ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი - საუკეთესო არჩევანი აბიტურიენტთათვის!

თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი - საუკეთესო არჩევანი აბიტურიენტთათვის!
3 ოქტომბერი, 2016
ნინო დანელიშვილი და მარიამ აბრამიშვილი თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდნენ.
2015-2016 სასწავლო წელს უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადდა 33 აბიტურიენტი და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კი 55 მაგისტრანტობის კანდიდატი.
33-იდან 30-მა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და სწავლა განაგრძო სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის თსუ-სა და სან დიეგოს უნივერსიტეტში. რამდენიმე მათგანმა მოიპოვა 100%-იანი დაფინანსებაც. მაგისტრანტობის ყველა კანდიდატმა წარმატებით ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდა და სწავლა მაგისტრატურაში განაგრძო.
ჩვენ თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში სწავლის და უმაღლეს სასწავლებელზე გაკეთებული არჩევანის მიზეზებით დაინტერესდა და ცენტრის კურსდამთავრებულებს საკუთარი გამოცდილების გაზიარება სთხოვა:

ნინო დანელიშვილმა არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე შეაჩერა: "ქ. თბილისის 47-ე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, გამომდინარე იქიდან, რომ თსუ ამიერკავკასიაში ნომერ პირველი უნივერსიტეტია სწავლების უმაღლესი ხარისხითა და სანდოობით, ყოველთვის მსურდა ამ უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღება და როდესაც ინტერნეტის საშუალებით თსუ-ს უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების შესახებ შევიტყვე, მაშინვე მივმართე მათ.
ბედნიერი ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ასეთ პროფესიონალ პედაგოგებთან მოვხვდი, რამაც განაპირობა ჩემი წარმატება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ჩავირიცხე თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამაზე 100%-იანი გრანტით.
ენერგიას არ დავიშურებ იმისათვის, რომ ღირსეული სტუდენტი ვიყო და მჯერა, - რომ ჩემი და უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით პროფესიონალი გავხდები“. - ამბობს ნინო.
მარიამ აბრამიშვილი დღეს სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტია. "სანამ სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, ვსწავლობდი კერძო კოლეჯში „ოქროს აკვანი“. მქონდა მაღალი ნიშნები, მაგრამ, ვიდრე ეროვნულ გამოცდებზე გავიდოდი, მსურდა გავცნობოდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების მეთოდებს და მომესმინა მისი პროფესორ-მასწავლებლების ლექციები. ამიტომ, როდესაც ოჯახის წევრებისგან გავიგე, რომ თსუ-ს აქვს აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები, უყოყმანოდ მივაკითხე. ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა რამაზ ვაჯბედაშვილმა ყურადღებით მომისმინა და დამეხმარა შესაფერისი საგნების არჩევაში. თავიდანვე მომხიბლა ლექტორთა პროფესიონალიზმმა და სწავლების განსხვავებულმა მეთოდებმა. ქალბატონმა ზინა გაბიჩვაძემ ქართული ენა და ლიტერატურა სხვა კუთხით დამანახა, ხოლო ჩემი საყვარელი ლექტორი გახდა ქალბატონი ნინო გოგინაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის საკითხებში კიდევ უფრო ღრმად ჩამახედა და უახლესი სამეცნიერო კვლევებიც გამაცნო, რაც ძალიან დამეხმარა მისაღებ გამოცდებზე.
სან დიეგოს უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან ეს არის უნიკალური შანსი საქართველოდან გაუსვლელად მიიღო ამერიკული განათლება და დიპლომი. მინდა აღვნიშნო ის დიდი ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკული მხარე იჩენს ქართველი სტუდენტების მიმართ. უკვე ერთი კვირაა ვსწავლობ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის ფაკულტეტზე, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში.
მომავალში ვაპირებ არ დავჯერდე ბაკალავრის ხარისხს და გავიღრმავო ცოდნა და კვალიფიკაცია. ბიოქიმიის სფეროში მიმდინარე თანამედროვე კვლევები მიმართულია ადამიანების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებისკენ, რაშიც, მსურს, ჩემი წვლილიც შევიტანო და შედეგები ქართველი ხალხის სასიკეთოდ გამოვიყენო“. - გვიყვება მარიამი.
ახალგაზრდები დღეს სტუდენტები არიან და აბიტურიენტებს თსუ უწყვეტი განათლების ცენტრზე არჩევანის გაკეთებას უყოყმანოდ ურჩევენ.
უწყვეტი განათლების ცენტრი მსურველებს ტრენინგ კურსებს, სასერტიფიკატო კურსებს, უცხო ენის კურსებსა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს სთავაზობს. აბიტურიენტებს საშუალება აქვთ სრულფასოვნად მოემზადონ შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული), ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. კურსის მიმდინარეობისას აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალოგიური ტესტირებები. ამავდროულად, კურსის განმავლობაში აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უნივერსიტეტს, მის საგანმანათლებლო პროგრამებს, მოისმინონ მათთვის საინტერესო ლექციები, მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის სხვადასხვა აქტივობაში, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მომავალი პროფესიის შესახებ. ცენტრი აბიტურიენტებს გადახდის ხელსაყრელ გრაფიკსა და ხელმისაწვდომ ფასს სთავაზობს.

სხვა სტატიები »