ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ევროპაში სწავლის შესაძლებლობა თსუ სტუდენტებისთვის

ევროპაში სწავლის შესაძლებლობა თსუ სტუდენტებისთვის
3 ოქტომბერი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ევროკომისიის საგანმანათლებლო პროგრამის (Erasmus+) ფარგლებში წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის სულ უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევათ. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან ყველაზე მეტი სრულად ანაზღაურებული მობილობა სწორედ თსუ-მ მოიპოვა. გაიზარდა მთლიანად საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის გამოყოფილი გრანტების ოდენობაც. ამ კუთხით საგანმანათლებლო პროგრამის პარტნიორ 127 ქვეყანას შორის საქართველო მე-5 ადგილზეა.
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა გერგედავას განცხადებით, „საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტს 2016-2018 წლებში ევროპის 19 ქვეყნის 45 წამყვან უნივერსიტეტთან დაუფინანსდა მობილობები ყველა საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. ეს კი მიმდინარე სასწავლო წელს, დაახლოებით, 300-ზე მეტი დაფინანსებული საერთაშორისო გრანტია. აქედან 270-მდე გრანტი სტუდენტებისთვისაა გათვალისწინებული“.
თსუ-ს სტუდენტები პროგრამისა და მიღებული გამოცდილების შესახებ გვიყვებიან:

გიორგი წილოსანი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციოლოგიის მიმართულება:
ევროკომისიის საგანმანათლებლო პროგრამის (Erasmus+) ფარგლებში ვიყავი გერმანიაში, ლაიპციგის უნივერსიტეტში, სოციალური მეცნიერებების და ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც ვსწავლობდი სოციოლოგიის მიმართულებით. პირველად "ერასმუსის" შესახებ, ჯერ კიდევ, სკოლაში გავიგე. მაშინ საუბრობდნენ პროგრამაზე, რომელშიც საქართველოც მალე ჩაერთვებოდა და სტუდენტებს საშუალება მიეცემოდათ ესწავლათ ევროპის უნივერსიტეტებში. 4 წლის შემდეგ კი მეც ჩავეწერე "ერასმუსელების" სიაში. უნივერსიტეტში პირველ კურსზე წარადგინეს სხვადასხვა პროგრამა, თუმცა მონაწილეობის საშუალება მხოლოდ მეორე კურსიდან გვქონდა. მეც გავაგზავნე საბუთები და ერთ დღეს დამხვდა მეილი, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში.
ამ ერთმა წელმა უამრავი რამ მასწავლა, განათლებასთან ერთად ყველაზე ფასეულ გამოცდილებად მივიჩნევ დამოუკიდებლად ცხოვრებას და იმ ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებას, რაც მშობლიურ ქვეყანაში არ გხვდება ან საერთოდ ვერ შეგხვდება. "ერასმუსი" კულტურის გაცვლაა, ხვდები უამრავ ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ადამიანებთან ურთიერთობა და დამოუკიდებლად ცხოვრება ორი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩემთვის. მომავალ ერასმუსელებს ვეტყოდი, რომ რაც შეიძლება მეტი იმოგზაურონ, ისწავლონ და მაქსიმალურად გამოიყენენონ მობილობის პერიოდი, რადგან იქ დრო ძალიან სწრაფად გადის.

მარიამ ჭუჭულაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება:
„ერასმუს+“-ის პროგრამით პორტუგალიაში 10 თვე ვიყავი. ვსწავლობდი ქალაქ ბრაგანსას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ინფორმაციული სისტემების განხრით.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საზღვარგარეთ სწავლა ჩემს სფეროში განმავითარებდა, მეტი შანსი მექნებოდა მიმეღო დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება, განსხვავებული კულტურის ხალხთან ურთიერთობა და სხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა.
ამ კონკურსის შესახებ საკმაოდ გვიან გავიგე, ბრაგანსას უნივერსიტეტში სწავლა უკვე დაწყებული იყო და თავიდან ვფიქრობდი, რომ არც ღირდა ცდა, მაგრამ მოგვიანებით, ჩემი ლექტორის დაჟინებით გადავწყვიტე ბედი მეცადა და გამიმართლა. გასაუბრებიდან ერთ თვეში წავედი პორტუგალიაში. ვთვლი, რომ განათლების მიღების თვალსაზრისით, საკმაოდ კარგი წელი იყო ჩემთვის. შესაძლებლობა მომეცა მენახა, რა კუთხით ასწავლიან ჩემს პროფესიას სხვა უნივერსიტეტში და მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა საუნივერსიტეტო კვლევასა და ახალი სასწავლო მეთოდოლოგიის გამოცდაში, რისი შესაძლებლობაც აქამდე არ მქონია.
საუკეთესო წელი იყო ახალი მეგობრების შესაძენად, "ერასმუსი" პატარა ოჯახივითაა, სადაც ყველა ერთმანეთს ეხმარება და იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობები სამუდამოდ გაგრძელდება.

ზურა გამთენაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება:
2016 წლის გაზაფხულის სემესტრი ვიყავი გერმანიაში, კერძოდ იენაში, ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში, ჩემივე სპეციალობით - პოლიტიკის მეცნიერება. ეს პროგრამა მოიცავდა ხუთთვიან სწავლებას. ვფიქრობ, რომ ევროპული და ამერიკული სწავლების ხარისხი ქართულთან შედარებით უკეთესია. თუმცა, ამ ფაქტორთან ერთად, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ახალ კულტურულ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა, სადაც საშუალება მომეცა ხშირ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული სოციუმის წევრებთან მქონოდა ურთიერთობა. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია პროგრესული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.
ამ ხუთმა თვემ, საკმაოდ კარგი განათლების გარდა, სწორედ ის შედეგები მომცა, რა მიზნითაც ვიყავი წასული. მქონდა განსხვავებული კულტურის ადამიანებთან ურთიერთობა, საინტერესო დისკუსიები. თავისუფალ დროს, ხშირად, ვატარებდით ერთად. ამ ყველაფერმა უდიდესი პოზიტიური ემოციებით დამმუხტა და მოტივაცია გამიორმაგა.
ყველა სტუდენტს, რომელსაც ევროპაში სწავლის სურვილი აქვს, ვურჩევდი, რომ ეს საუკეთესო შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას, მაქსიმალური ინვესტიცია ჩადოს საკუთარ განათლებაში, რათა შემდეგ უფრო მეტი პერსპექტივები გაუჩნდეთ. ჩემი აზრით, ამისთვის აუცილებელია თავდაჯერებულობა, ჯანსაღი ამბიციები და მეტი ცოდნის მიღების სურვილი, რაც შემდგომში გვეხმარება მიზნის მიღწევაში, ენის ან ენების შესწავლასა და სამომავლო წარმატებებში.

2006 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 872 სტუდენტს მისცა შესაძლებლობა უფასოდ ესწავლა ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლების სხვადასხვა საფეხურზე. გასულ სასწავლო წელს თსუ-ს 200-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მობილობაში მონაწილეობა. უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლობენ იტალიის, ფინეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, გერმანიის, პორტუგალიის, ევროპის სხვა ქვეყნებისა და ჩინეთის უნივერსიტეტებში.

სხვა სტატიები »