ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი - პირველი ნაბიჯები საუნივერსიტეტო განათლებისკენ

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი - პირველი ნაბიჯები საუნივერსიტეტო განათლებისკენ
3 ოქტომბერი, 2016
სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებელზე არჩევანის გაკეთებაში უკვე რამდენიმე წელია ეხმარებიან თსუ სტუდენტები („დესპანები“). ისინი ცდილობენ საქართველოს ყველა კუთხეში ჩავიდნენ და ახალგაზრდებს თსუ-ში სწავლის საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.

„თსუ დესპანი“ თსუ უწყვეტი აკადემიური განათლების ცენტრის შემადგენლობაში შემავალი „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ პროექტთაგან ერთ-ერთია. პროექტების მიზანი მომავალი სტუდენტებისათვის პროფესიის ასარჩევად გეზის მიცემა და სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური წამორჩენაა.

„თსუ დესპანებთან“ შეხვედრის გარდა, თსუ ფაკულტეტებთან არსებული „ნორჩთა სკოლები“ ასევე კარგი საშუალებაა სკოლის მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტის გასაცნობად - მათ შეუძლიათ თსუ ლექტორების მიერ მათთვის მომზადებულ ლექციებს უფასოდ დაესწრონ და საინტერესო თემებზე საბაზისო ცოდნა მიიღონ.

ნაირა მელქაძე ერთ-ერთი მათგანია, ვისაც უნივერსიტეტის „დესპანი“ არჩევანის გაკეთებაში დაეხმარა. ნაირა წელს თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა. მართალია, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლა უფასოა, მაგრამ როგორც თავად განმარტავს, სურვილის შემთხვევაში გრანტის სხვა ფაკულტეტზე გადატანა და სწავლის იქ უფასოდ გაგრძელების საშუალება ექნება.

თუმცა, ნაირა ფიქრობს, რომ არჩევანის შეცვლა არ მოუწევს, რადგან ინფორმაცია ფაკულტეტის შესახებ წინასწარ "საბავშვო უნივერსიტეტში" უკვე მიიღო. ნაირა ერთდროულად „ნორჩი ჰუმნიტარებისა“ და „ნორჩი სოცპოლების“ სკოლების მიერ ორგანიზებულ ლექციებზე დადიოდა. თუმცა, საბოლოოდ ეკონომიკამ გაიტაცა. ჩარიცხვამდე ერთი წლით ადრე „ეკონომისტების სკოლის“ არც ერთი ლექცია არ გაუცდენია და სამომავლო პროფესიის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაშიც საბოლოოდ „საბავშვო უნივერსიტეტი“ დაეხმარა. როგორც ნაირა აცხადებს, "საბავშვო უნივერსიტეტთან" თანამშრომლობა მისთვის სამომავლოდაც ძალზე სასიამოვნო იქნება და შესაძლოა თავისი ძალები „თსუ დესპანის“ სტატუსითაც მოსინჯოს.

როგორც თსუ მომზადების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და „საბავშვო უნივერსიტეტის“ წარმომადგენელი გიორგი გრიგოლაშვილი აცხადებს, „საბავშვო უნივერსიტეტი“ აფართოვებს თავისი საქმიანობის მასშტაბებს არა მარტო გეოგრაფიული თვალსაზრისით, არამედ შინაარსობრივადაც. მისი თქმით, გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მათი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი პროფორიენტაციაა. სწორედ ეს იყო 21 სექტემბერს ფიზიკის დიდ აუდიტორიაში გამართული ღია კარის დღის ერთ-ერთი მთავარი თემა, ისევე, როგორც შემდგომ დღეებში ქუთაისის კერძო და საშუალო სკოლებში გამართული შეხვედრებისა.

„ღია კარის“ ტიპის შეხვედრებს „საბავშვო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები იმერთის და სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, კერძო და საშუალო სკოლების მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის, მთელი ნოემბრის ჩათვლით გეგმავენ. ახალი სასწავლო წლიდან, პარალელურად, განახლდება სხვადასხვა ლექციის თემატიკა, „საბავშვო უნივერსიტეტის“ საქმიანობაში ჩაერთვებიან ახალი იდეების მქონე ახალგაზრდა ლექტორები, გარდა ამისა, რეგიონებში მდებარე კერძო და საშუალო სკოლებისათვის ლექციების ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებაც იგეგმება.

„სკაიპის“ გამოყენებით სწავლების შესაძლებლობის ტესტირება საბავშვო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ შარშან ჩაატარეს. როგორც გრიგოლაშვილი განმარტავს, ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტიანი ზამთრის პერიოდშია, როდესაც ტრანსპორტით მიმოსვლა გაძნელებულია. სკოლებთან დაკავშირება და სწავლებების ჩატარება ამ გზით ზედმეტი მატერიალურ დანახარჯის გარეშეა შესაძლებელი. საამისოდ ძირითადი პირობაა სკოლაში ინტერნეტის არსებობა, რაც დღეისათვის ფაქტობრივად პრობლემას არსად წარმოადგენს.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელი მარიამ იმერლიშვილი თსუ-ში ჩარიცხვამდე ასევე „საბავშვო უნივერსიტეტის“ ლექციებზე დადიოდა. დღეს იგი საერთაშორის ურთიერთობის მიმართულებზე სწავლობს, ასევე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ასპროცენტიანი გრანტით.

„ჰუმანიტარული ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ძალზე საინტერესო ლექციებზე დავდიოდი, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ „საბავშვო უნივერსიტეტს“ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით არ ჰქონდა კურსი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ წევრმა, ჩემს მეგობრებთან ერთად „საბავშვო უნივერსიტეტში“ ამ მიმართულების შექმნის ინიციატივა წამოვაყენე. ჩვენს იდეას „საბავშვო უნივერსიტეტში“ დიდი მოწონებით შეხვდნენ. დღეისათვის ამ კურსზე ონლაინ რეგისტრაცია მიმდინარეობს. ამ საქმიანობაში კურსის მხარდამჭერებია საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. მარიამი ამბობს, რომ მას დრო „საბავშვო უნივერსიტეტში“ უქმად ნამდვილად არ დაუკარგავს და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის „საბავშვო უნივერსიტეტში“ სწავლა ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, რომელიც აბიტურიენტს არჩევანის გაკეთებას უადვილებს.

„თსუ საბავშვო უნივერსიტეტმა“ ახალი სასწავლო წელი უკვე დაიწყო. ლექციებზე დასწრება და საკუთარი ინტერესების მიხედვით „ნორჩთა სკოლის“ შერჩევა ყველა მსურველ მოსწავლეს შეუძლია.

სხვა სტატიები »