროპაში წასვლის შესაძლებლობა ბევრჯერ იქნებოდა, მე კიდევ ყოველთვის მაინტერესებდა აზია, აზიური კულტურა და არ გავუშვი ის შანსი, რაც თსუ-მ მომცა. საბუთების შერჩევის შემდეგ მოვიდა დადებითი პასუხი და ასე აღმოვჩნდი კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
ჩემი სირთულეები გიორგისგან განსხვავებით იწყება საჭმლით, იმიტომ რომ ყველაფერი იყო ცხარე. თუმცა, დაახლოებით ორთვიანი ადაპტაციის შემდეგ, გადავლახე ესეც. შეზღუდვები ეხებოდა საცხოვრებელში უცხო პირის მოყვანასაც. თუმცა, ეს რეგულაციები უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების გათვალისწინებით ტარდებოდა. ამავდროულად ხშირი კონტაქტი გვქონდა ჩვენი ქვეყნის საელჩოსთანაც, რომელიც გვწერდა სხვადასხვა ღონისძიების შესახებ და რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში დახმარებას გვიწევდა.
სწავლების პროცესის ერთ-ერთი ეტაპი იყო მასტერკლასები, რომელიც ერთ-ერთ ზღვისპირა ქალაქში ჩაგვიტარა ცნობილმა აზიურმა კომპანიამ. იქ გვასწავლიდნენ თამაშების შექმნას. დილის 9 სთ-დან საღამოს 5-6 სთ-მდე ვიყავით სამუშაო ოთახებში და ვმუშაობდით პროექტებზე, ჯგუფებში ვიყავით 2-3 კაცი, მოგვცეს სერტიფიკატები და ძალიან კმაყოფილები წამოვედით. მომწონდა ისიც, რომ გვქონდა პრეზენტაციები, თვეში მინიმუმ ერთხელ. ეს კი გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩვენი ცოდნა გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის. საფუძვლიანად გვასწავლიდნენ მომავლის ტექნოლოგიებს. ისეთს მაგალითად, როგორიც არის „ბიგ დატა", იგივე – დიდი მონაცემების დამუშავებას. უფასოდ ვსარგებლობდით სპორტული დარბაზებით. ჩინეთში სწავლამ გამზარდა, არამხოლოდ განათლების, არამედ პიროვნული თვალსაზრისითაც. უცხო ქვეყნის კულტურა გვიფართოვებს ტოლერანტობის მასშტაბებს და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. სამომავლოდ ვაპირებ, რომ დავბრუნდე ჩინეთში და შევისწავლო ჩინური ენა“. – ამბობს ვალერი.
მოგონებებიდანაც ჩანს, რომ თსუ მაგისტრატურის სტუდენტებმა გაცვლით პროგრამის წყალობით მართლაც უმნიშვნელოვანესი გამოცდილება მიიღეს. ასეთი შანსი თსუ-სტუდენტებს თითქმის ყოველწლიურად აქვთ – ამისთვის მონდომება, ინგლისურის კარგი ცოდნა და განსაკუთრებული ტექნიკური უნარები არის საჭირო, რომლის მიღებაც თსუ ბაზაზე შეიძლება.
სხვა სტატიები »