ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

პლატფორმა უნივერსიტეტის რეფორმირებისთვის

პლატფორმა უნივერსიტეტის რეფორმირებისთვის
26 ივლისი, 2016
გასული თვის ბოლოს თსუ აკადემიური საბჭოსა და უწყვეტი განათლების ცენტრის ინიციატივით საუნივერსიტეტო განათლების სისტემაში რეფორმებისათვის პლატფორმას ჩაეყარა საფუძველი. მასში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ბევრმა გაიარა და რამდენიმე შეხვედრაც შედგა. რა შედეგი მოჰყვა, ამ დროისთვის, აღნიშნულ ინიციატივას? ამის თაობაზე უწყვეტი განათლების ცენტრის თანამშრომელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, გიორგი გრიგოლაშვილი გვესაუბრა.
_ კიდევ ერთხელ რომ დავაკონკრეტოთ, თუ რას გულისხმობს პლატფორმის იდეა და რა მიზნით შეიქმნა იგი?
_ ზოგადად პლატფორმის ჩამოყალიბების და შექმნის მიზეზი სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები იყო. სტუდენტებს ჰქონდათ გარკვეული პრეტენზიები, ზოგს ობიექტიური და ზოგს სუბიექტური. ვფიქრობ, ეს იყო უნივერსიტეტის სწორი პოზიცია - ყველა დაინტერესებული მხარისთვის, ვისაც აქვს სურვილი და მოწოდება შეცვლოს უნივერსიტეტი უკეთესობისკენ, მიეცა ერთიან პლატფორმაზე მსჯელობის საშუალება. სასიხარულო იყო ის, რომ როდესაც რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობდა, მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდნენ, როგორც სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები და მხარდამჭრები, ისე სხვადასხვა სტუდენტური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც ამ ბოლო დროს აქტიურად გამოხატავენ თავის პოზიციას. გარდა ამისა, ის სტუდენტები, რომლებიც არ წარმოადგენენ რომელიმე ჯგუფს, მაგრამ აქვთ თავისი ხედვა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით.
_ მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის სულ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რამდენადაც ვიცი არის პრინციპები, რომლებზეც უკვე მეტ-ნაკლებად შეჯერდით.
_ საუბარი იყო უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში სტუდენტების მონაწილეობის ფორმებზე მოქმედი კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად; განიხილებოდა სტუდენტების აქტივობებისა და პროექტების განსახორციელებლად დაფინანსების განაწილების საკითხები. როგორც გახსოვთ, წინა პერიოდში სერიოზული მღელვარების მიზეზი გახდა ის, თუ რამდენად სამართლიანად ხდებოდა სტუდენტებისათვის გათვალისწინებული თანხის განაწილება. შემდეგი შეხვედრები დაეთმობა დაფინანსების გადასანაწილებლად კონკრეტული მოდელების განსაზღვრას. გარდა ამისა, შევთანხმდით იმაზე, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყდეს არა ძალის დემონსტრირებით, არამედ დიალოგის გზით, პოზიციების შეჯერებით.
_ თუ არის განსაზღვრული კონკრეტული თარიღი, რომლისთვისაც პლატფორმაში ჩართული ჯგუფის მიერ შედეგები, რეკომენდაციები უნდა დაიდოს?
_ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს პრინციპები ვადაში გავჭიმოთ. რადგან ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოს არჩევნები, წინ გვაქვს ახალი სასწავლო წელი. ვფიქრობ, სექტემბრისათვის „დრაფტი“ ვარიანტი მაინც უნდა გვქონდეს იმისა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ წლის განმავლობაში. შეიძლება საქმე თავის მოცულობით ერთ კი არა, რამდენიმე წელიწადზეც კი გაიწელოს, მაგრამ ძირითადი ხედვა, მონახაზი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს შემოდგომისთვის უნდა მივაწოდოთ. ბუნებრივია, ამას რეკომენდაციის სახე ექნება და არა სავალდებულო, რადგან ჩვენ არა ვართ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. ეს იქნება რეკომენდაცია ალბათ უფრო სენატისთვის, სადაც სტუდენტები, პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან წარმოდგენილი.

სხვა სტატიები »